სენატის დაზვერვის კომიტეტმა სამშაბათს იმ საჭირო ნაბიჯების სია წარმოადგინა, რომელიც უნდა გადაიდგას კონგრესის, პრეზიდენტ ტრამპისა და სოციალური მედიის კომპანიების მხრიდან. ეს ნაბიჯები იმისათვისაა საჭირო, რომ რუსულმა დეზინფორმაციამ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა არ მოახდინოს.
ორპარტიულ ანგარიშში ნათქვამია, რომ კონგრესმა უნდა შეიმუშაოს კანონმდებლობა, რომელიც სოციალურ მედიაში პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობას გაზრდის. ანგარიშის ავტორები ასევე მოუწოდებენ სოციალური მედიის კომპანიებს, რომ მათ მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ და მომხმარებლებს დეზინფორმაციის საფრთხის შესახებ კიდევ ერთხელ აცნობონ. ეს კი მას შემდეგ, რაც 2016 წელს რუსმა აქტორებმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე უკვე მიიტანეს იერიში
„ეს გამოწვევა მოითხოვს ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც აერთიანებს საჯარო და კერძო სექტორებს“, - აცხადებს კომიტეტი და განმარტავს: "ეს მიდგომა უნდა იყოს შეზრდილი დემოკრატიულ ღირებულებებთან, მათ შორის სიტყვის თავისუფლებისა და პერსონალური ინფორმაციის დაცულობის უფლებებთან. ფედერალურ მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს, მათ შორის სოციალური მედიისა და ტექნოლოგიურ კომპანიებს - თითოეულ მათგანს მნიშვნელოვანი როლი აქვს შესასრულებელი უცხო ქვეყნის გავლენის იმ ოპერაციების შესაჩერებლად და მათგან თავდასაცავად, რომელთა სამიზნეც შეერთებული შტატებია.", - ვკითხულობთ ანგარიშში.
ამ განცხადებით, კომიტეტმა გაიზიარა და მხარი დაუჭირა გასული პერიოდის დაზვერვის საზოგადოების, სპეციალური პროკურორის რობერტ მალერის და სხვა მკვლევარების მიგნებებს, რომ რუსეთმა განახორციელა მასშტაბური კამპანია იმისათვის, რომ არჩევნებში ჩარეულიყო. კომიტეტის განცხადებით, რუსული "ტროლების ქარხანა", რომელიც ამ კამპანიის ცენტრალური აქტორი იყო, "კრემლის მითითებით, დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად" მუშაობდა.
ანგარიში მეორე ნაწილია იმ მთლიანი შედეგებისა, რაც 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიებისა კომიტეტის მიერ. პირველი ნაწილი ივლისში გამოიცა, და ფოკუსირებული იყო რუსეთის ძალისხმევაზე, რომ ჩაერულიყო ამერიკის ხმის მიცემის ინფრასტრუქტურაში.
Facebook Forum