შიდა ქართლში ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მოქალაქეთა უკანონო დაკავებებს რუსი მესაზღვრეების მიერ კვლავ ინტენსიური ხასიათი აქვს. გუშინ სოფელ ფლავისმანიდან გატაცებული ადგილობრივი მკვიდრი თამაზ ილურიძე დღეს გაათავისუფლეს. მან დე–ფაქტო ადმინისტრაციის სასარგებლოდ ჯარიმა 2000 რუსული რუბლის ოდენობით გადაიხადა. თამაზ ილურიძის განთავისუფლების მოთხოვნით საზოგადოებრივი მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საპროტესტო აქციას მართავდა. ისინი იმყოფებოდნენ როგორც რუსეთ–საქართველოს დამაკავშირებელ საგზაო მაგისტრალზე, ისე რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან.
დავით ქაცარავა, საპროტესტო მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მათ მიერ განხორციელებული აქტივობები შედეგიანია, რადგან ამჯერად მოქალაქეებს გაცილებით მოკლე ვადაში ათავისუფლებენ ცხინვალიდან. „ჩვენი აქციები, მოქალაქეებისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევა, ვფიქრობ, შედეგიანია, რადგან უკვე მესამე შემთხვევაა, რაც ცხინვალიდან 24 საათის განმავლობაში აბრუნებენ გატაცებულ ადამიანებს“,– გვეუბნება ქაცარავა.
„ძალა ერთობაშია“ პოსტერებისა და მოწოდებების გარდა უფრო ქმედით აქტივობასაც ახორციელებს. ორგანიზაციის წევრები გუშინ ჟინვალის წყალსაცავთან რუსული ნომრებით მოძრავ ავტომანქანებს აჩერებდნენ, აფერხებდნენ მათ გადაადგილებას და ამავდროულად მგზავრებს აწვდიდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ კანონდარღვევით მოქმედებენ რუსი მესაზღვრეები კონფლიქტის ზონაში. ქაცარავა ჩვენთან საუბრისას თამაზ ილურიძის დაკავების დეტალების შესახებ საუბრობს: „რუსი ოკუპანტები გადმოვიდნენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, დაახლოებით 300–400 მეტრის სიღრმეში. მოქალაქემ გაუწია წინააღმდეგობა. მან მოიხმო შორიახლოს მყოფი თანასოფლელები.
ამის შემდგომ ოკუპანტებმა დამატებითი ძალა გამოიძახეს. მოვიდა რამდენიმე მანქანა, რამდენიმე ათეული რუსი ჯარისკაცი გადმოვიდა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და იარაღის მუქარით წაართვეს თანასოფლელებს ილურიძე. ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით იქ და საკუთარი თვალით ვნახეთ ეს ადგილი“.
ჯარიმის გადახდა ცხინვალის ციხეში მოხვედრილ საქართველოს მოქალაქეებს ყველა შემთხვევაში უწევთ. დე–ფაქტო ადმინისტრაცია მათ სოციალურ მდგომარეობას არ ითვალისწინებს. როგორც ამერიკის ხმამ გაარკვია, გუშინ დაკავებული და დღეს გათავისუფლებული თამაზ ილურიძის ოჯახი ადრე სოციალური შემწეობით სარგებლობდა, ახლა კი მას ამ პროგრამაზე წვდომა შეჩერებული აქვს, რაც საკმაოდ მძიმე ფინანსურ ვითარებაში ამყოფებს მის ოჯახს.
ამერიკის ხმამ ანალოგიური მდგომარეობა დააფიქსირა ორიოდე კვირის წინ სოფელ აძვში დაკავებული ელდარ გუნდიშვილის შემთხვევაშიც, რომლის ოჯახში სტუმრობის დროს ცხადად ჩანდა სოციალური ფონის სიმძიმე. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ ელდარ გუნდიშვილის მიმართაც შეაჩერა სოციალური შემწეობის პროგრამა, რის თაობაზეც მან მედიის საშუალებით გვთხოვა ინფორმაციის გაჟღერება.
სიახლე, რასაც ძალა ერთობაში სთავაზობს მოქალაქეებს, მათ მიერ ორგანიზებული ცხელი ხაზია, რომელზე დარეკვის შემთხვევაშიც, ისინი ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებულ მოქალაქეებს დახმარებას და მათი საქმის გახმაურების მიზნით, საპროტესტო აქციების გამართვას სთავაზობენ. „ძალა ერთობაშია“ ამგვარი ფორმით ცდილობს მოქალაქეების ყურადღების მიპრყობას უკანონო დაკავების ფაქტებზე.
ამასობაში კი რუსეთის მიერ ასევე ოკუპირებულ ყირიმში „საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი“ იმართება. ოსური საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ ფორუმში მონაწილეობას იღებს ევროპის, აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის 70 ქვეყნის 3000 წარმომადგენელზე მეტი. მათ შორის გერმანული ბუნდესტაგის დეპუტატი მარკუს ფრონმაიერი და ავსტრიის ქალაქ ლინცის ვიცე–მერი დეტლეფ ვიმერი. ფორუმი დღეს გაიხსნა და 21 აპრილამდე გასტანს.
დღესვე იქ სიტყვით დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი გამოვიდა. იალტაში ის სირიის ეკონომიკის მინისტრს სამერ ალ–ხალილემს შეხვდა, რომლის წინაშეც გამოხატა სოლიდარობა „დასავლეთის ქვეყნების მიერ ჩადენილი აგრესიისა და ტერორიზმის“ გამო და ამასთან ერთად, დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში ბაშარ ასადი მოიპატიჟა.
Facebook Forum