პარასკევს, 22 სექტემბერს, ერევნის ქუჩებში გამართულ საპროტესტო აქციებზე 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დემონსტრანტები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. ისინი შეეცადნენ მთავრობის შენობის შესასვლელის გადაკეტვას, რათა დეპუტატები და სახელმწიფო მოხელეები არ გაეტარებინათ.
დაკავებულთა შორის არის სომხეთის მეორე პრეზიდენტის, ლევონ ქოჩარიანის ვაჟი. მისი ადვოკატის თქმით, დაკავებისას ქოჩარიანს პოლიციამ სცემა, ის საავადმყოფოში წაიყვანეს. ასევე დააკავეს აქციის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი ოპოზიციონერი დეპუტატი ანდრანიკ თევანიანი, რომელიც უკვე გამოუშვეს პოლიციის განყოფილებიდან.
ერევანში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება. გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთის მთავრობა მთიან ყარაბაღში (სომხური სახელწოდება - არცახი) ზავს აზერბაიჯანის პირობებით დათანხმდა. ამ პირობებში არაღიარებულ რესპუბლიკას ჩამოერთვა ავტონომია და აზერბაიჯანის სრული კონტროლის ქვეშ მოექცა.
აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და მთიანი ყარაბაღისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას.
Facebook Forum