ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეროვნული გვარდია თუ პუტინის პერსონალური ჯარი?


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოთხოვნით 5 აპრილს შექმნილ ეროვნულ გვარდიას შესაძლოა მალე ხალხის მასებისთვის ცეცხლის გახსნის უფლება მიეცეს. რუსეთის დუმა ახლად შექმნილი გვარდიის შესახებ კანონს მაისში განიხილავს.

ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი და თავდაცვის დეპარტამენტში რუსეთის საკითხების ყოფილი დირექტორი მარკ სიმაკოვსკი ამბობს, რომ გვარდიის შექმნა რუსეთში სექტემბერში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება:

„მიუხედავად იმისა, რომ პუტინი პოპულარობას ინარჩუნებს, რეჟიმი შეშფოთებულია,“ ამბობს სიმაკოვსკი. თუ ეკონომიკურმა უკუსვლამ და სანქციებმა არჩევნებზე გავლნა იქონია, რუსეთში 2012 წლის მსგავსად შესაძლოა საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყოს. „პრეზიდენტს უნდა დარწმუნდეს, რომ ნებისმიერი სავარაუდო შიდა არეულობა სწრაფად იქნება გაუვნებელყოფილი,” დასძენს სიმაკოვსკი.

ეს ფაქტობრივად ძალაა, რომლითაც პუტინს პირადი ომების დაწყება შეეძლება პატარა ქვეყნებთან.
ანა ბორჩევსკაია

ეროვნულ გვარდიას ძალიან დიდი უფლებამოსილება ექნება. მას ცეცხლის გაფრთხილების გარეშე გახსნის, და ნებართვის გარეშე სახლებში ჩხრეკის ჩატარების უფლება აქვს. რუსეთის სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის ეს უფლებები უნიკალური მახასიათებლები, სავარაუდოდ, არ არის. თუმცა, ახალი უწყების შექმნით, მოსახლეობას და ოპოზიციას მკაფიო მესიჯი ეგზავნება, რომ კრემლი ნებისმიერ სამოქალაქო არეულობას მკაცრად გაუსწორდება. სიმაკოვსკი ამბობს, რომ ეს იმაზეც მიუთითებს, რომ მთავრობა როგორც წლევანდელი საპარლამენტო, ასევე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც ემზადება.

ექსპერტები ამბობენ, რომ ეროვნული გვარდიის შექმნამ შესაძლოა რუსეთში ძალოვან სტრუქტურებში დაპირისპირება გამოიწვიოს. გვარდიის ხელმძღვანელად გენერალი ვიქტორ ზოლოტოვი დაინიშნა. ის 1999-2013 წლებში პუტინის პირადი დაცვის უფროსი იყო. 2014 წელს კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ და შინაგანი ჯარების მთავარსარდლად მსახურობდა. 2016 წლის 5 აპრილის პრეზიდენტის ბრძანებულებით ის გვარდიის მეთაური და რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი გახდა. ზოლოტოვის დაქვემდებარებაში სხვა უწყებებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიტიკული დანაყოფები გადავიდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ამით სუსტდება. მისი ისეთი ნაწილები, როგორიცაა ომონი, მასების კონტროლის პოლიცია, სპეციალური დანიშნულების ძალები - ყველა ეროვნული გვარდიის დაქვემდებარებაში გადადის,“ ამბობს სიმაკოვსკი. მისი აზრით, „ხელმძღვანელების დონეზე უკმაყოფილებასთან ერთად, ამ ნაბიჯს შესაძლოა სუბორდინაციის მხრივ გაურკვევლობაც მოჰყვეს.”

ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტში რუსეთის საკითხების მკვლევარი ანა ბორჩევსკაია ამბობს, რომ ეროვნული გვარდიის შექმნამ რუსეთის მეზობლები უნდა დააფიქროს, რადგან ამ ძალას რუსეთის საზღვრებს გარეთ სამშვიდობო ოპერაციების ჩატარება შეეძლება.

“ოფიციალურად, პუტნმა განაცხადა, რომ ეროვნული გვარდია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისათვის შეიქმნა. მაგრამ ტერორიზმი ძალიან ზოგადი ტერმინია. ამასთან, რუსეთის დუმა ტეორიზმის განსაზღვრებაზე ამჟამად მუშაობს. გვარდიის მიერ სამშვიდობო ოპერაციების შესრულების შესაძლებლობას უკრაინაში, საქართველოში და სავარაუდოდ სირიაში, ფრთხილად უნდა დავაკვირდეთ," ამბობს ბორჩევსკაია.

რუსეთის ეროვნულ გვარდიაში შემავალი მომსახურე პერსონალის ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. რუსულ და დასავლურ მედია წყაროებზე დაყრდნობით გვარდიის შემადგენლობა, სავარაუდოდ, 250-დან 400 ათას ადამიანამდე იმერყენებს.

ეროვნული გვარდია თუ პერსონალური ჯარი?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:24 0:00

რუსეთის ეროვნულ გვარდიას ბორჩევსკაია პუტინის პირად ჯარს უწოდებს. “ეს ფაქტობრივად ძალაა, რომლითაც პუტინს პირადი ომების დაწყება შეეძლება პატარა ქვეყნებთან,” ამბობს ის.

რუსეთის ეროვნული გვარდიის მანდატს და შემადგენლობას რუსეთის პარლამენტი მაისში დაადგენს. მანამდე კი ექსპერტების პროგნოზი არც ისე დადებითია - გვარდიის სახით პრეზიდენტმა პუტინმა შეუძღუდავი მანდატის მქონე ახალი ჯარი შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც ასობით ათასი ადამიანი შევა და რომელიც პირადად პრეზიდენტის დაქვემდებარებაში ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე იქნება.

XS
SM
MD
LG