ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი რუსეთის წინადადებას მხარს უჭერს


 )
)

რუსეთი სირიაში ამერიკის სამხედრო ოპერაციას გმობს და დამასკოს მოუწოდებს, ქიმიური იარაღის არსენალი საერთაშორისო კონტროლს გადასცეს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:59 0:00
ბმული
პრეზიდენტმა ობამამ მოიწონა რუსეთის წინადადება, რომელიც დამასკოს ხელთ არსებული ქიმიური ირაღის საერთაშორისო კონტროლისთვის გადაცემას ითვალისწინებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკის სამხედრო ოპერაცია სირიაში საჭირო აღარ იქნება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა ჰონგ ლეიმ რუსეთის გეგმას მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განიხილოს ეს გეგმა, რადგან მისი განხორციელების შემდეგ სირიაში მდგომარეობა შემსუბუქდება და რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა დამყარდება.

ჩინეთი ერთერთი სახელმწიფოა გაეროში, რომელმაც რუსეთთან ერთად სირიისთვის სანქციების დაწესებას ვეტო დაადო და სირიის მთავრობას დღემდე არ აკრიტიკებს. პეკინის აზრით, სირიის კრიზისის გადაწყვეტა მხოლოდ დიალოგის საშუალებითაა შესაძლებელი.

ორშაბათს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს სირიაში სამხედრო ოპერაცია გადადოს და ამ საკითხთან დაკავშირებით გაეროსთან ერთად იმსჯელოს.

ჩინეთის მთავრობა სირიის ოპოზიციის ექვს წევრთან შეხვედრას გეგმავს, რომელზეც სირიის კონფლიქტის საკითხებზე იმსჯელებენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ დაჯგუფებასთან აწარმოებს პეკინი მოლაპარაკებებს.

ჩინეთის სახელმწიფო მედიამ სირიაში ამერიკის სამხედრო გეგმა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ თუ ეს ოპერაცია განხორციელდა, შეერთებული შტატების საერთაშორისო იმიჯი ძალზე დაეცემა.

ჩინური ინტერნეტ გაზეთ “The People’s Daily“-ის განცხადებით, ამერიკის სამხედრო იერიში რეგიონის ქვეყნებს ომში ჩაითრევს და გლობალურ ეკონომიკას და ნავთობ რესურსებს სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენებს.

ამ კვირას ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილე ჯეიმს მილერი პეკინში ჩავიდა, სადაც სამხედრო ურთიერთ-თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრის დროს მილერი სირიის კრიზისის საკითხსაც შეეხო.

ჟურნალისტებთან საუბრისას ჯეიმს მილერმა განაცხადა, რომ პეკინი მხარს უჭერს გეგმას, რომლის მიხედვით სირიას ქიმიური იარაღის არსენალი ჩამოერთმევა. მილერის აზრით, ქიმიური იარაღის პრობლემა ჩინეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩრდილოეთ კორეისთვის ეს გადაწყვეტილება ერთგვარი გაფრთხილება იქნება.

„მე ხაზი გავუსვი საკითხს, რომ ჩრდილოეთ კორეას ქიმიური იარაღის დიდი არსენალი აქვს. ჩვენ არ გვსურს ვიცხოვროთ მსოფლიოში, სადაც ჩრდილოეთ კორეა საფრთხეს იმიტომ წარმოადგენს, რომ მსოფლიომ ქიმიური იარაღის გამოყენების პირველივე ფაქტზე სათანადო რეაგირება არ მოახდინა.“

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ჰონგ ლეი ჯეიმს მილერის მიერ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ პეკინი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას ყოველთვის გააპროტესტებს. თუმცა იქვე დასძინა, რომ ჩინეთი ვერასდროს დაეთანხმება საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებას, რადგან სირიაში სამხედრო ოპერაცია ახლო აღმოსავლეთს რეგიონალურ პრობლემებს შეუქმნის.
XS
SM
MD
LG