ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავრობის დახურვა 17 წლის წინ და დღეს


შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობის შეზღუდვა პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის პერიოდში 28 დღე გაგრძელდა

წარსულში მთავრობის ნაწილობრივი დახურვა პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს მცირე ინტერვალით ორჯერ მოხდა, 1995 წლის ბოლოს და 1996 წლის დასაწყისში. 95 წელში 14 ნოემბრიდან 19 ნოემბრამდე გაგრძელდა, სულ 5 დღე. 1996 წელს კი 16 დეკემბრიდან 6 იანვრამდე. ჯამში 28 დღით მთავრობის ბევრი სამსახური გაუქმებული და ნაწილი შეზღუდული უფლებამოსილებებით მუშაობდა.

ამ ორ მოვლენას შორის ძალიან ბევრი პარალელის გაკეთება შეიძლება. მაშინაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლი იყო და კონგრესს კი რესპუბლიკური პარტია აკონტროლებდა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაშინ რესპუბლიკელი კონგრესმენი ნიუტ გინგრიჩი იყო, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელთა ერთ-ერთი წამყვანი საპრეზიდენტო კანდიდატი.

17 წლის წინაც მთავარი განხეთქილება ბიუჯეტში ჯანდაცვის პროგრამის, კერძოდ, მედიქეარის სუბსიდირების თემაზე მოხდა. კლინტონმა უარი თქვა რესპუბლიკელების შეთავაზებაზე შეემცირებინა მედიქეარის ბიუჯეტი, საგანმანათლებლო და გარემოს დაცვის პროგრამები. გინგრიჩმა სცადა პრეზიდენტი საბიუჯეტო ვალის ზედა ზღვრის გაზრდაზე უარის თქმით შეეშინებინა, თუმცა ვერ შეძლო.

იმის მიუხედავად, რომ მთავრობის 28-დღიანი დახურვით ქვეყანამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი ნახა, ბიუჯეტი მოგვიანებით დაბალანსდა და ამერიკის ეკონომიკისთვის ბევრი ექსპერტის შეფასებით, ოქროს ხანა დადგა. რაც შეეხება საზოგადოებრივ გამოკითხვებს, კლინტონის რეიტინგი მთავრობის დახურვის პერიოდში სწრაფად დავარდა, მაგრამ ძალიან მალე ისე გაიზარდა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდის ყველაზე მაღალ ნიშნულსაც კი გადააჭარბა. იმავე წლის ნოემბერში ბილ კლინტონი შეერთებული შტატების პრეზიდენტად ხელმეორედ აირჩიეს. ამის საპირისპიროდ, ნიუტ გინგრიჩის რეიტინგები იმდენად დაეცა, რომ მოგვიანებით, კონგრესმენმა თავად განაცხადა, რომ ეს იყო მისი ერთადერთი შეცდომა, როგორც სპიკერის, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო.

რა ხდება დღეს შეერთებულ შტატებში:
ექსპერტების შეფასებით, ამერიკის მთავრობის მხოლოდ ერთი კვირით ფუნქციონირების შეზღუდვა, წინასწარი მონაცემებით, მილიარდამდე დოლარის ზარალის მომტანი იქნება. დღევანდელი სიტუაციის საილუსტრაციოდ მხოლოდ რამდენიმე ფაქტიც საკმარისია:

  • დაახლოებით 800 ათასი საჯარო მოხელე უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. მათ დიდ ნაწილს თავდაცვის დეპარტამენტის სამოქალაქო პირები შეადგენენ.
  • მილიონ 400 ათასი სამხედრო მოსამსახურე მუშაობას აგრძელებს, თუმცა მათ ხელფასი გაურკვეველი ვადით დაუგვიანდებათ.
  • მუშაობა შეწყვიტა ნასამ - ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსის ადმინისტრაციამ. მისი მხოლოდ ის ნაწილი აგრძელებს სამსახურს, რომელსაც მოქმედი მისიების კონტროლი და მომსახურება ევალება.
  • სასამართლოები, სამართალდამცავები და სხვა საგანგებო სამსახურები მუშაობას აგრძელებენ.
  • ვეტერანთა სამსახურებიც ფუნქციონირებას აგრძელებენ, რადგან ისინი წინასწარ დაფინანსებული არიან, მაგრამ მათ შესაძლოა ფონდები მალე ამოეწუროთ
  • დაიხურა ეროვნული პარკების, მემორიალების და მუზეუმების უმეტესი ნაწილი
  • მუშაობას აგრძელებს უსაფრთხოების სამსახურები და ფოსტა
  • მთავრობის ნაწილობრივი დახურვის მიუხედავად, დღეს ამერიკაში საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის კანონი ძალაში შედის

იმის მიუხედავად, რომ ახლა მთელი ყურადღება მთავრობის ნაწილობრივ დახურვაზე მახვილდება, ექსპერტების შეფასებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების ვალის ზედა ზღვრის გაზრდის გადაწყვეტილებაც, რომელიც კონგრესმა უნდა მიიღოს. დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს შორის ამ საკითხზეც დიდი დაპირისპირებაა. საბოლოო გადაწყვეტილება კი 17 ოქტომბრამდე უნდა იქნეს მიღებული.
XS
SM
MD
LG