„კაპიტნის და ეკიპაჟის წევრების საქციელის გაგება, საღი აზრის პოზიციიდან შეუძლებელია. ეს იყო მკვლელობის მსგავსი, რის შეწყნარებაც შეუძლებელია და არც უნდა იყოს შეწყნარებული. ავარიის შემდეგ, ჯინდო სანაოსნო სამსახურის მიერ გაცემული ევაკუაციის ბრძანება კაპიტანმა დაუყოვნებლივ არ შეასრულა და მგზავრებს ეუბნებოდა ადგილებზე დარჩენილიყვნენ. კაპიტანმა და ეკიპაჟის ზოგიერთმა წევრმა მგზავრები მიატოვეს და პირველებმა უშველეს თავს. იურიდიულადაც და ეთიკის თვალსაზრისითაც ეს წარმოუდგენელია.“
კაპიტანი, მისი მესამე თანაშემწე და ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი შაბათს დააპატიმრეს. მათ ბორნის ჩაძირვის დროს მგზავრების მიტოვება ედებათ ბრალად.
პროკურორებმა დღეს თქვეს, რომ ეკიპაჟის კიდევ ოთხი წევრი დააკავეს. ორ პირველ თანაშემწეს, ერთ მეორე თანაშემწეს და მემანქანეს, მგზავრებისთვის დაცვის არ აღმოჩენა ედებათ ბრალად.
მყვინთავებმა ჩაძირული ხომალდიდან 60-ზე მეტი ცხედარი ამოიტანეს. ხელისუფლება გამოძიებას აფართოებს და უკვე გამოაქვეყნა ჩანაწერები, სადაც აღწერილია ის დაბნეულობა, რაც ხომალდის გადაბრუნებისა და ჩაძირვის დროს სუფევდა. ორას ადამიანზე მეტს ჯერ კიდევ ეძებენ. მსხვერპლთა უმრავლესობა სკოლის მოსწავლე იყო.
მაშველებმა 174 ადამიანი გადაარჩინეს.
მსხვერპლთა მოსახსენებელი პანაშვიდი ოთხშაბათს, სამხრეთ კორეის ქალაქ ანსანშია დაგეგმილი. ხომალდზე მყოფ მოსწავლეთა უმრავლესობა ამ ქალაქიდან იყო.