ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის შესახებ ქართული მედია-სივრცე დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ტელეკომპანია, რომლის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ ხელისუფლების დაინტერესება იმდენად აშკარა და ცხადი იყო, რომ ამის თაობაზე არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია თავის ანგარიშში მიუთითებდა, დღეს შუადღეს უკვე სხვის საკუთრებაში აღმოჩნდა.

რუსთავი 2-ში დღესაც მუშაობენ ის ადამიანები, ვინც მისი ახალი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის კომუნიკაციის სტილს კარგად იცნობენ. 2004 წელს სწორედ ეს ტელეკომპანია ერთი ხელის მოსმით ისევე აღმოჩნდა ხალვაშის ხელში, როგორც დღეს. მაშინაც ისევე გაიცა დაპირებები სარედაქციო პოლიტიკის უცვლელობისა და თანამშრომლების შეუზღუდავობის თაობაზე, როგორც დღეს, თუმცა რეალობა დაპირებებისგან რადიკალურად განსხვავებულად განვითარდა. საზოგადოებამ მომდევნო წლებში ერთ ხმაში მოსაუბრე სამი მაუწყებელი იხილა, რომელთაც არა მხოლოდ ტონალობა ჰქონდა იდენტური, არამედ სიუჟტების თანმიმდევრობაც კი გახლდათ სინქრონიზებული (ამის შესახებ მედია მკვლევარების მიერ წარმოდგენილი დიაგრამები ცხადჰყოფდა).

ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ, რომელმაც "ამერიკის ხმასთან" რუსთავი 2-ის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, აღნიშნა, რომ მისთვის მთელ ამ ამბავში ყველაზე შემაშფოთებელი ევროპული ინსტიტუციის სახელით მიღებული გადაწყვეტილებაა. ეს მომენტი, ცხადია ღრმა ანალიზს მოითხოვს, რადგან ამ დრომდე დასავლეთი და დასავლური სტურქტურები ქართულ სივრცეში ერთგვარი დამცავი მექანიზმის როლს ასრულებდა, რომელსაც შეეძლო ხელისუფლების ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოეხდინა. „ახლა ეს დასაყრდენი ხელიდან გამოგვეცალა. ევროპულ სინამდვილეში თვისობრივად რაღაც შეიცვალა. ის გავიდა კონტექსტიდან, ზოგადი ფილოსოფიული ჭრილიდან, ჩაიკეტა ვიწრო სამართლებრივ ჭურჭელში და იქ მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რაც, შეიძლება, ფორმალურად სწორი იყოს. იმ მოსამართლეებს, შესაძლოა, არ ჰქონდეთ დისკომფორტი ამ გადაწყვეტილების გამო, მაგრამ დისკომფორტს ისინი უქმნიან ევროსაბჭოს. საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა დავანახოთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს გვინდა დამოუკიდებლობა. ჩვენ თუ უარს ვიტყვით დამოუკიდებლობაზე, ისინი ჩვენს ნაცვლად არ იბრძოლებენ,“- გვეუბნება ზვიად ქორიძე.

მაინც რა თქვა სტრასბურგის სასამართლომ? ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს არ უმსჯელია იმაზე, არის თუ არა ქიბარ ხალვაში ან უნდა იყოს თუ არა ის ტელეკომპანიის მესაკუთრე. სტრასბურგმა იმსჯელა იმის თაობაზე, ხალვაშისთვის რუსთავი 2-ის გადაცემის პროცესში დაირღვა, თუ არა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის, როგორც მხარის სამართლიანი სასამართლოს უფლება. სასამართლომ თქვა, რომ ეს უფლება არ დარღვეულა, მაგრამ სტრასბურგს არ უთქვამს, რომ ქიბარ ხალვაშია რუსთავი 2-ის მესაკუთრეა. ეს უკვე ქართულმა სასამართლომ დაადგინა.

2004 წელს, იმ დროს, როდესაც რუსთავი 2 პირველად გადავიდა ქიბარ ხალვაშის ხელში, მისი ერთ-ერთი თანამშრომელი ნანა ბიგანიშვილიც გახლდათ. ამჟამად ის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარეა და მიაჩნია, რომ სამართლიანობა დღეს რუსთავი 2-თან მიმართებით ნამდვილად არ აღდგენილა. ნანა ბიგანიშვილი ჩვენთან დეჟავუს განცდაზე საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რაც წლების წინ საკუთარ თავზე გამოსცადა: მაშინაც სწორედ ისევე დაპირდნენ რუსთავი ორელებს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, როგორც დღეს, ზუსტად იგივე პიროვნება, ვინც დღეს.

„სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მედია-გარემოსთვის და ამავდროულად დიდი საფრთხის შემცველია. მნიშვნელოვანია ქვეყანაში შენარჩუნდეს მედია-პლურალიზმი და მედია თავისუფლება. ჩვენ იმედი გვაქვს, ახალი მფლობელი ყველაფერს იღონებს, შეინარჩუნოს სარედაქციო დამოუკიდებლობა, როგორც დაპირდა, თუმცა დიდი საფრთხეა იმის, რომ ხელისუფლებამ გააკონტროლოს ეს არხი. ამ განცხადებისას ვეყრდნობი იმას, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ წილების მიღების საკითხი გამჭვირვალე საერთოდ არ ყოფილა და ამასთან დაკავშირებით უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს. დღევანდელი გადაწყვეტილება, კიდევ ვიმეორებ, დიდი საფრთხის შემცველია და ის რადიკალურად შეცვლის მედია-გარემოს ქვეყანაში,“- გვეუბნება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე.

"ამერიკის ხმასთან" სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ზურა ვარდიაშვილმაც შეაფასა. ის ონლაინ გამოცემა „ლიბერალის“ რედაქტორი გახლდათ, რომელმაც სამუშაო ადგილი რამდენიმე კვირის წინ რედაქციის მთელ შემადგენლობასთან ერთად დატოვა, მედია მფლობელთან სწორედ სარედაქციო პოლიტიკის თაობაზე შეუთანხმებლობის გამო.

მოცემულ პოლიტიკურ კონტექსტში, ისეთი რუსთავი 2-ის არსებობას, რაგორსაც ვიცნობთ, დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანად მიიჩნევს ზურა ვარდიაშვილი და ამბობს, რომ ქიბარ ხალვაშის მმართველობის პირობებში სიტყვის თავისუფლებას რუსთავი 2-ზე დიდი საფრთხე ემუქრება. „ერთია, მოგვწონს, თუ არ მოგვწონს ეს ტელევიზია, თუნდაც მხოლოდ გაბუნიას სკანდალური მონოლოგი გადიოდეს ყოველდღიურად; ან ჯდება თუ არა ჩვენს გემოვნებაში, შესაძლოა ვთქვათ ისიც, რომ ეს არის პარტიულ დღის წესრიგზე მიბმული ტელევიზია და სხვა, მაგრამ ცხადია, რომ მკვეთრად ოპოზიციური, კრიტიკული და ხელისუფლებასთან დაპირისპირებული მედია დიდ როლს ასრულებს პლურალისტული გარემოს შენარჩუნებაში. ახლა ხელისუფლების ქმედებები მიმართულია იქითკენ, რომ ეს პლურალისტული გარემო შეზღუდოს, „იმედს“, საზოგადოებრივ მაუწყებელს კოლეგა გაუჩინოს. ჩვენ გვახსოვს ასეთი დრო, წინა ხელისუფლების პერიოდში, როდესაც ყველა ტელევიზია ერთ ხმაში საუბრობდა,“- გვეუბნება ზურა ვარდიაშვილი, რომელიც საკუთარი გამოცდილებით, დასძენს, რომ მხოლოდ ადამიანური რესურსით მედიის ამუშავება ახალ პლატფორმაზე უკიდურესად რთულია.

„ლიბერალის“ ყოფილი რედაქტორი თავად სწორედ ამ გამოწვევის წინაშეა ამჟამად: „ჩვენს შემთხვევაში, რედაქციის ხედვები მფლობელის შეხედულებებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. მას შემდგომ, რაც მფლობელმა განგვიცხადა, რომ თავად აპირებს მართვის სადავეების ხელში აღებას და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, ჩვენ შევთავაზეთ შეხვედრა და საკითხის განხილვა, მაგრამ ამ ტიპის კომუნიკაციაც არ ისურვა. მას სურდა თავისი წარმომადგენლის დანიშვნა, გასაუბრებების ჩატარება წლების განმავლობაში მომუშავე ჟურნალისტებთან, ახალი სარედაქტიო ხედვების ჩამოყალიბება. ამიტომაც არ იყო სხვა გზა გარდა იმისა, რომ დაგვეტოვა „ლიბერალი“.

ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ შიშველი ხელებით მედიის ამუშავება და შემოქმედებითი ჯგუფის მიერ ახლიდან მედია საქმის დაწყება უკიდურესად რთულია მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილს დღეს აქვს დაკვეთა თავისუფალ მედიაზე. ხელისუფლება ამ პროცესს განსხვავებულად ხედავს და სურვილს იმისა, რომ ყველაფერი „ერთ ხმაში ისმოდეს“ ფუთავს, ნარატივით, რომლის თანახმად „ხალხი პოლიტიკით დაიღალა“. „საზოგადოებამ, მათ შორის ხელისუფლების მხარდამჭერებმაც, უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყანა, შესაძლოა, ავტორიტარიზმის საფრთხის წინაშე დადგეს და რაც არ უნდა მნიშვნელოვანი მოტივები გამოძრავებდეს, რომ „ახლა მთავარია სიმშვიდე და განვითარებაზე გადართვა“, მივიღებთ არც განვითარებას, არც სიმშვიდეს. პირიქით, დავკარგავთ დემოკრატიულ სივრცესა და მივიღებთ ავტორიტარიზმს. გუშინ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და განაცხადა, რომ ყველა, ვინც მის გვერდით არაა, „ნაცია“.

ესაა მცდელობა, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების გაერთგვაროვნებისა და ყველას „ნაცებად“ წარმოდგენისა. ეს სახიფათო ტენდენცია და ავტორიტარიზმის ერთ-ერთი მაჩვენებელია. ჩვენ თუ ამაზე ახლა არ დავფიქრდებით, ერთ დღეს გავიღვიძებთ ავტორიტარიზმში,“- გვეუბნება ზვიად ქორიძე.

კანონი, რომელიც ამჟამად მზადდება ავუდიო-ვიზუალური მომსახურების შესახებ, ზვიად ქორიძეს სწორედ იმ სახიფათო ტენდენციაზე მიანიშნებს, რაც არა მხოლოდ ტელევიზიების, არამედ ონლაინ სივრცის ერთგვაროვანებისკენაა მიმართული.

„ტელეკომპანია ხალვაშის არ არის, არც ყოფილა არასდროს. მას არ გადაუხდია ერთი თეთრი იმისთვის რომ მას რუსთავი 2 ოდესმე შეეძინა. ის იყო ამ ტელევიზიის მოურავი და არ განსაზღვრავდა სარედაქციო პოლიტიკას, არც არხის სტრატეგიულ განვითარებას. ის ხარჯავდა იმ რესურსებს, რასაც მას ავალებდა მისი პატრონი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომლის ფინანსურ-პოლიტიკურ ჯგუფში შედიოდა ხალვაში. მაშინ ოქრუაშვილი იყო პირველი ვეზირი, თავდაცვის მინისტრი და მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმოდა სააკაშვილის მთავრობაში. ის განაგებდა ტელეკომპანიის ბიუჯეტირების პროცესს და თუ აკლდებოდა შემოსავლები, ის ხარჯავდა თავისი ჯიბიდან. მას ტელევიზია არ უყიდია“,- გვეუბნება ზვიად ქორიძე და დასძენს, რომ ეს ამბავი უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ.

„რაც შეეხება იმას, თუ ვისია ტელევიზია, ამის თაობაზე უნდა ითქვას ღიად, როდესაც ჩვენ მიმოვიხილავთ 2004 წლის ამბებს, როდესაც ეროსი კიწმარიშვილმა, ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა გაყიდეს ტელევიზია, ვინ იყიდა, როგორ და რა პირობებით. ტელეკომპანია რომ დვალს და აქიმიძეს ეკუთვნის, ეს შემდგომი ეტაპის მითია, რომელიც გაირკვევა, როგორც კი ისინი საქმეში შემოვლენ. ტელეკომპანიის გამოსყიდვაში გარკვეული თანხა გაცემულიც არის და მიღებულიც და მიმღებმაც და გამცემმაც ამის თაობაზე უნდა ისაუბროს. მაგრამ ეს სასამართლო პროცესს მიღმა არსებული სინამდვილეა, განსხვავებით იმისგან, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შევიდა ძალაში,“- ამბობს ზვიად ქორიძე.

ზურა ვარდიაშვილი კი იმის თაობაზე სვამს კითხვას, თუ რა მედია-ლანდშაფტით მივალთ მომავალ არჩევნებამდე: „ჩვენ ჯერ 2020-ის წინასაარჩევნო პერიოდში ფეხი არ შეგვიდგამს. როგორი ცხელი ზაფხული გვაქვს, წარმოვიდგინოთ, იმ დროს რა იქნება და ისიც წარმოვიდგინოთ „იმედთან“ და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად ხმაშეწყობილი ტელევიზია რას მოგვიტანს.

2020-ის არჩევნებამდე კი დრო ჯერ კიდევ არის, საკმარისი იმისთვის, რომ საზოგადოებამ ვითარება შეაფასოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG