2008 წელს რუსული შენაერთები კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ, არამხოლოდ საქართველოში ჩადენილი ომის დანაშაულების, არამედ მათი სამხედრო გაუმართაობის გამო. “ეს იყო საბჭოთა არმიის ბოლო ნარჩენები, რომლებიც გაერთიანდნენ საქართველოში შესაჭრელად”, - ამბობს მაიკლ კოფმანი, კენანის ინსტიტუტიდან. აგვისტოს ომმა რუსეთის შეარაღებული ძალების არაპროფესიონალიზმი აჩვენა. ომის შემდეგ რუსეთმა სამხედრო რეფორმას მიჰყო ხელი. “საქართველოს ომი გახდა ღია მიზეზი იმის, თუ რის გამოც მათ ძალიან ფართო თავდაცვის პროგრამა განახორციელეს, გააუმჯობესეს ზუსტი დარტყმის და გაერთიანებული სარდლობის კოორდინაციის სისტემები”, - თქვა დარა მასიკოტიმ, რენდის კორპორაციიდან.
საქართველოს მოსახლეობის 41%-ი (NDI-ის მონაცემებით) თვლის, რომ სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი ამერიკაზე ძლიერია, თუმცა ეს მცდარი წარმოდგენაა. ერთი ათწლეულის თავზე, მართალია რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები, მიუხედავად სისუსტეებისა, გაუმჯობესდა, მაგრამ მოსკოვი ამერიკას და ნატოს, ჯერ ისევ ბევრად ჩამორჩება. სწორედ ამიტომ, კრემლი, დასავლეთთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ტაქტიკური გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
საქართველოს ომი გახდა ღია მიზეზი იმის, თუ რის გამოც მათ ძალიან ფართო თავდაცვის პროგრამა განახორციელეს,დარა მასიკოტი
მისი სტრატეგია, დასავლეთის წინააღმდეგ დაპირისპირების შემთხვევაში, სწრაფი თავდასხმის განხორციელება იქნება, რომელიც მას საბრძოლო ველზე უპირატესობას მისცემს. ის შეეცდება კონფლიქტის იქამდე გადაჭრას, სანამ მასზე ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირება გრძელვადიან ომში გარდაიქმნება. რენდის კორპორაციის მკლევარების თქმით, თუ რუსეთის ხელმძღვანელობა დაინახავს, რომ კონფლიქტი გარდაუვალია, მოსკოვი მიჰყვება პრინციპს, რომ “საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა” და სამხედრო ინიციატივას აიღებს.
“ნატოსთან შედარებით [არახელსაყრელი მდგომარეობიდან გამომდინარე]... გრძელვადიანი კონფლიქტის თავიდან აცილებისთვის, რუსეთს სურს სწრაფად იმოქმედოს და შემდეგ სწრაფადვე დაასრულოს შეტევა. ეს ტაქტიკა ვიხილეთ ყირიმის მაგალითზე. ასევე, ამის მაგალითია საბჭოთა პერიოდში ავღანეთში შეჭრის პირველი ეტაპი და 1968 წელს პრაღაში შეჭრა”, - ამბობს სკოტ ბოსტონი, რენდის კორპორაციიდან.
პროგრესის მიუხედავად, რუსეთის მიერ წარმოებული ომი დასავლეთის პრაქტიკისგან განსხვავდება. იმ იარაღის 90 პროცენტი, რასაც მოსკოვი სირიაში იყენებს, მაღალი სიზუსტის არაა, რასაც უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი მოსდევს. მიმომხილველების ნაწილი ფიქრობს, რომ მოსკოვის მიზანი დაბალი ფასის გადახდით მაღალი ეფექტურობის მიღწევაა ისევე, როგორც ეს ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ვიხილეთ.
სამხედრო რეფორმა პენსიონრების ხარჯზე
სანქციებისა და ნავთობის ფასების ვარდნის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს სამხედრო მოდერნიზაციას. საჯარო მონაცემები რუსეთის ბიუჯეტში თავდაცვის წილს (2016 წლის მონაცემებით 5 პროცენტი) რეალურად ვერ ასახავს, რადგან ხშირ შემთხვევაში სამხედრო ხარჯები ბიუჯეტის სხვადასხვა კატეგორიებიდან გაიცემა. მიმომხილველები ფიქრობენ, რომ რუსეთი თავდაცვაზე ფედერალური ბიუჯეტის მესამედს ხარჯავს. სამხედრო ძალების მოდერნიზაციის პროგრამის დასრულებას პრეზიდენტი პუტინი 2020 წლისთვის გეგმავდა. მისი თქმით, 2020 წლისთვის შეარაღების 70 პროცენტი უნდა განახლებულიყო. 2017 წელს მან განაცხადა, რომ პროგრამა 2025 წლამდე გაგრძელდება.
რეფორმა თავდაცვის ძირითად სექტორებს-საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ძალებს მოიცავს. დღეისთვის, მოსკოვს საჰაერო, სახმელეთო ძალების და საზღვაო ქვეითთა 60 ბრიგადა ყავს. ვაშინგტონში ამბობენ, რომ რუსეთის სახმელეთო შენაერთები მობილიზაციაზე დაფუძნებული არმიიდან უფრო მცირე რაოდენობის საბრძოლო მზადყოფნაში მყოფ შენაერთად გარდაიქმნა. ამასთან, დასავლეთის ქვეყნების მაგალითზე, კრემლმა, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის რადიკალური რეფორმა გაატარა. რუსეთის გაუმჯობესებული შესაძლებლობები სირიის ოპერაციის დროს გამოჩნდა.
რუსეთმა… რადიკალური გარდაქმნები, სამხედრო რეფორმა, და პარალელური მოდერნიზაცია გაიარა. ჩვენ ეს ვიხილეთ ყირიმში 2014 წელს, აღმოსავლეთ უკრაინაში და რუსეთის კამპანიის დროს სირიაში.
“რუსეთმა… რადიკალური გარდაქმნები, სამხედრო რეფორმა, და პარალელური მოდერნიზაცია გაიარა. ჩვენ ეს ვიხილეთ ყირიმში 2014 წელს, აღმოსავლეთ უკრაინაში და რუსეთის კამპანიის დროს სირიაში. დღეს ეს განსხვავებული სამხედრო ძალაა, უფრო მზა, პროფესიული და უკეთ გაწვრთნილი. რა თქმა უნდა, რუსეთის ქცევა დიდ კრიტიკას იმსახურებს, მაგრამ ეს პოლიტიკური ნაწილია და არა სამხედრო. ვგულისხმობ, რომ ომის წარმოების მათი პრაქტიკა პოლიტიკური ხედვის ნაწილია. როგორც რუსეთის სიირიის ოპერაციდან ვხედავთ, რუსეთის სამხედრო ძალები, მათი სისუსტეების მიუხედავად, პოლიტიკური ყურადღების და ფინანსური ინვესტიციის მეშვეობით რადიკალურად გარდაიქმნა”, - ამბობს მაიკლ კოფმანი.
მოდერნიზაციის პროგრამის მიღმა, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ბევრი არაეფექტური ქვედანაყოფი და ტექნიკა დარჩათ. ერთ-ერთი ამის მაგალითი ავიამზდ “ადმირალ კუზნეცოვის” თავგადასავალია. ამასთან, მოსკოვი იყნებს კერძო სამხედრო კომპანიებს (მაგალითად ვაგნერის ჯგუფს) პოლიტიკურად სარისკო სიტუაციაში, რადგან მათი წარუმატებლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას არ ეკისრება.
თავდაცვითი სტრატეგია?
მიუხედავად მოსკოვის გაცხადებული თავდაცვითი მიზნებისა, კალინინგრადსა და სანქტ-პეტერბურგში განთავსებული ანტი-სარაკეტო სისტემები ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ნატოს აღმოსავლეთ ფლაგისთვის საფრთხეს წარმოადგენს. დაპირისპირების შემთხვევაში, ეს სისტემები რუსეთის შენაერთებს საჰაერო დაზღვევას და ოპერაციულ უპირატესობას მისცემს. გარდა ამისა, რუსეთს შეუძლია, სწრაფი მოქმედების შენაერთებით მისი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ მყისიერად დაწინაურდეს.
რუსეთის საზღვართან თავდაცვითი სისტემები, უკრაინელებისთვის და ქართველებისთვის, ალბათ თავდაცვითად არ გამოიყურება, და ეს გასაგებია... რუსეთს აქვს თავდასხმითი პოტენციალი მეზობლების წინააღმდეგ.სკოტ ბოსტონი
“რუსეთის საზღვართან თავდაცვითი სისტემები, უკრაინელებისთვის და ქართველებისთვის, ალბათ თავდაცვითად არ გამოიყურება, და ეს გასაგებია. რადგან ეს სისტემები რუსეთს აძლევს შესაძლებლობას მოიგოს დრო და მოახერხოს ძლიერი საჰაერო შეიარაღების მქონე მოწინააღმდეგის [ნატოს ან ამერიკის] შეკავება. ასევე, რუსეთს აქვს თავდასხმითი პოტენციალი მეზობლების წინააღმდეგ, სწორედ ამიტომ ვხედავთ ბალტიისპირეთის ქვეყნების შეშფოთებას”, - ამბობს სკოტ ბოსტონი.
“საომარი მოდელირების” და ანალიზის საფუძველზე, მიმომხილველთა ნაწილს მიაჩნია, რომ კონფლიქტის შემთხვევაში მოსკოვი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალებს კოორდინირებულად გამოიყენებს. მოსკოვი შეეცდება მისი მოწინააღმდეგის კომუნიკაციის საშუალებების გარღვევას კიბერ თუ ელექტრონული მეთოდებით. მისი მთავარი სამიზნე მოწინააღმდეგის იმ მოქმედების აღკვეთა იქნება, რომელიც მის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას საფრთხეს შეუქმნის.
რენდის კორპორაციის თქმით, რუსეთს გააჩნია საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სისტემები ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი, შორი-რადიუსის სახმელეთო თავდასხმის და ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების გამოსაყენებლად. თუმცა კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში ორგანიზაციის ანალიზის მიხედვით, კრემლს საკმარისი რაკეტები და პლატფორმები არ გააჩნია.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დასავლეთმა რუსეთის ტაქტიკური სვლები და სტრატეგია სწორად უნდა შეაფასოს. მნიშვნელოვანია, თუ როგორ იმოქმედებს რუსეთი კონფლიქტის შემთხვევაში, თუმცა ვაშინგტონმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პირდაპირი დაპირისპირება რუსეთის ინტერესში არ შედის. მოსკოვის სამხედრო დოქტრინა არაპირდაპირ მეთოდებს ანიჭებს უპირატესობას და მუშაობს ნატოს და ამერიკის სიმტკიცის დარღვევაზე.
Facebook Forum