ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტენტი: აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საქარველოსთან სამხედრო ჩართულობას აახლებს


ანჯელა სტენტი ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რუსეთთან ურთიერთობის ერთ წელს აჯამებს.

სტენტი ჯორჯთაუნის უნივერსტეტის ევრაზიის, რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი და ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარია. 2004-2006 წლებში ის ეროვნული დაზვერვის საბჭოში რუსეთის და ევრაზიის მიმართულებით ეროვნული დაზვერვის ოფიცერი იყო, 2008-2012 წლებში კი ამერიკის ევროპული სარდლობის მეთაურის მრჩეველთა საბჭოს წევრის თანამდებობა ეკავა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინუგურაციიდან ერთი წელი გავიდა. როგორ ფიქრობთ, ამ პერიოდში, რუსეთის მიმართ ადმინისტრაციის პოლიტიკა შეიცვალა?

ვფიქრობ, რუსეთთან ურთიერთობა გაუარესდა და ამის ძირითადი მიზეზი რუსეთის მხრიდან ამერიკის არჩევნებში ჩარევის და ტრამპის კამპანიასთან გარიგების გამოძიებაა. პრეზიდენტმა ტრამპმა წელი დაიწყო დაპირებით, რომ ის რუსეთთან შეთანხმებას მიაღწევდა. მას სურდა რუსეთთან პროაქტიური პოლიტიკა ეწარმოებინა. იმაზეც კი იყო საუბარი, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ერთპიროვნულად გააუქმებდა. ეს სანქციები რუსეთს ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა. თუმცა მიმდინარე გამოძიებამ მას ხელი შეუშალა.

ამ წლის განმავლობაში ამერიკამ სან-ფრანცისკოში რუსეთის საკონსულო დახურა, რუსეთმა საპასუხოდ ამერიკის დიპლომატიური მისიის 755 თანამშრომელი გაათავისუფლა. ასევე, კონგრესმა სანქციების ახალი პაკეტი მიიღო რუსეთის წინააღდეგ, რომლითაც პრეზიდენტს აღარ აქვს უფლება ერთპიროვნულად გააუქმოს სანქციები.

თუმცა, ვფიქრობ, პრეზიდენტს ტრამპს - შესაძლებლობის შემთხვევაში - სურს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება.

ამერიკის ნაბიჯების საპასუხოდ, რუსებმა შეცვალეს ქცევა და პოლიტიკა?

მათ ჩვენი დიპლომატიური მისიის თანამშრომლები გააძევეს ქვეყნიდან. პრეზიდენტი პუტინი ამერიკას „მავნე“ ქმედებებში ადანაშაულებს, თუმცა პირადად პრეზიდენტ ტრამპს არ აკრიტიკებს. პუტინი იტოვებს სივრცეს პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

ამ დროს, ვაშინგტონი ამბობს, რომ რუსები არ იცავენ საშუალო-რადიუსის ბირთვული რაკეტების შესახებ შეთანხმებას. რუსები, თავის მხრივ, ამერიკას სდებენ ბრალს იარაღის კონტროლის თაობაზე არსებული საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევაში. რუსეთი არ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გვაფიქრებინებდა, რომ ისინი საკუთარ ქმედებებს ცვლიან. თან, როგორც ვიცით, კიბერ-ჩარევა ისევ გრძელდება.

როდესაც რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე და კრემლთან საერთო ენის გამონახვაზეა საუბარი, რამდენად შესაძლებელია ამ მიზნის მიღწევა ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების კვალდაკვალ? ტოვებს ეს მოლაპარაკებებისთვის სივრცეს?

ვიცე-პრეზიდენტი პენსი, თავდაცვის მდივანი მატისი, სახელმწიფო მდივანი, ტილერსონი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი რუსეთის მიმართ მტკიცე პოლიტიკას ემხრობიან
ანჯელა სტენტი

​არის საკითხები, რომელზეც რუსეთთან თანამშრომლობა მოგვიწევს. მაგალითად, სირიაში საჭიროა ჩვენი საჰაერო-მისიების კოორდინირება, რომ თურქეთის შემთხვევის გამეორება ავიცილოთ თავიან, როდესაც მათ რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

ორივე ქვეყნის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ერთმანეთს ელაპარაკება და კომუნიკაცია აქვთ. ასევე, გაიმართა რამდენიმე მოლაპარაკება სტრატეგიული სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. სპეციალური წარმომადგენელი, კურტ ვოლკერი პასუხისმგებელია უკრაინაში სიტუაციის გაუმჯობესებაზე. ჩვენ გვაქვს ამერიკა-რუსეთის არხი, უკრაინის მონაწილეობით, და ვცდილობთ მინსკის შეთანხმების შესრულების მიღწევს. ეს ის სფეროები, სადაც ვთანამშრომლობთ.

თუმცა, რთული სათქმელია, რამდენად გადაინაცვლებს ეს უფრო მაღალ დონეზე ამერიკაში რუსეთთან დაკავშირებული გამოძიების ფონზე.

ამერიკამ საქართველოსთვის ჯაველინის ტიპის ანტი-სატანკო რაკეტების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. აქვე, ჩვენ ვიხილეთ სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის მკაცრი განცხადება საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის თაობაზე და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი. ეს ნაბიჯები ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის დემონსტრირებაა?

სახელმწიფო დეპარტამენტი ხელს უწყობს საქართველოში რეფორმის პროცესს. ვფიქრობ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ეს ჩართულობა ნახლდება.
ანჯელა სტენტი

ვიცე-პრეზიდენტი პენსი, თავდაცვის მდივანი მატისი, სახელმწიფო მდივანი, ტილერსონი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი რუსეთის მიმართ მტკიცე პოლიტიკას ემხრობიან და ამიტომ სჯერათ, რომ საჭიროა დაეხმარონ ისეთ ქვეყნებს როგორიც საქართველოა. შესაძლოა სწორედ ამიტომ ვხედავ ამერიკის განახლებულ სამხედრო დახმარებას საქართველოსთვის. თუმცა, ამერიკის დახმარება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. სახელმწიფო დეპარტამენტი ხელს უწყობს საქართველოში რეფორმის პროცესს. ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ეს ჩართულობა განახლების ეტაპზეა.

როგორ ფიქრობთ, არის რაიმე ნიშანი იმის, რომ ნატოს გაფართოების საკითხი დღის წესრიგში დაბრუნდეს?

ამ დროისთვის ეს ნაკლებად მოსალოდნელია. სახელმწიფო მდივანმა ტილერსონმა თქვა, რომ საჭიროა რუსეთის შეკავება, როდესაც ის ამერიკის ან ჩვენი მოკავშირეების ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ამერიკა განაგრძობს საქართველოს დახმარებას რეფორმების განხორციელების პროცესში. ამასთან, ნატოს საქართველოსთან მრავალმხრივი ურთიერთობა აქვს. ნატოს გაფართოებას და უკრაინის და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას 2008 წელს ფრანგები და გერმანელები შეეწინააღმდეგნენ. მათ პოზიციაში რაიმე ცვლილებას ჯერ ვერ ვხედავ.

ტრამპის ადმინისტრაციის რუსეთთან ურთიერთობას ყველა ყურადღებით აკვირდება. როდესაც პრეზიდენტის საქმიანობაზე ვსაუბრობთ, საინტერესოა, რა მემკვიდრეობა დაუტოვა ბარაკ ობამამ ტრამპს მოსკოვთან ურთიერთობის კუთხით?

რუსეთთან ურთიერთობის კუთხით, ობამას ადმინისტრაციამ ტრამპს ცუდი მემკვიდრეობა დაუტოვა. ობამამ პირველი საპრეზიდენტო ვადა რუსეთთან „გადატვირთვის პოლიტიკით“ დაიწყო. ამ დროს რუსეთის სათავეში დმიტრი მედვედევი იყო. ერთი შეხედვით ჩანდა, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. ვლადიმირ პუტინის კრემლში დაბრუნებასთან ერთად ურთიერთობა გაუარესდა. ურთიერთობების გაუარესება სირიის კონფლიქტის პირველი ფაზიდან დაიწყო, შემდეგ იყო ედუარდ სნოუდენი, უკრაინა, სირიის კონფლიქტში რუსეთის სამხედრო მონაწილეობა და ბოლოს, კიბერ-ჩარევა ამერიკის არჩევნებში.

ასე რომ, ტრამპის ადმინისტრაციამ ნეგატიური მემკვიდრეობა მიიღო გაწყვეტილი კავშირებით. სიტუაციაა ამის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა და ამის მიზეზი ტრამპის საარჩევნო კამპანიის რუსეთთან სავარაუდო კავშირების გამოძიება გახდა. ამან ტრამპის ადმინისტრაცია შეზღუდა რუსეთთან პროაქტიური პოლიტიკის წარმოებაში.

რუსეთის ჩარევაზე მიმდინარე გამოძიებამ ტრამპის ადმინისტრაციას შეუზღუდა შესაძლებლობა ეწარმოებინა პროაქტიული პოლიტიკა რუსეთთან
ანჯელა სტენტი

თქვენ ხშირად საუბრობთ რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობის ლიმიტებზე. თქვენს წიგნშიც ამას განიხილავთ. როგორ ფიქრობთ, რა სად გადის ამ ლიმიტის ზღვარი?

ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ რუსეთთან იქ, სადაც საერთო ინტერესი გვაქვს.

ამერიკამ რუსეთთან გარკვეული სამხედრო თანამშრომლობა უნდა აღადგინოს, რაც უკრაინის კრიზისის მერე გაწყდა.

საჭიროა საბაზისო ურთიერთობების შენარჩუნება და რუსეთთან რეგულარული კავშირი. თუმცა, ასევე საჭიროა ყველაფერი გავაკეთოთ რუსეთის შესაკავებლად იქ, სადაც ისინი ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ მუშაობენ.

ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია იმაზე, თუ მოქმედების რა კურსი ექნება რუსეთს 2018 წელს, როგორ ჩაივლის არჩევნები და შეიცვლება თუ არა მათი დამოკიდებულება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG