ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სუპერ სამშაბათის" მიმოხილვა ამერიკაში


ამერიკის პრეზიდენტობის მსურველი დემოკრატი და რესპუბლიკელი პოლიტიკოსები დღეს 12 შტატში ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ. საპრეზიდენტო არჩევნების ციკლში, სუპერ სამშაბათად წოდებული წინასწარი არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. საზოგადოებრივი აზრის კვლევების და წინა არჩევნების შედეგების გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ ყველაზე მეტი დელეგატის შეგროვებას რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ჰილარი კლინტონი შეძლებენ.

ვირჯინიაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამართულმა აქციამ ტრამპს მოთმინება დააკარგვინა. “წაიყვანეთ აქედან, დროზე, დროზე გაიყვანეთ,” ასე მიმართავდა ის დაცვის წევრებს და ერთ-ერთი დემონსტრანტი ქალისკენ მიუთითებდა.

ვირჯინია ერთ-ერთი იმ შტატთაგანია, სადაც "სუპერ სამშაბათს" პრაიმერები იმართება. სწორედ აქ მოუწოდა ტრამპმა მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისკენ:

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება, ორი და ოთხი წლის შემდეგ თქვენ ამ დღეს გაიხსენებთ და იტყვით, რომ თავიდანვე აქ იდექით,” უთხრა ტრამპმა შეკრებილ მხარდამჭერებს.

უძრავი ქონების მილიარდერ ბიზნესმენს უკვე რამდენიმე დღეა თავდაცვის პოზიციიდან უწევს საუბარი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მა რასისტული დაჯგუფების კუ კლუქს კლანის ლიდერის დეივიდ დუკისგან გამიჯვნა მოითხოვეს.

ტრამპის მოწინააღმდეგები ამბობენ, რომ დაჯგუფების მხარდამჭერა ტრამპის დისკვალიფიკაციისთვის საკმარისი მიზეზია.

“ამერიკის კონსერვატორულ მოძრაობაში დეივინ დუკის, კუ კლუქს კლანის და სიძულვილის ადგილი არ არის,” განაცხადა რესპუბლიკელმა კანდიდატმა მარკო რუბიომ.

წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ტრამპი სუპერ სამშაბათის ყველა შტატში ლიდერობს, გარდა ტეხასისა, სადაც ტედ კრუზს გულშემატკივრობენ.

“ეს არჩევნები მნიშნელოვანია ჩემთვის, მნიშვნელოვანია ჩემი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის,” ამბობს კრუზი.

დემოკრატი ჰილარი კლინტონის მხარდამჭერებმა მსვლელობა გამართეს ტენესის შტატში, სადაც კლინტონმა მხარდამჭერებს უთხრა: “თუ თქვენ გვერდში დამიდგებით და ხმას მომცემთ, მე დაგიდგებით გვერდში და ვიბრძოლებ თქვენთვის, ვიბრძოლებ საარჩევნო კამპანიის დროს და თეთრ სახლში.”

სამხრეთ კაროლინაში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ კლინტონს აფრო-ამერიკელ ამომრჩევლებში გამარჯვების იმედი აქვს. ამის პარალელურად რამდენიმე შტატში მხარდამჭერების დიდი ჯგუფები ჰყავს ბერნი სანდერს, მათ შორის, კოლორადოს შტატი.

“ცვლილების მიღწევის ერთადერთი გზა მილიონობით ადამიანის ერთად ბრძოლაა,” ამბობს სანდერსი.

"სუპერ სამშაბათის" შედეგად ასობით დელეგატის ვინაობა გაირკვევა, რომლებსაც კანდიდატების ნომინირებაში გადამწყვეტი როლი ექნებათ.

XS
SM
MD
LG