ერთსქესიანი ქორწინების შესახებ საკითხმა ბევრი ევროპული ქვეყანა ორად გაყო, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, სადაც მომხრეებიც და მოწინააღმდეგენიც თვალყურს ადევნებენ შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს.
კენტერბერიში ჯასტინ ველბის ახალ არქიეპისკოპოსად აღსაყდრება ქალაქის კათედრალურ ტაძარში გასულ თვეს შედგა. ანგლიკანური ეკლესიის წინამძღვარი ერთსქესიანი ქორწინების შესახებ დაწყებული ცხარე დებატების ობიექტივში უკვე მოექცა. მან თქვა რომ, ეკლესიამ ჰომოფობიის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს , თუმცა არ შეუძლია ერთსქესიან ქორწინებას დაუჭიროს მხარი.
ჯასტინ ველბი: ინგლისის ეკლესიას აქვს ძალიან მყარი ტრადიციული შეხედულება ქორწინებასთან დაკავშირებით, და ეს არის სამუდამო კავშირი ერთ მამაკაცსა და ერთ ქალს შორის.
კენტერბერის ყოფილმა არქიეპისკოპოსმა ლორდ ქერიმ ამ თემაზე დებატები აღდგომის დღეებში ისევ განაახლა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ერთსქესიანი ქორწინების მხარდაჭერით „აგრესიულ სეკულარიზმში“ დაადანაშაულა.
უმცირესობების წარმომადგენლებმა და სეკულარული ჯგუფების წევრებმა ლორდ ქერის ჩარევა გააკრიტიკეს. თუმცა ანგლიკანური მეინსტრიმის წარმომადგენლის კენონ კრის საგდენსის განცხადებით, ყოფილი არქიეპისკოპოსის განცხადებები დროული იყო.
კენონ კრის საგდენსი: მნიშვნელოვანია არამატერიალური საგნები, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობას და ოჯახების სიჯანსაღეს უწყობს ხელს.
რომის ახალი პაპი ფრანცისკე წარსულში უმცირესობების ქორწინების წინააღმდეგ გამოდიოდა.
ევროპის რვა ქვეყანამ ერთსქესიანი ქორწინება უკვე დააკანონა, რამდენიმე სხვა სახელმწიფოში კი ამ თემაზე დებატები მიმდინარეობს.
ტერეზა პერესმა თავის პარტნიორზე 2010 წლის 7 ივნისს სწორედ იმ დღეს იქორწინა როდესაც ერთსქესიანი ქორწინება დაკანონდა. ეს მოხდა პორტუგალიაში - სადაც უმრავლესობას კათოლიკეები წარმოადგენენ.
ტერეზა პერესი: ახლა ყველამ იცის, ეს ფურცელზეც ჩანს რომ ჩვენ დავქორწინდით, უკვე ოჯახი ვართ , და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
უმცირესობების ქორწინებაზე დებატებმა საფრანგეთიც ორად გაყო. უკანასკნელ თვეებში ასობით და ათასობით მომხრე და ოპონენტი ქუჩებში გამოვიდა და დემონსტრაციები გამართეს. ფრედერიკ ნავარო პარიზის უმცირესობების უფლებების დამცველია და ამბობს რომ კანონი შესაცვლელია.
ფრედერიკ ნავარო: ერთსქესიანი ქორწინების შესახებ კანონით, საზოგადოება თითქოს ჰომოსექსუალებს ამცირებს და გამოდის თითქოს მათ საზოგადოება ძალიან დაბალ ფენად მიიჩნევს.
ივნისში შეერთებული შტატების სასამართლომ უნდა დაადგინოს კანონი, რომელიც ამერიკაში ქორწინების კანონს განსაზღვრავს. ბრიტანელი კენონ საგდენსი ამბობს რომ, ევროპა ამ მოვლენებს ინტერესით ადევნებს თვალს.
კენონ საგდენსი: ერთადერთი, რაც ამ საკითხის შესახებ დიდ ბრიტანეთში არ მომხდარა არის ის რომ არ გამართულა საჯარო დებატები. ამერიკაში მერვე შესწორება არსებობს, და ამ საკითხის შესახებ მოსახლეობამ საკუთარი აზრი საარჩევნო ბიულეტენებზე დააფიქსირა. ჩვენთან არცერთ პარტიას არ წამოუყენებია ამ საკითხზე განსხვავებული წინადადება, არც დედოფლის პოზიცია ყოფილა გაჟღერებული. ეს ძალიან არადემოკრატიულია.
საგდენსი წინასწარმეტყველებს რომ, დებატებს პოლიტიკური გამოძახილიც ექნება მმართველი კონსერვატული პარტიის ტრადიციულ მეკავშირეებზე, რომლებმაც პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს შესაძლოა ამ საკითხზე მხარი არ დაუჭირონ.