ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკოლკოვო სილიკონის ველის კონკურენტი გახდება?


კალიფორნიის სილიკონის ველის მსგავსად, რუსეთის მთავრობა მოსკოვთან ახლოს $5 მილიარდიანი კვლევითი ცენტრის აშენებას გეგმავს.

ეს თავდაპირველად პეტრე პირველმა დაიწყო, შემდეგ იოსებ სტალინმა გააგრძელა, ახლა კი რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს ქვეყნის მოდერნიზაციის ამბიციური გეგმები აქვს. გასულ სექტემბერს მედვედევმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც რუსეთის ხელისუფლების ახალი სტრატეგია იყო აღწერილი. სტატაში ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მიდგომებს რუსეთის ეკონომიკის განვითარებაში.

ამ გეგმის ნაწილი მოიცავს ეგრეთ წოდებული სკოლკოვოს ცენტრის შექმნას, რომელიც კრემლისეული სილიკონის ველია. მიუხედავად იმისა, რომ იდეა საკმაოდ მომხიბვლელად ჟღერს, რუსეთში მას ბევრი სკეპტიკურად აფასებს.

ამ ზაფხულს რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ამერიკაში ვიზიტი თეთრი სახლიდან არ დაიწყო. ის, პირველ რიგში, კალიფორნაში სილიკონის ველს ესტუმრა და კალიფორნიის გუბერნატორ არნოლდ შვაცნეიგერთან ერთად წამყვანი ტოქნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებსა და პოტენციურ ინვესტორებს შეხვდა. ამ შეხვედრების ძირითადი მიზანი რუსეთის ხელისუფლების მიერ დასახული ამბიციური გეგმის განხორციელების დაწყების მცდელობა იყო. მოსკოვს საკუთარი სილიკონის ველი უნდა ჰქონდეს, რომელსაც სახელად სკოლკოვო ერქმევა.

„ეს ცენტრი ჩვენს ქვეყანაში არსებული საინოვაციო სისტემების მამოძრავებელი ძალა იქნება. ის დასაწყისიდანვე უაღრესად კონკურენტ-უნარიანი უნდა იყოს და კონკურენციის გაწევა გლობალურ ბაზარზე უნდა შეძლოს. ეს კი ძალიან განსხვავდება იმისგან რასაც აქამდე ვაკეთებდით. ახლა ნამდვილი მუშაობა უნდა დავიწყოთ,“ აღნიშნა ბატონმა მედვედევმა.

რა არის სკოლკოვო? ამ ეტაპზე ეს 370 ჰექტარი ცარიელი მიწაა, რომელიც მოსკოვიდან 20 კილომეტრითაა მოშორებული. მომდევნო სამი წლის განმავლობაში მთავრობას 5 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციის ჩადება აქვს დაგეგმილი ამ ადგილზე სამეცნიერო და ინოვაციური ცენტრის ასაშენებლად. სკოლკოვოში ყურადრება განსაკუთრებით ენერგეტიკაზე, საინფორმაციო ტექნოლოგიებზე, კომუნიკაციებზე, ბიოსამედიცინო კვლევასა და ბირთვულ ტექნოლოგიებზე გამახვილდება.

პროექტმა უკვე მიიზიდა ისეთი კომპანიების ყურადღება, როგორიცაა სიმენსი, მაიკროსოფტი, გუგლი, ნოკია და ინტელი. კომპანია სისკო სისტემს კი ცენტრის პირველი მობინადრე გახდება. მედვედევის კალიფორნიაში ვიზიტის დროს კომპანიამ ერთი მილიარდი დოლარის ინვესტირების პირობა დადო. სკოლკოვოს გენერალურ მენეჯერად რუსი მილიარდელი ვიქტორ ვექსელბერგი დაინიშნა. ნავთობისა და ალუნიმის ბიზნესის მფლობელმა ვექსელბერგმა განაცხადა, რომ იმედს იტოვებს, რომ რუსული კომპანიებიც მალე გადაწყვეტენ ცენტრში ინვესტიციების ჩადებას:

„მონაწილეების სტატუსი 10 წლის განმავლობაში აქტიური იქნება. მათ დამატებითი ღირებულების გადასახადში შეღავათები დაუწესდებათ. გარკვეულ შემთხვევებში, კი ინვესტორები მთლიანად გათავისუფლდებიან უძრავი ქონებისა და საპენსიო ფონდის გადასახადისგან. ეს კი იმდენად მიმზიდველი პირობებაა, რომ არა მხოლოდ დამწყებ ბიზნესს, არამედ არსებულ სამეცნიერო კვლევით ცენტრებსაც გაუჩნდებათ სურვილი საქმიანობა სკოლკოვოდან აწარმოონ.“

ბოლო 10 წლის მანძილზე, რუსეთის შემოსავლის ძირითადი წყარო ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვებია. კარნეგის ფონდის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი ნიკოლაი პეტროვი ამბობს, რომ კრემლს იმედი აქვს, რომ სკოლკოვო ამ ტენდენციას შეცვლის.

„ამ პროექტის ზოგადი იდეა იმ ფაქტს უკავშირდება, რომ რუსეთის ეკონომიკური განვითარების ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირების მოდელი თითქმის დასრულდა. ამ ველის დანიშნულება კი ის არის, რომ ქვეყანას ალტერნატიული მოდელი შესთავაზოს.“

სკოლკოვოს მხარდამჭერები იმასაც ამბობენ, რომ ცენტრის გახსნა იმ ნიჭიერი რუსი მეცნიერების, ტექნოლოგური სპეციალისტებისა და მეწარმეების სამშობლოში დაბრუნებას შეუწყობს ხელს, რომლებმაც ქვეყანა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დატოვეს. თუმცა პეტროვის თქმით, მხოლოდ ერთი პროექტი ამისთვის საკმარისი არ იქნება:

„სამწუხაროდ, ეს სოფლის მეოურნეობას ჰგავს. იმისთვის რომ მცენარე გაზარდო მთელი გარემო ხელს უნდა გიწყობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მცენარე დაიღუპება. ასე რომ, იმ რუსების უკან მოზიდვა შესაძლებელია, მაგრამ თუ სახელმწიფოს მათი ხანგრძლივი ვადით სურს ქვეყანაში დატოვება, მათ ისეთი პირობები უნდა შეუქმნას, როგორშიც ისინი ამჟამად ცხოვრობენ საზღვარგარეთ."

ქვეყნის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით მოსახლეობას ხელისუფლებისგან განსხვავებული შეხედულება აქვს. ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსების უმრავლეობას მიაჩნია, რომ მოდერნიზაციის გეგმის განხორციელება კორუფციისგან და ბიუროკრატიული შეზღუდვებისგან ქვეყნის გათავისუფლებით და არა ტექნოლოგიური განვითარებით უნდა დაიწყოს.

სკოლკოვოს მშენებლობა სავარაუდოდ 2011 წელს დაიწყება და კრემლი იმედოვნებს, რომ დაახლოებით სამ წელში რუსეთი ტექნოლოგიების მსოფლიო ცენტრად იქცევა.

XS
SM
MD
LG