ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვის ახალი სტრატეგია


რუსეთი პოსტ-ასადურ სირიაში პოზიციების გამყარებაზე ზრუნვას აქედანვე იწყებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
აშკარაა, რომ სირიაში გაჭიანურებული სამოქალაქო ომი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას საფრთხეს უქმნის. რუსეთს ათეულობით წლების მანძილზე მასთან ახლო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებდა. ამის მიუხედავად, მოსკოვმა ასადის სავარაუდო დამარცხების გათვალისწინებით სირიაში პრორუსული ოპოზიციური ძალების მობილიზება დაიწყო.

რუსეთის ემისრები სირიაში საგანგებო შეხვედრებს მართავენ. დაახლოებით ორ კვირაში რუსეთი იტალიაში სპეციალური ჯგუფის შეხვედრას უწევს ორგანიზებას, რომლის სახელია ეროვნული საკოორდინაციო საბჭო დემოკრატიული ცვლილებებისთვის. ამ ინიციატივის შინაარსის სრულიად საპირისპიროდ რუსეთი ბოიკოტს უცხადებს მაროკოში მანამდე დაგეგმილ სირიის მეგობრების შეხვედრას, დასავლეთის და არაბთა ლიგის მიერ შექმნილი კოალიციის, რომელიც სირიის ოპოზიციას უჭერს მხარს.

აშკარაა, რომ რუსეთს 40-წლიანი სამხედრო და ეკონომიკური კავშირების დაკარგვა არ სურს. თუმცა, ალექსეი მალაშენკო, რეგიონალური ექსპერტი კარნეგის მოსკოვის ოფისიდან, ამბობს, რომ რუსეთმა დაიგვიანა და ასადის რეჟიმის მრავალწლიანი მხარდაჭერის შემდეგ მოსკოვს ამ კარტის გათამაშება დამასკოში აღარ გამოუვა.

პრო-რუსული სივრცე ცარიელია. პრო-რუსული იდეები მოსკოვის ბაშართან თანამშრომლობით არის კომპრომეტირებული. ამიტომ, არ მჯერა, რომ ე.წ. პრო-რუსული ოპოზიცია იქ დიდი როლის შესრულებას შეძლებს“ - აცხადებს ელექსეი მალაშენკო.

ასადის საწინააღმდეგო გამოსვლების დაწყებიდან 2 წელი სრულდება. უთანასწორო შეტაკებებში 40 ათასზე მეტი სირიელი დაიღუპა და 600 ათასზე მეტი მეზობელ ქვეყნებს აფარებს თავს. ოფიციალურად რუსეთი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და გარეშე ჩარევის საწინააღმდეგო განცხადებებით გამოდის.

გასულ კვირას ამერიკულმა საგამოძიებო ჟურნალისტურმა მედიამ, სახელწოდებით „პრო-პაბლიკა“, გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთმა, საერთაშორისო სანქციების თავის არიდებით, დამასკოში წელს 240 ტონა ახლადდაბეჭდილი სირიული ბანკნოტები გააგზავნა. დოკუმენტთა მეორე წყება რუსული ვერტმფრენების სირიისთვის მიწოდების ფაქტს ადასტურებს.

ოფიციალური ვერსიით, რუსეთი ძველი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შეთანხმებებს ასრულებს, რომელთა ხელმოწერა სამოქალაქო ომის დაწყებამდე მოხდა. თუმცა, ამავე დროს კრემლი დასავლეთს სირიის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. კვირას, სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დასავლეთი „დემოკრატიას რკინის ხელით და სისხლით ნერგავს“. ეს გამოთქმა „რკინის და სისხლის“ შესახებ ევროპაში ავტორიტარიზმთან ასოცირდება. ის 150 წლის წინანდელ გერმანიის ნაციონალისტ კანცლერს, ბისმარკს ეკუთვნის.

რუსეთი ეწინააღმდეგება თურქეთის გადაწყვეტილებას სირიის საზღვრებთან პატრიოტის ტიპის სარაკეტო სისტემების განთავსების შესახებ. პუტინის სტამბოლში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ისიც იყო, რომ პრემიერი ერდოღანი დაერწმუნებინა, არ გადაედგა აღნიშნული ნაბიჯი. კრემლი რუსეთის საზღვრების შორიახლოს სარაკეტო თავდაცვითი სისტემების განლაგების წინააღმდეგია, თუმცა, ხმამაღლა რუსეთის პრეზიდენტმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ პატრიოტის ტიპის რაკეტები მოძველებულია და მათი გამოყენება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

დიმიტრი ვერხატუროვი, მოსკოველი პოლიტოლოგი ამბობს, რომ რუსეთი თურქეთის პოზიციით და სირიის კონფლიქტში ჩარევით ძალიან უკმაყოფილოა. განსაკუთრებით კი - მისი სამხედრო მხარდაჭერით.

ანალიტიკოსების აზრით, რუსეთმა წამგებიანი პოზიცია დაიჭირა ე.წ. „არაბული გაზაფხულის“ მონაწილე ქვეყნებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ეს ეხება სამ ქვეყანას: ტუნისს, ლიბიას და ეგვიპტეს.

ალექსეი მალაშენკო ამას პოსტ-საბჭოთა ისტორიის ინერციით ხსნის და ამბობს, რომ პუტინს ფსიქოლოგიურად გაუჭირდება მსგავს პოლიტიკაზე უარის თქმა. ის ძველებურად ამტკიცებს, რომ ამბოხებების სერია ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში დასავლური ძალების ინსპირირებით მოხდა. რუსეთს ანალოგიური პოზიცია აქვს დიდი ხნის მოკავშირე, სირიასთან დაკავშირებითაც.

დამასკოს რეალობა პოლიტიკურ ინსინუაციებზე მაღლა დგას. რუსეთის საელჩოს თანდათან რამდენიმე ათასი რუსეთის მოქალაქის ევაკუაცია მოუწია. მათ შორის ბევრია შერეული ქორწინების წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი რუსი ქალები, რომელთაც ცივი ომის დროს მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობის პერიოდში სირიის მოქალაქეებზე იქორწინეს.
XS
SM
MD
LG