ხვალ, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევში თამაზ თამარაშვილის ცხედარს მიაბარებენ მიწას. 33 წლის ჯარისკაცი, გორში დისლოცირებული მე-5 ქვეითი ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის პირველი კლასის რიგითი იყო.
იგი მშვიდობიან პერიოდში, ჯერჯერობით, დაუდგენელ და გაურკვეველ ვითარებაში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე 4 ოქტომბერს, გარდაიცვალა. მომხდარს სამხედრო პოლიცია იძიებს. რასთან გვაქვს საქმე - თვითმკველობასთან, უბედურ შემთხვევასთან თუ მკვლელობასთან? სანამ ექსპერტიზის შედეგები არ გახდება ცნობილი - თავდაცვის უწყება შეფასების გაკეთებას არ ჩქარობს. მინისტრმა თინა ხიდაშელმა პირობა დადო, რომ გამოძიება „უპრეცედენტო გამჭვირვალობის“ პირობებში წარიმართება.
რიგით თამარაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს. გარდაცვლილის და ნათია თამარაშვილი ამბობს, რომ ძმას ფინანსური ან ფსიქოლოგიური პრობლემები არასოდეს ჰქონია და გარდაცვალების არაოფიციალურ ვერსიას, ეჭვის თვალით უყურებს
„რო ვნახეთ ჯერ ცოცხალი იყოო, სისხლისგან იცლებოდაო, სანამ ჰოსპიტალში მივიყვანეთ, უკვე გარდაიცვალაო. გვითხრეს, ვითომ მძინარე კაცს გაუვარდა იარაღი, მოხვდა მუცლის არეში და სისხლისგან დაიცალა. მე მაგისი მართლა არ მჯერავს.“
გორის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცის დაღუპვა დროში დაემთხვა თავდაცვის სამინისტროს აქტიურ კამპანიას - ჯარში სუიციდის შემთხვევების პრევენციასთან დაკავშირებით. ბოლო სამი წლის მანძილზე, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში თვითმკვლელობის 16 ფაქტი მოხდა. მათ შორის, სამ შემთხვევას, 2015 წლის პირველ 9 თვეში ჰქონდა ადგილი.
თავდაცვის სამინიტროს ოფიციალური პირების განცხადებით, ბოლო წლებში, სუიციდის მიზეზი ჯარში, ხშირად აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება (გემბლინგი) და აქედან დაგროვილი ვალებია. მაგალითად შარშან, ერთ-ერთმა წვევამდელმა თავი ტოტალიზატორ „აჭარაბეთის“ შენობასთან მოიკლა. იგივე განმეორდა წელსაც, როცა ვალის გამო ჯარისკაცმა იარაღი დაიხალა. ამის შემდეგ, შეიარაღებული ძალების სამხედროებს აზარტული თამაშები საერთოდ აეკრძალათ.
ამასთან იყო შემთხვევები, როცა ჯარისკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით, მეთაურის მხრიდან, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, დაასრულა. 2012 წლის ივლისში, ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს, იმავე, გორის სამხედრო ბაზაზე, 19 წლის წვევამდელმა კობა მახარაშვილმა მოიკლა თავი, რის გამოც სერჟანტი თენგიზ გელაშვილი ციხეში 14 წლით გაუშვეს.
თუმცა, ეს საქმე გამონაკლისი იყო. როგორც წესი, სამხედრო პოლიცია მსგავსს შემთხვევებს, თვითმკველობამდე მიყვანის კვალიფიკაციას აძლევს და სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს. გარდაცვილილი ჯარიკაცების ოჯახების ნაწილი ამ კვალიფიკაციას არ იზიარებს და გამოძიებას ტენდენციურობაში სდებს ბრალს.
წინა წლებში დაღუპული წვევამდელების-21 წლის ჯაბა გაბიტაშვილის, 18 წლის დავით ბოლოთაურის და 22 წლის გივი კირკიტაძის ოჯახები, დღემდე დარწმუნებულები არიან, რომ მათ შვილებს თავი არ მოუკლავთ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, ფსიქიატრი გუგა სიხარულიძე ამბობს, რომ სამინისტროს ახალი კამპანიის - „მხარ და მხარის“ მიზანია, ჯარისკაცს მანამდე დაეხმარონ, ვიდრე, ის საბედისწერო გადაწყვეტილებას მიიღებს.
„სუიციდი ყველა განვითარებული ქვეყნის პრობლემაა, როგორც სამოქალაქო სექტორში, ისე შეიარაღებულ ძალებში. ჩვენი მიზანია თითოეულ ჯარისკაცზე ზრუნვა, ფსიქოგანათლების შეტანა ჯარში, ჩვენს სამეთაურო რგოლში, სერჟანტების და ოფიცრების დონეზე, რათა მათ, თითოეული ჯარისკაცის პრობლემის უკეთესად ამოცნობა შეძლონ და დახმარება დროზე გაუწიონ.“
ბოლო 25 წლის მანძილზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მხრებზე გადაიარა სამმა დიდმა ომმა (სამაჩაბლო 1990-91, აფხაზეთი 1992-93, სამაჩაბლო 2008), სამოქალაქო დარისპირებამ (თბილისი 1991-92, სამეგრელო 1992) და ოთხმა სამშვიდობო მისიამ (კოსოვო 1999-2008, ერაყი 2003-2008, ავღანეთი 2004-დღემდე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 2014-დღემდე). სტრესი, დეპრესია, პოსტ-ტრავმული აშლილობა, გემბლინგი - 37 ათასიან ჯარში სუიციდის გამომწვევი მთავარი მიზეზებია.
საქართველოს არმიაში სუიციდის ზუსტი სტატისტიკა სამწუხაროდ არ არსებობს. ცნობილია, რომ 1997-დან 2002 წლამდე, ჯამში 54-მა ჯარისკაცმა მოიკლა თავი, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 2000 წელს იყო, როცა 16 სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ 2003-2012 წლების მონაცემები ნაკლებად სარწმუნოა, რადგან ჯარში სტატისტიკის გაყალბება ხდებოდა.
შედარებისთვის, 2008 წლიდან - 2015 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით, მთლიანად საქართველოში - 1793 სუიციდის შემთხვევა მოხდა. ბოლო 25 წლის მანძილზე კი თვითმკვლელობების რიცხვი 8000-ს აღემატება.
სუიციდის შემთხვევები ქართულ ჯარში (2012-2015)
2012
12 ივლისი - გორის 5-ე ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის რიგითი, 19 წლის კობა მახარაშვილი
21 აგვისტო - მცხეთის სამხედრო ბაზა. 21 წლის რიგითი ჯაბა გაბიტაშვილი
1 დეკემბერი - 1 ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის რიგითი ჯამბულატ ბლიაძე
2013
15 მარტი - მცხეთის სამხედრო ბაზა, რიგითი 25 წლის ფერაძე
20 აგვისტო - ალექსეევკას საავიაციო ბაზა, უზრუნველყოფის ბატალიონის რიგითი გიორგი მებონია
25 მაისი - სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის რიგითი, 32 წლის მამუკა გეგეჭკორი
25 სექტემბერი - თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის რიგითი არკადი იმერლიშვილი
2014
3 სექტემბერი - ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების სკოლა, რიგითი 20 წლის გიორგი ასანიძე
2 ოქტომბერი - კრწანისის სასწავლო ცენტრი, პროცესების მხარადჭერის ასეულის რიგითი, 18 წლის დავით ბოლოთაური
22 დეკემბერი - რიგითი 20 წლის ნიკოლოზ უგულავა
28 დეკემბერი - 4-ე ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონის რიგითი, 20 წლის დათო გელაშვილი
2015
10 ივნისი - კრწანისის სასწავლო ცენტრი, 1 ქვეითი ბრიგადის რიგითი, 22 წლის გივი კირკიტაძე
20 ივნისი - 18 წლის რიგითი რატი შამათავა
1 სექტემბერი - ნორიოს საწვრთნელი ბაზა, 1 ქვეითი ბრიგადის რიგითი, 23 წლის ტარიელ ფანჩულიძე