ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული მაუწყებელი კრიტიკის ქარცეცხლში


სპორტული სიახლეების ვებგვერდმა „დედსპინმა“ ვიდეო გაავრცელა, სადაც სხვადასხვა ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტები ერთი და იმავე ტექსტს კითხულობენ „ცრუ ინფორმაციის“ და მიკერძოებული რეპორტაჟების წინააღმდეგ. ეს 45 ტელეარხი, რომელიც რეგიონალურ და ადგილობრივ მაუწყებლებს მოიცავს „Sinclaire Broadcasting”-ის ჯგუფში შედის. ვიდეო სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა და ის ამ დრომდე 8 მილიონმა ადამიანმა ნახა.

ჟურნალისტები საკუთარ მიმართვაში სხვა მაუწყებლების და მედიის წარმომადგენლებს მიკერძოებულობასა და თემების ცალმხრივ გაშუქებაში სდებენ ბრალს. „უპასუხისმგებლო, ცალმხრივი გაშუქების ტენდენცია ქვეყანას აზარალებს“, - ნათქვამი იყო მიმართვაში. ამერიკის მედია კონგლომერატმა “Sinclaire Broadcasting” საკუთარ ტელეწამყვანებს საერთო ტექსტის წაკითხვა დაავალა.

ვიდეოს გავცელების შემდეგ მედია კონგლომერატი პრეზიდენტმა ტრამპმა „ტვიტერში“ დაიცვა.

„სასაცილოა, როდესაც ხედავ, რომ ყალბი საინფორმაციო არხები, ყველაზე მატყუარა ადამიანთა ჯგუფები რომელთანაც მე შეხება მქონია, აკრიტიკებენ "სინკლეარის" მაუწყებლობას მიკერძოებულობის გამო. "სინკლეარი" CNN-სა და კიდევ უფრო ყალბ სასაცილო NBC-ზე ბევრად უკეთესია“, - დაწერა ტრამპმა.

მედია კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა გავრცელებულ ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ ისინი მიმართვაში საკუთარ აუდიტორიას მიმართავდნენ, რომ ყოველთვის მოითხოვონ ანგარიშვალდებულება ჟურნალისტებისგან.

„ირონიულია, რომ ჩვენზე ხდება თავდასხმა იმ მესიჯის გამო, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს ჟურნალისტურ ინიციატივას სამართლიანი და ობიექტური მაუწყებლობის შესახებ“, - თქვა მან.

თუმცა მედია კრიტიკის ქვეშ პრეზიდენტი ტრამპის მესიჯების გახმოვანების გამო მოექცა. პრეზიდენტი ტრამპი ხშირად დებს ბრალს წამყვან მედია საშუალებებს, რომ ისინი „სიცრუეს“ ავრცელებენ და მათი ნდობა არ შეიძლება.

„რაც მათ წაიკითხეს არაფერს ნიშნავს. რომ შევაჯამოთ მათ თქვეს „ჩვენ არ მოგვწონს ყალბი ახალი ამბები, თქვენც არ მოგწონთ, მოდი ნუ გავავრცელებთ ცრუ ინფორმაციას... თუმცა პრობლემა ისაა, რომ როდესაც ახალი ამბების წამყვანები მსგავს რამეს კითხულობენ, რაც კომპანიისგან მოდის, არის არა ჟურნალისტიკა, არამედ პოზიცია, და ქრება ზღვარი. სიახლეს მაწოდებენ, თუ საკუთარ მოსაზღებას? ეს კომენტარია, სარედაქიცო პოზიცია, თუ რა არის ეს?“, - ამბობს ალ ტომპლკინსი, „პოინტერის ინსტიტუტიდან“.

მიუხედავად კრიტიკისა, "სინკლეარის" მაუწყებლობა გაფართოებას გეგმავს. კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ და იუსტიციის დეპარტამენტმა მას 3.9 მილიარდის ღირებულების შეძენის გეგმა უნდა დაუმტკიცოს.

„რეგულაციები... "სინკლეარს" უფრო მეტი მაუწყებლის შეძენის საშუალებას აძლევს. ის იყენებს კანონის დადგენილებას იმისთვის, რომ მოახერხოს ამერიკაში კიდევ ერთი მოზრდილი მაუწყებელი კომპანიის -„ტრიბუნ ბროდქასთინგის“ შესყიდვა“, - ამბობს ანდრე შვარცმანი ჯოჯრთაუნის უნივესიტეტიდან.

შედეგად, შვარცმანის თქმით, "სინკლეარს" ამერიკული ტელემაყურებლის 40 პროცენტზე ექნება წვდომა, და საკუთარი ტელესადგურებით ქვეყნის 70 პროცენტს დაფარავს.

დღევანდელი მონაცემებით, "სინკლეარი" ამერიკაში 190-ზე მეტ სატეევიზიო არხს ფლობს. დამატებითი მაუწყებლების შეძენის შემთხვევაში ეს რაოდენობა 233-მდე გაიზრდება.

"სინკლეარის" სამაუწყებლო ჯგუფი მერილენდში დაფუძნებული კომპანიაა და მას კომპანიის დამაარსებლის ჯულიან სინკლეარ სმიტის ოჯახი აკონტროლებს. ის კრიტიკის ცეცხლში ახალი ამბების კონსერვატიული კუთხით გაშუქებისთვის რამდენჯერმე მოექცა. მას ასევე პრეზიდენტი ტრამპისადმი პოზიტიური დამოკიდებულების და მისი რიტორიკის გამეორების გამო აკრიტიკებენ. პრეზიდენტი ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიისას და პრეზიდენტად არჩევის შემდეგ წამყვან მედია გამოცემებს, როგორიცაა CNN-ი ხშირად აკრიტიკებს, მათ ყალბ მედიად მოიხსენიებს და მათ მიერ პრეზიდენტის გაშუქებას მიკერძოებულად მიიჩნევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG