ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის მთავრობამ შეთანხმების პირობები არ შეასრულა


სირიამ საერთაშორისო შეთანხმების ვადები დაარღვია. ქვეყნის ხელისუფლებამ გაეროს ინსპექტორებს ქიმიური იარაღის მოლაპარაკებით გათვალისწინებული რაოდენობის მხოლოდ 5 პროცენტი გადასცა. ამერიკის და რუსეთის შუამდგომლობით სირიის მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების კიდევ ერთი ვადა უშედეგოდ ამოიწურა. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ დამასკო არ აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ შეთანხმების პირობები დროულად შესრულდეს. შეერთებული სტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის, განცხადებით, ეს ყოვლად დაუშვებელია.

ბმული

„ჩვენი აზრით, ბაშარ ალ-ასადი ვადებს ბოლომდე არ იცავს. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია თვლის, რომ საქმეში დაწინაურება უფრო სწრაფად შეიძლება, თუმცა სირიის ხელისუფლება აყოვნებს. ყველა ეს შეხედულება აქამდეც არსებობდა. არცერთი მათგანი განსახილველი თემებიდან არ გამოგვირიცხავს“ - აღნიშნავს შეერთებული შტატების საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

შეთანხმებაზე მუშაობა განსაკუთრებით ინტენსიურად გასული წლის აგვისტოში ქიმიური იარაღით განხორციელებული იერიშის შემდეგ დაიწყო. ინციდენტში ასობით ადამიანი დაიღუპა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა, რომ ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მომაკვდინებელი აირის -ზარინის- სულ მცირე, 2 რაკეტა იყო ნასროლი. პრეზიდენტმა ასადმა მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აიღო, თუმცა სექტემბერში მოლაპარაკებებზე დათანხმდა, რომელიც ქიმიური იარაღის არსენალის საერთაშორისო ინსპექტორებისთვის გადაცემას გულისხმობდა.

სირიის პრეზიდენტის მოლაპარაკებებში მონაწილეობას და მისთვის ანგარიშის გაწევას ასადისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - ამბობს ანალიტიკოსი სტივ ჰეიდემანი, ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტიდან.

„მან მეტი მნიშვნელობა და ლეგიტიმურობა შეიძინა. მოულოდნელად იმ ადამიანიდან, რომელზეც პრეზიდენტმა ობამამ თქვა, რომ უნდა წავიდეს, გადაიქცა ლიდერად, რომელთან თანამშრომლობაზე ქიმიური იარაღის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმატება იყო დამოკიდებული“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

გაეროს ანგარიშით, სირიაში გაჭიანურებულ სამოქალაქო ომში 100 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამერიკის ყოფილი ელჩი, ადამ ერელი ამბობს, რომ საბოლოო ჯამში ქიმიური იარაღის გამოყენებამ ბაშარ ალ-ასადის პოზიციები კიდევ უფრო განამტკიცა.

„მას ამ ქმედებისთვის საფასურის გადახდა არ მოუწია. გულახდილად რომ ვთქვა, სირიელი ხალხის და მისი მხარდამჭერების თვალში ასადი ამით კიდევ უფრო ამაღლდა. მან გამოიყენა ხალხი, დახოცა სირიელები და ამაზე პასუხი არ აგო. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ის კიდევ უფრო გაძლიერდა“ - აცხადებს ამერიკის ყოფილი ელჩი და თავის შეხედულებას კიდევ ერთი არგუმენტით ამტკიცებს. პრეზიდენტი ობამა, რომელმაც გადაწყვეტილება სირიაზე სამხედრო იერიშის მიტანის შესახებ მიიღო, პრეზიდენტ ასადთან ქიმიური იარაღის განადგურების შესახებ მოლაპარაკებებზე წავიდა.

თუმცა, ამ გადაწყვეტილებას მეორე მხარეც ჰქონდა - აღნიშნავს ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი ჰილარი მან ლევერეტი. ეს ნაბიჯი ამერიკას შესაძლოა ასადის მომხრე ქვეყანასთან, ირანთან მოლაპარაკებაში დაეხმარა.

„ბევრი ამერიკელისთვის ეს ცუდის მომასწავებელია და სუსტ ქვეყნად წარმოგაჩენს. თუმცა, ირანის კონტექსტში ეს ასე არ არის. ეს აჩვენებს, რომ ამერიკას დიპლომატიის უნარიც შეიძლება ჰქონდეს. შესაძლოა კონფლიქტის მშვიდოებიანი მოგვარების შანსი არსებობდეს. და ისინი ამ შანსზე სწრაფად წამოვიდნენ“ - ამბობს პროფესორი ლევერეტი.

თუმცა, ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ ქიმიური იარაღის შესახებ ხელშეკრულება მისი შესრულების შემთხვევაშიც კი სირიაში მიმდინარე კონფლიქტის და ძალადობის დასრულებას არ მოასწავებს. სტივ ჰეიდემანი ამბობს, რომ ასე ფიქრი დიდი შეცდომა იქნებოდა, ვინაიდან საქმე გვაქვს „ბევრად უფრო დიდი კონფლიქტის დინამიკასთან, რომელიც სირიაში ძალადობას იწვევს“ და რომ ძალადობას და მკვლელობებს ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირები სირიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევას ჯერჯერობით მთლიანად შეთანხმების ფორმალურ ჩაშლად არ მიიჩნევენ. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი პრეზიდენტი ასადისგან ქიმიური იარაღის არსენალის საერთაშორისო ინსპექტორებისთვის გადაცემას მარტის ბოლომდე ელიან.
XS
SM
MD
LG