ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასტრონავტები და პოლიტიკა


რუსეთმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, 2024 წლამდე თანამშრომლობაზე, რასაც შეერთებული შტატები სთავაზობდა, თანხმობა ოფიციალურად არ განაცხადა და ახლა ამბობს, რომ შესაძლოა 2020 წლისთვის ეს თანამშრომლობა შეწყვიტოს. თუმცა, როგორც ჩანს, ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ამერიკულ-რუსულ კოოპერაციაზე ამას გავლენა არ მოუხდენია.

ამერიკელი ასტრონავტი რიკ მასტრაჩიო, რომელიც ორბიტაზე ექვსთვიანი ყოფნის შემდეგ დაბრუნდა, ამბობს, რომ კოსმოსურ სადგურზე ისეთივე კარგი ატმოსფეროა, როგორიც ყოველთვის არსებობდა.

„სამუშაო ურთიერთობა, რომელიც კოსმოსურ სადგურზეც და მიწაზეც პიროვნულ დონეზე გვაქვს, ჩვენს რუს კოლეგებს კარგად ვეწყობით. მათთან მუშაობაში არანაირი პრობლემები არ გვქონია.“

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის, კოსმოსური პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი სკოტ პეისი ამბობს, რომ შეიძლება პირადი და პროფესიული ურთიერთობები თავის ადგილზე რჩებოდეს, მაგრამ პოლიტიკური გარემო და მიმდინარე კოოპერაციის სტრატეგიული მიზეზები დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა.

„საკითხავია, ეს დროებითი მდგომარეობაა თუ ნამდვილი წყალგამყოფია, რომელიც პოსტ-საბჭოთა დროში რუსეთთან თანამშრომლობის მთელ დიაპაზონს კითხვის ქვეშ დააყენებს.“

პეისი ამბობს, რომ 2017 წლისთვის, ნასა „ორიონის“ კაფსულის გაშვებას ვარაუდობს, რათა რუსების ჩართულობის გარეშე, ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე და მის მიღმაც გაიყვანოს.

შორეულ კოსმოსში ადამიანების გაშვების პროგრამებისადმი საზოგადოების მხარდაჭერის ქრობის და მუდმივი შეკვეცის პროცესში მყოფი ბიუჯეტის პირობებში, ოფიციალური პირები საერთაშორისო თანამშრომლობის საჭიროებას ხვდებიან.

კოსმოსის კვლევის მომავლისადმი მიძღვნილ სადისკუსიო პანელზე გამოსვლისას, ნასას ადმინისტრატორმა ჩარლზ ბოლდენ უმცროსმა თქვა, რომ მის სააგენტოს ეს ესმის.

„ხაზი უნდა გავუსვა, რომ ამ სქემაში არაფერია ისეთი, რასაც ჩვენ მარტო ვაკეთებთ.“

მაგალითად, ორიონის კაფსულისთვის ენერგიის და ძრავის სისტემებს ევროპელები ამზადებენ და აწყობა მეტწილად გერმანიაში ხდება.

რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ოფიციალურ პირებს ამ დისკუსიაში მონაწილეობა არ მიუღიათ. სკოტ პეისი ამბობს, რომ მოსკოვს მთვარის გამოკვლევის განახლება სურს, მაგრამ შესაძლოა ამისთვის სახსრები არ გააჩნდეს.

„რუსეთს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ 2020 წლის მერე, კოსმოსში რისი გაკეთება სურს.“

პეისი ამბობს, რომ რუსეთ-ამერიკის პარტნიორობის გაგრძელება საერთაშორისო კოსმოსური თანამშრომლობისთვის კარგი იქნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, გავლენას მასზე ის პოლიტიკური ძალები ახდენენ, რომლებიც კოსმოსური პროგრამის მიღმა არიან.

ამასობაში, ახალი ამერიკულ-რუსული ეკიპაჟი, რუსული კოსმოსური კაფსულ „სოიუზით“, ორბიტული სადგურისკენ მიემართება.
XS
SM
MD
LG