ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ასადს პოზიციების გაძლიერებაში ეხმარება


ანალიტიკოსების თქმით, ბოლო დროს რუსული შეიარაღებით პრეზიდენტ ასადის პოზიციების გაძლიერება ხდება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა თავიანთი პოზიციის გატანა მოახერხეს. მინისტერიალმა სირიელი ამბოხებულებისთვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგო მოხსნა. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კეტრინ ეშტონმა განაცხადა. ამასთანავე, ევროკავშირი შეთანხმდა, რომ ამბოხებულებს იარაღს არ მიაწვდიან, ვიდრე შეერთებული შტატები და რუსეთი სამშვიდობო კონფერენციის მოწვევით კონფლიქტის გადაჭრას ცდილობენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას „სამწუხარო“ ფაქტი უწოდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსკოვი სირიის მთავრობას ანტი-საჰაერო რაკეტებს მიაწვდის.

მისი თქმით, რუსეთი ამ შეიარაღებას სირიის მთავრობას ადრე დადებული კონტრაქტის პირობების გათვალისწინებით გადასცემს. ამით დამასკოს შეეძლება პასუხი გასცეს შესაძლო საჰაერო თავდასხმებს.

ანალიტიკოსების განცხადებით, აღნიშნული რაკეტებით ასადის მთავრობა ისრაელიდან შეტევის მოგერიებას შეძლებს, ასევე ეს არის პასუხი ევროპიდან და ამერიკიდან შესაძლო ჩარევაზე.

ამავდროულად, პარიზში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ. მათ სირიის საკითხზე სამშვიდობო კონფერენციის მოწვევის დეტალებზე იმსჯელეს. მოსკოვი ითხოვს, რომ კონფერენციის მუშაობაში პრეზიდენტ ასადის მთავრობის წარმომადგენელიც ჩაერთოს, რასაც სირიელი ამბოხებულები ეწინააღმდეგებიან. ჯონ კერი აღიარებს, რომ კონფერენციაში სირიის ყველა მხარის მონაწილეობა საკმაოდ დამაბრკოლებელი ფაქტორია.

„კონფერენციის გამართვა ორივეს გვინდა. გვუსრს, რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ ამ შეხვედრაზე კონფერენციის მონაწილეების შესახებ ვისაუბრეთ,“ - განაცხადა ჯონ კერიმ პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ჯეინის უსაფრთხოების კომპანიის ანალიტიკოსი დევიდ ჰართველი ამბობს, რომ ბოლო დროს რუსული შეიარაღებით პრეზიდენტ ასადის პოზიციების გაძლიერება ხდება. ასევე ასადის მთავრობას ეხმარება ირანი და ლიბანური ჰეზბოლა. ყოველივე ამის და ოპოზიციის დაქსაქსულობის შედეგად ასადის არმიამ საბრძოლო უპირატესობას აღწევს.

„ყველა ეს ფაქტორი ასადს ხელს უწყობს, რომ ხანგრძლივ გადარჩენაზე იფიქროს,“ - აცხადებს დევიდ ჰართველი.

მისი თქმით, ასადს ახალი შეტევების განხორციელების საშუალება ეძლევა და არ არის გამორიცხული, რომ ამ დღეებში სავარაუდოდ ალეპოზე იერიში ვიხილოთ. თუმცა, სხვაგვარად ფიქრობს არაბულ-ბრიტანული ურთიერთობის საბჭოს წევრი კრის დოილი. მისი თქმით, ასადს არც თუ ძლიერი პოზიციები აქვს იმისთვის, რომ სულ ცოტა, გარდამავალი პერიოდის შემთხვევაში თავის გაადარჩენა მოახერხოს.

თუმცა, არც სირიის ოპოზიციაა უკეთეს მდგომარეობაში. ანალიტიკოსი დოილის თქმით, სამშვიდობო კონფერენციის ჩავარდნის შემთხვევაში, თუ დასავლეთი ამბოხებულებს შეიარაღებას მიაწვდის, სირიაში ჰუმანიტარული მდგომარეობა კატასტროფული გახდება, პოლიტიკური მოგვარების პერსპექტივა კი დიდი ხნით გადავადდება.
XS
SM
MD
LG