ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფრიდომ ჰაუსის" წარმომადგენელი: საქართველოში ობიექტური ინფორმაციის მიღება პრობლემაა


რუსთავი 2-ზე სტრასბურგის გადაწვეტილებას და მიმდინარე პროცესებს შეერთებულ შტატებში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დამოუკიდებელი მედია გარემოს შენარჩუნება კრიტიკულია. გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი მკლევარი, ჯონათან კაცი, რომელიც წარსულში საქართველოში USAID-ის, აშშ-ს განვითარების საერთაშორისო სააგენტოს, პროგრამებს ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ დამოუკიდებელი მედია გარემო საქართველოს დასავლური ინტეგრაციისთვის ერთ-ერთი წინაპირობაა.

„მედიის დამოუკიდებლობა კრიტიკულია საქართველოსთვის. საქართველო რეფორმების განხორციელების პროცესშია და კანონის უზენაესობის განტკიცებაზე მუშაობს. დამოუკიდებელი მედია კრიტიკულია საქართველოს ზრდისთვის, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ასევე - მის ურთიერთობაში შეერთებულ შტატებთან და ევროკაშირთან.

თუ საქართველოს სურს ევრო-ატლანტიკურ კურსზე დარჩენა, ამისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მან შეინარჩუნოს დამოუკიდებელი მედია, რომლის გარეშეც რთული იქნება მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. მედია, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, მთავრობის ქმედებების მნიშვნელოვანი მოდარაჯეა. მედიას კრიტიკული როლი აქვს იმაში, რომ ისმოდეს ქართული საზოგადოების ხმა, რომელსაც სურს იყოს დასავლური ინსტიტუტების ნაწილი“,- ამბობს ჯონათან კაცი.

თუ საქართველოს სურს ევრო-ატლანტიკურ კურსზე დარჩენა, ამისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მან შეინარჩუნოს დამოუკიდებელი მედია,
ჯონათან კაცი

გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი მკვლევარი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად, პლურალისტული მედია გარემო კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს. „საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება. წინასაარჩევნო პერიოდში ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანია მედია გარემო, სადაც განსხვავებული ხედვები იქნება წარმოდგენილი და რომელზე დაყრდნობითაც მოსახლეობა არჩევანს გააკეთებს. ორიდან ერთი მსხვილი მაუწყებლის, "რუსთავი 2"-ის საქმე, თავისუფალი მედია გარემოსთვის საფრთეს ქმნის. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ხაზს უსვამენ, რომ ვინც არ უნდა იყოს ამ ტელევიზიის სათავეში, მან აუცილებლად უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტური დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა. ისინი ამ პროცესს ყურადღებით აკვრიდებიან, რათა ნახონ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, - ამბობს ის.

წინასაარჩევნო პერიოდში ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანია მედია გარემო, სადაც განსხვავებული ხედვები იქნება წარმოდგენილი და რომელზე დაყრდნობითაც მოსახლეობა არჩევანს გააკეთებს.
ჯონათან კაცი

ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, „ფრიდომ ჰაუსი“ საქართველოში პოლიტიკურ და მედია პოლარიზაციის პრობლემებზე საუბრობს.

„ვფიქრობ მნიშვნელოვანია, მაღალი ხარისხის ჟურნალისტიკასთან ერთად, ახალი ამბები ობიექტურად იყოს მიწოდებული, სადაც ამბის ყველა მხარეა წარმოჩენილი. ჟურნალისტები, უმეტეს შემთხვევაში, ამას არ აკეთებენ. ხშირად, პოლიტიზებული, პოლარიზებული მედია გამოცემები, განსაკუთრებით ტელევიზიები, ამბის გარკვეულ მხარეს აჩვენებენ და ეს პრობლემაა. თუ ერთი აზრის ჩახშობა მოხდება - ამ შემთხვევაში "რუსთავი 2"-ის, რომელიც ამ პოზიციას წლების განმავლობაში ატარებდა, საზოგადოებაში ერთით ნაკლები ხმა იქნება. თუმცა, ვთვლი ამას წითელ ხაზად? არა, რადგან საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ადვილად შესაძლებელი იქნება ეს მოსაზრებები სხვაგვარად გამოიხატოს. ეს არ მაშფოთებს. ეს რომ იყოს დახურული მედია გარემო, სადაც შეუძლებელი იქნებოდა სამაუწყებლო ლიცენზიის მოპოვება და ჟურნალისტებს რომ ავიწროებდნენ, ამ შემთხვევაში მდგომარეობის შეცვლა რთული იქნებოდა. საქართველოს მედია გარემო იძლევა ცვლილებების საშუალებას და აზრთა სხვადასხვაობა ხალხისთვის ხელმისაწვდომია. თუმცა, ობიექტურ ინფორმაციას არავინ იღებს და ეს პრობლემის ნაწილია", - ამბობს მარკ ბერენტი, ევრაზიის პროგრამების დირექტორი "ფრიდომ ჰაუსში".

ხშირად, პოლიტიზებული, პოლარიზებული მედია გამოცემები, განსაკუთრებით ტელევიზიები, ამბავის გარკვეულ მხარეს აჩვენებენ და ეს პრობლემაა.
მარკ ბერენტი

​მისი თქმით, პრობლემად რჩება საქართველოში მაუწყებელობის ორ ბანაკად დაყოფა, ტელევიზიების მიკერძოებულობა და ობიექტური ჟურნალისტიკის დაკნინება.

მარკ ბერენტი
მარკ ბერენტი

"თუ ნებისმიერი მედია გამოცემა, იქნება ეს რუსთავი 2 ან იმედი - და მათ მე ერთ კატეგორიაში განვიხილავ - უწყვეტად აგრძელებს პოლიტიკური ხაზის გატარებას და მოგვიანებით იწყებს წუხილს, რომ მისი მხარე აღარაა წარმოდგენილი, მათი სერიოზულად აღქმა რთულდება. ისინი კარგი ჟურნალისტიკის მაგალითები რომ ყოფილიყვნენ, რომ ეცადათ, საქმის ორივე მხარის სამართლიანად წარმოჩენა, იმისთვის, რომ მაყურებელს თავად შეძლებოდა მხარეებს შორის არჩევანის გაკეთება, მაშინ უფრო მეტად შემაწუხებდა ეს ცვლილება. თუმცა, ამ მოცემულობაში, "რუსთავი 2"-ის პროფესიონალი ჟურნალისტები შეძლებენ ადაპტაციას, ან იპოვიან სხვა გამოცემებს თუ შესაძლებლობებს, და მათი ხმა კვლავ მიაღწევს ხალხამდე", - ამბობს ბერენტი.

რუსთავი 2-ის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სახელწიფო დეპარტამენტმაც და საქართველოს მთავრობას მოუწოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილება ისე აღასრულოს, რომ უზრუნველყოს განსხვავებული შეხედულებების გახმოვანება.

გამოხატვის თავისუფლება და მედია ლანდშაფტი, რომელიც აზრთა ფართო სპექტრს წარმოადგენს, არის დემოკრატიის საფუძველი
სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი 2-ზე

"გამოხატვის თავისუფლება და მედია ლანდშაფტი, რომელიც აზრთა ფართო სპექტრს წარმოადგენს, არის დემოკრატიის საფუძველი. ჩვენ მოვუწოდებთ [საქართველოს] მთავრობას, რომ აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს გადაწყვეტილება ისე, რომ ეს იყოს სამართლიანი, აპოლიტიკური და მისცეს საშუალება მედიას, რომ წარმოადგინოს სხვადასხვა შეხედულება და აზრი", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე განაცხადა, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან "რუსთავი 2"-ის ირგვლივ და სიტყვის თავისუფლების მხრივ საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG