ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა გასული წლის სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. პროექტის ფარგლებში საქართველოში 1, 250 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, უმეტესად ძალადობა ხდება ბავშვებზე მშობლების მხრიდან. საქართველოში ბოლო 2-3 თვის განმავლობაში უკვე რამდენიმე ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, ერთი შემთვევა ბავშვის დაღუპვითაც დასრულდა. ასევე , კვლევის შედეგების თანახმად, ხშირია საქართველოში მამაკაცის ძალადობა მეუღლეზე.
საქართველოში 90-ან წლებში გაჩნდა ქუჩის ბავშვების პრობლემა, ძალიან დიდი რაოდენობის ბავშვები აღმოჩნდნენ ქუჩაში. სწორედ მაშინ თბილისში საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით ბავშვთა უფლებების დაცვისთვის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია დაფუძნდა. თბილისში, დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე ბავშვებისთვის გაიხსნა დღის ცენტრი ”ცისარტყელა”. ცენტრის დირექტორის თინა კიკალიშვილის თქმით, ცენტრი არის დაწესებულება იმ ბავშვებისთვის, რომლებიც მრავალმხრივ დახმარებას საჭიროებენ :
” არიან ბავშვები, რომლებიც დღე და ღამე ქუჩაში ცხოვრობენ. არის კატეგორია ბავშვების, რომელიც სახლში ათენებს რამეს, მაგრამ დღის დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებს. ზოგი არის სეზონურად წამოსული, ზამთარში ბრუნდება სახლში, ზაფხულში კი ქუჩაშია დღე და ღამე.
ძალიან მრავალმხრივ მუშაობას ვეწევით. როდესაც გავაკეთეთ პირველი აღრიცხვა და დაკვირვება ამ ქუჩაში გამოსულ ბავშვებზე, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ბავშვი იყო იმერეთიდან, ზემო იმერეთიდან, იცით თქვენ იქ რა სიტუაცია იყო. ამიტომ ჩვენ მერე დავაფუძნეთ ცენტრი ჭიათურაში. ეს იყო პრევენციული ცენტრი, რაც ნიშნავს, რომ იქ იყვნენ ბავშვები ძალიან გაჭირვებული ოჯახებიდან (150 ბავშვი), რომლებიც დაკავდნენ. ასეთივე ცენტრი გვაქვს რუსთავში..”.
ბოლო 2 წელი ბავშვთა ცენტრები სახელმწიფო დაფინანსებაზე გადავიდნენ.
2010 წლის ნოემბერში უკიდურესად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ბავშვებისთვის დღის ცენტრები მარნეულში, წყალტუბოში და ლანჩხუთში გაიხსნა.