ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სალომე ზურაბიშვილი ნიუ იორკში მხარდამჭერებს შეხვდა


სალომე ზურაბიშვილი ნიუ იორკში ამომრჩეველს ხვდება, 17 აგვისტო, 2013
სალომე ზურაბიშვილი ნიუ იორკში ამომრჩეველს ხვდება, 17 აგვისტო, 2013

სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კამპანია ქართულ ემიგრაციასთან შეხვედრით, ნიუ იორკიდან დაიწყო

საქართველოს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია სალომე ზურაბიშვილმა ნიუ იორკით დაიწყო. ქართულ ემიგრაციასთან შეხვედრაზე, ემიგრაციაში გაზრდილმა პოლიტიკოსმა ქალბატონმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე და საპრეზიდენტო კანდიდატებზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება მისი შვილებისთვის და ახლობლებისთვისაც კი საკმაოდ მოულოდნელი იყო. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მან წარმოდგენილი კანდიდატურების გამო გადაწყვიტა. რატომ არ დანიშნავდა რიგგარეშე საპარლამეტო არჩევნებს, ვისთან დაჯდებოდა დებატებზე პირდაპირ ეთერში და რატომ მოითხოვს სალომე ზურაბიშვილი შევარდნაძის და სააკაშვილის ხელისუფლების წევრების სამართლებრივ პასუხისმგებლობას ამის შესახებ ჩვენი ნიუ იორკის კორესპონდენტი თეა თუაშვილი საუბრობს.

​ემიგრაციაში მყოფ ამომრჩევლებთან შესახვედრად სალომე ზურაბიშვილი მეტროთი მივიდა. გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი მეგაპოლისში სწორედ ამ სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობს. ცხოვრობს ნიუ იორკის კოლორიტულ ჰარლემის უბანში, საიდანაც საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდება და საპრეზიდენტო მარათონისთვის ემზადება. ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილს საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის ლევან ზურაბიშვილის შვილს, ქართული ემიგრაციის მესამე თაობის წარმომადგენელს, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან წამოსვლის შემდეგ ისევ ემიგრანტი გახდა, საქართველოში ტურისტად ჩასვლა აღარ უნდა.

კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი არ უნდა იყოს ორმაგი მოქალაქეობის მატარებელი პირი, თუმცა არაფერია ნათქვამი კანდიდატად დარეგისტრირების შესახებ. ასევე სალომე ზურაბიშვილი სამი წელია გაეროში მუშაობს, მაგრამ ის საარჩევნო რეგისტრაციისთვის არც ამას თვლის ბარიერად, ვინაიდან იგი არცერთ ქვეყანას არ წარმოადგენს და საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელია. მას იმედი აქვს, რომ ხელისუფლება საარჩევნო რეგისტრაციის დროს მას, როგორც კანდიდატს ხელოვნურ პრობლემებს არ შეუქმნის.

სალომე ზურაბიშვილი: არა მგონია, რომ ამ ხელისუფლების ინტერესში იყოს რომ ეს არჩევნები არ ჩატარდეს სამართლიანად . ამის პირობა დადებულია, მეც ამისი მჯერა და რაც მთავარია, საზოგადოებას სჯერა რომ იქნება სამართლიანი არჩევნები. უნდა ვეღირსოთ ბოლოსდაბოლოს ასეთ არჩევნებს.

სალომე ზურაბიშვილი დასახელებულ კანდიდატებს შორის სიძლიერის და გამარჯვების შანსის მიხედვით საკუთარ თავს ოთხეულში განიხილავს. ნაციონალური მოძრაობა- დავით ბაქრაძე, კოალიცია „ ქართული ოცნება“- გიორგი მარგველაშვილი, „დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველო“ - ნინო ბურჯანაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ნიუ იორკში შევარდნაძის და სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულებრივ საქმიანობაზე სამართლიან გამოძიებას მოითხოვდა. ის აცხადებს, რომ პრეზიდენტობის მსურველთა შორის არიან ისინიც, რომლებიც ამ თანამდებობაზე პრეტენზიას სწორედ წარსულის გამო არ უნდა აცხადებდნენ.

სალომე ზურაბიშვილი: თუ რამე პრეტენზია გამაჩნია მე, გამაჩნია იმ ადგილის მიმართ, რომელიც უნდა დაიკავოს ან ნინო ბურჯანაძემ ან სხვამ, რომელზეც აქვთ თავად პრეტენზიები, ამაზე უნდა იყოს დებატები. აქ პირადი არაფერ შუაში არის, თავიანთი პოლიტიკური გამოცდილებიდან და წარსულიდან ეს კონკურენტები რამდენად აკმაყოფილებენ პრეზიდენტის არჩევანის კრიტერიუმებს.

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს საკადრო პოლიტიკას უწუნებს. ამბობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაშვებულ შეცდომებს ეს ხელისუფლებაც იმეორებს. ის უკმაყოფილოა პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული გადაწყვეტილებით, რომელიც არჩევნების შემდგომ თანამდებობიდან წასვლას უკავშირდება. ზურაბიშვილი საქართველოში ჩასვლას და ამ თემასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან საუბარს აპირებს. ბიძინა ივანიშვილის მიერ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ შესაძლოა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი გააქტიურდეს, რაც პოლიტიკურ სინამდვილეში არაჯანსაღ, უკონკურენტო გარემოს შექმნის. არჩევნებში კი ის პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს, რომელსაც დაფინანსება და ძლიერი პარტიული სტრუქტურები აქვს.

სალომე ზურაბიშვილი: ვის აქვს სათანადო მომზადება, რომელ პოლიტიკურ ძალას რომ ამ არჩევნებში გამოჩნდეს. ისევ და ისევ ნაციონალურ მოძრაობას, ბურჯანაძეს და ოცნებიდან არ ვიცი. რეალურად ვის აქვს სტრუქტურები, ძალა, ცალ-ცალკე ვამბობ. დღეს პარტია ოცნება არ არის ცალკე ჩამოყალიბებული, და არ აქვს ის სტრუქტურული ძალა, რომ რამენაირად გაუმკლავდეს ამ ორ პოლიტიკურ ძალას.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ნიუ იორკში მცხოვრები ქართული კულტურის მოღვაწეები მსახიობი ხათუნა იოსელიანი და მხატვარი ელისო წიკლაურიც იმყოფებოდნენ.

ხათუნა იოსელიანი: ამ ქალს უნდა ეს საქართველოს პრეზიდენტობა, და ახლა კი არ მოუნდა ზოგიერთი ახალ გამომცხვარი პოლიტიკოსივით, არამედ დედა რომ დაიძახა, დედასთან ერთად თქვა საქართველოც. ძალიან ჭკვიანი, ერუდირებული ქალბატონია, დროა რომ ქალიც იყოს პრეზიდენტი ახლა ცოტა მერკელს რომ ვაჯობოთ.

ელისო წიკლაური: სალომე არის ფაქტიურად, მესამე თაობა ემიგრაციის, მაგრამ მისმა ოჯახმა შეინარჩუნა და თვითონ სალომემ აღზარდა ქართული სულით თავისი შვილები, ისინი ქართველები არიან. დღეს ყველა მოწმე ვართ, გუშინდელი ჩამოსულები, სტუდენტებიც კი აღარ ლაპარაკობენ ქართულად, თუმცა სალომეს შვილები საუბრობენ მშობლიურ ენაზე.

სალომე ზურაბიშვილს ნიუ იორკში მცხოვრები ემიგრანტები პრინციპულ და ძლიერ პოლიტიკოსად მიიჩნევენ.

ნიკა ჩხეიძე: პრინციპული და პირში მთქმელი პოლიტიკოსი, და უკან არ დამხევი , თუმცა ბევრ რამეზე კომპრომისზე წამსვლელი პოლიტიკოსის მონაწილეობა ამ არჩვენებში სასარგებლო უნდა იყოს ქართული საზოგადოებისთვის.

ანი კინგი: ჩემი თაობისთვის ახალი ერა იწყება თითქოს. სალომე ძალიან ძლიერი პიროვნებაა, ბევრ რამეს გაუმკლავდება, აქვს ბევრი წინააღმდეგობები ალბათ ბევრი მუშაობაც დასჭირდება.

შემდეგი შეხვედრა სალომე ზურაბიშვილს ტორონტოში ექნება, სადაც საქართველოდან ემიგრირებული 60 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამის შემდეგ კი სალომე ზურაბიშვილი თბილისში ბრუნდება, სადაც უკვე აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას შეუდგება.
XS
SM
MD
LG