ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადგილობრივი არჩევნები რუსეთში


გამარჯვებულები ისევ კრემლის პოლიტიკის გამტარებლები არიან

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

პირველად უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, რუსეთის მოქალაქეებმა ადგილობრივ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ხუთი ათასამდე მანდატისთვის 5 გუბერნია და 83 პროვინცია იბრძოდა. იმის მიუხედავად, რომ ელექტორატს არჩევანის გაკეთების უფლება მიეცა, ანალიტიკოსები ჯერ კიდევ არჩევნებამდე აღნიშნავდნენ, რომ გამარჯვებულები, ძირითადად, მაინც კრემლის პოლიტიკის გამტარებლები იქნებოდნენ.

2004 წლის შემდეგ რუსეთში გუბერნატორები და მერები არ აუჩევიათ. ვლადიმირ პუტინმა თავის დროზე ადგილობრივი არჩევნები საერთოდ გააუქმა. შემდეგ, გასული წლის დეკემბერში მაშინ ქვეყნის პრეზიდენტმა, ახლა კი პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა ადგილობრივი არჩევნები აღადგინა. ბევრი ამ ფაქტს რუსეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მასობრივი დემონსტრაციების მიღწევად მიიჩნევს.

გარემოს დაცვის აქტივისტი, ოპოზიციონერი ევგენია ჩირიკოვა, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ გარეუბანში მერის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, ამბობს, რომ ბრძოლისათვის ყველა გზა გამართლებულია, რათა ცვლილება ქვემოდან ზევით დაიწყოს და როგორმე ნაბიჯ-ნაბიჯ მაინც განხორციელდეს.

„მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანიზაციები უნდა ჩამოყალიბდეს, თუნდაც საინიციატივო ჯგუფების სახით. მაგალითად, ისეთი, როგორიცაა ხიმკის ტყის დაცვის ჯგუფი. მათ უნდა მიიღონ საორგანიზაციო გამოცდილება, როგორ შეკრიბონ ხალხი, გაუკეთონ მობილიზება საარჩევნო კამპანიას, გახდნენ პოპულარულები. შედეგად ამ ჯგუფების ლიდერები ადგილობრივ სამმართველოებში ხელისუფლებისთვის იბრძოლებენ, იქ მოხვდებიან და ასე დაიწყება ძალაუფლებაში ცვლილება ქვემოდან ზევით,“ - აღნიშნავს ის.

ჩირიკოვას ოპტიმიზმს ანალიტიკოსები არ იზიარებენ. პოლიტოლოგების აზრით, იმის მიუხედავად, რომ რიგით რუს მოქალაქეებს ადგილობრივი ლიდერების არჩევის საშუალება მიეცათ, ადმინისტრაციულ სტრუქტურებზე ისინი გავლენას ვერ ახდენენ და ვერაფერს ცვლიან. მათ შორისაა ლუდმილა ალექსეევაც ჰელსინკის ჯგუფიდან, რომელიც ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდეც ამბობდა, რომ არაფერს სასიკეთოს არ ელის.

შესამჩნევი წინსვლა არ იქნება. ეს მხოლოდ ავტორიტარული ხელისუფლების თამაშებია. თავისუფალ არჩევნებზე ოცნებაც ზედმეტია,“ - აცხადებს ქალბატონი ალექსეევა.

ექსპერტების აზრით, ოპოზიციის ნებისმიერ გამარჯვებულ კანდიდატს სახელმწიფო იმდენად შეზღუდავს ფინანსურად და ბიუროკრატიულად, იმდენად გასაქანს არ მისცემს, რომ მას ცვლილების განხორციელებისთვის არანაირი მექანიზმი არ დარჩება.

პოლიტოლოგი ვალერი სოლოვეი თვლის, რომ შექმნილი სიტუაციის მიუხედავად ოპოზიციამ ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროს და გამარჯვებისთვის ნებისმიერი გზით იბრძოლოს.

ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ოპოზიციის არაერთი დამარცხების მიუხედავად, ეს ყველაფერი დროებითია. შარშან არჩევნების შემდეგ რუსეთი გამოცოცხლდა. ქვეყანა იცვლება და ამის არდანახვა შეუძლებელია. ხალხის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ცვლილებები არამარტო მომწიფებულია, არამედ გარდაუვალიც არის. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მსგავსი განწყობები ხელისუფლებაშიც კი გაჩნდა," - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

მომწიფდა თუ არა ცვლილებები რუსულ სინამდვილეში, ამას დრო გვიჩვენებს. ჯერჯერობით კი რეალობა ასეთია: ექსპერტების ვარაუდი გამართლდა. „ედინაია რასიამ“ 5 ათასი მანდატიდან უდიდესი უმრავლესობა დაისაკუთრა და ხუთივე გუბერნატორის პოსტი დაიკავა. ოპოზიცია ისევ უამრავ დარღვევაზე საუბრობს, რომელიც საარჩევნო პროცედურაში თუ არჩევნების დროს ხდებოდა და რომელთა საბოლოო მიზანს პუტინის ძალაუფლების განმტკიცება წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG