ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საეჭვო ამანათი ფლორიდის დემოკრატ კონგრესმენსაც გაუგზავნეს


საეჭვო ამანათი კონგრესში ფლორიდის შტატის დემოკრატ წარმომადგენელსაც გაუგზავნეს. პოლიციამ ამანათი წარმომადგენელთა პალატის წევრ დები უასერმენ შულცის ოფისის მისამართზე დააფიქსირა. CNN-ის ცნობით, ოფისი ევაკუირებულია, თუმცა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

ფლორიდის შტატის პოლიცია "ტვიტერზე" ადასტურებს, რომ საეჭვო ამანათი იქნა აღმოჩენილი, თუმცა დამატებითი კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებს და აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანან მეხანძრეები და გამნაღმველები, რომლებიც ტერიტორიაზე შედიან. ამას ადასტურებს პოლიციის დეპარტამენტის პრეს-სპიკერიც. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ამ ამანათში ისეთივე ასაფეთქებელი მოწყობილობები, როგორიც ბოლო ორი დღის განმავლობაში კლინტონების, ბარაკ ობამასა და CNN-ის ოფისში აღმოაჩინეს.

გუშინ გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია ამერიკელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის შესახებაც, რომლის საფოსტო ყუთში ნაპოვნი უცხო ნივთიც, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩნდა.

დემოკრატი ლიდერებისა და ტელეკომპანიის წინააღმდეგ თავდასხმის ბრალდება უკვე დაგმო ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, მისი განცხადება "ტვიტერზე" გაიზიარა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც და არნიშნა, რომ მას "სავსებით ეთანხმება".

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა ამ ფაქტებს საჯარო პირების დაშინების მცდელობა უწოდა და თქვა, რომ ამგვარ ქმედებებზე პასუხიმგებელი პირები აუცილებლად უნდა დაისაჯონ.

"ჩვენ არ შევეგუებით საჯარო პირების ტერორიზების მცდელობას", დაწერა რაიანმა "ტვიტერზე" და მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს, რომლებმაც პოტენციური საფრთხეების აღკვეთა მოახერხეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG