ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პლებისციტი რუსეთში - პუტინის სისუსტის ნიშანი


რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი უყარეს. ოფიციალური მონაცემებით, მოსახლეობის 78%-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებების პაკეტს, მათ შორის იმ შესაძლებლობასაც, რომ ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტის პოსტზე 2036 წლამდე დარჩეს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი არა პუტინის ძლიერებაზე, არამედ სისუსტეზე და თავდაჯერების ნაკლებობაზე მიუთითებს. მეორე მხრივ კი, ისინი დასავლეთს პუტინის არალეგიტიმურ ლიდერად აღიარებისკენ მოუწოდებენ.

2020 წლის პირველ ნახევარში ისევე, როგორც გასულ წლებში, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი და საზრუნავი, საკუთარი მმართველობის გახანგრძლივება და გარანტირებული პოზიციების შექმნა იყო. თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, რომლებიც პარლამენტმა და საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა, საყოველთაო, პირდაპირი კენჭისყრის ჩატარება აუცილებელი არ იყო. როგორც რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავდა, ეს პრეზიდენტის „დაჟინებული მოთხოვნით“ ხდებოდა.

როდესაც ლიდერებს გამოსავლის საპოვნელად ისეთი მეთოდების გამოყენება სჭირდებათ, როგორც ახლა პუტინი მოიქცა, ეს სისუსტის ნიშანია და არა - ძლიერების. პუტინი რომ ძლიერი ყოფილიყო, მას ამის გაკეთება არ დასჭირდებოდა.
მაიკლ მაკფოლი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში

სწორედ ამიტომ, ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ პუტინს ამგვარი დემონსტრაციული და საერთო -სახალხო გადაწყვეტილების შეფუთვით მიღებული ცვლილებები მეტი ლეგიტიმაციისა და იმიჯისთვის სჭირდებოდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „ლევადა ცენტრის“ კვლევებით, მისი რეიტინგი საკმაოდ დაბალია.

ახლა, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებით, პუტინს საშუალება ეძლევა, რომ ქვეყნის სათავეში კიდევ 16 წელს დარჩეს, ანალიტიკოსებს ეს ყველაფერი მის სისუსტეზე უფრო მიანიშნებს, ვიდრე - გავლენაზე და ამბობენ, რომ ეს თავდაჯერების ნაკლებობით და სხვა გამოწვევებით ნაკარნახევი ნაბიჯია.

„როდესაც ლიდერებს გამოსავლის საპოვნელად ისეთი მეთოდების გამოყენება სჭირდებათ, როგორც ახლა ის მოიქცა, ეს სისუსტის ნიშანია და არა - ძლიერების. პუტინი რომ ძლიერი ყოფილიყო, მას ამის გაკეთება არ დასჭირდებოდა. მას არ სჭირდებოდა მსგავსი რამ 2007-2008 წლებში, მაშინ განსხვავებული სტრატეგია ჰქონდა“, - ამბობს მაიკლ მაკფოლი, ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში და სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის დირექტორი.

მაიკლ მაკფოლი, 2012 წ.
მაიკლ მაკფოლი, 2012 წ.

„ამჯერად კი ის თავს იმდენად სუსტად გრძნობს, რომ სჭირდებოდა შეექმნა შესაძლებლობა იმისა, რომ 2036 წლამდე ხელისუფლებაში დარჩეს. კიდევ ერთხელ, ეს სისუსტის ნიშანია. მეორეც, ვფიქრობ, რომ ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად ცოტა შექმნა მან ეფექტური სახელმწიფოს თვალსაზრისით, არ არსებობს პოლიტიკური პარტია, არ არსებობს მომავალი ლიდერების თაობა. და თუ ასეთები არსებობენ, ჩვენ მათ შესახებ არაფერი ვიცით“, - განმარტავს მაკფოლი.

პლებისციტი რუსეთში - პუტინის სისუსტის ნიშანი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:14 0:00

ლილია შევცოვა, მკვლევარი ფონდიდან "მოსკოვის ლიბერალური მისია" ფიქრობს, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები შეიძლება წყალგამყოფადაც კი იქცეს რუსეთის პოსტ-პუტინურ მომავალსა და წარსულს შორის: „ეს არის ბოლო აქტი პუტინის მიერ საკუთარი სასახლის, კოშკის მშენებლობის, მისი საკუთარი სახელმწიფო სისტემისა და პირადი პროექტის, საკუთარი მემკვიდრეობის შექმნის საქმეში. ამ სისტემას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ახალი ნორმალტიული და პოლიტიკური განზომილება აქვს“, - ამბობს შევცოვა და განმარტავს, რომ კრემლი და უშუალოდ პუტინი საბჭოთა და პრე-საბჭოთა პერიოდიდან ნასესხები ღირებულებებით თავადაა ყველაზე დიდი ეგზისტენციალური გამოწვევა საკუთარი თავისთვის, რუსეთისთვის და მმართველი ჯგუფისთვისაც. მთავარი კი ისაა, რომ მან ვერ შეუქმნა სისტემას მემკვიდრეობითობა:

„საბოლოოდ ყველაფერი ისე გამოიყურება, რომ პუტინი დამარცხდა, მან ვერ შეძლო სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფა, ამ სტაბილურობაში სიცხადის და მის შესახებ გარკვეულობის, მაღალი ალბათობის შექმნა. ამის ნაცვლად, მას ჰქონდა სახელმწიფო მართვის სუიციდური პრაქტიკა, რაც მეტს მართავს, მით უფრო - სასტიკი ხდება სისტემა.“

მაიკლ მაკფოლი კი ამბობს, რომ მაშინაც, როდესაც ამა თუ იმ კვლევით პუტინის რეიტინგის კლება ჩანს, ეს მონაცემები ზუსტად არ ასახავს საზოგადოების კონკრეტული რაოდენობის განწყობას, მაგრამ ტენდენციები აშკარაა. დიპლომატს მიაჩნია, რომ პლებისციტის ჩატარება, რომელიც ოფიციალურად სავალდებულო არ იყო, პუტინს სწორედ იმის გამო სჭირდებოდა, რომ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და შეშფოთების მიზეზსაც აძლევს. მისი აზრით, მნიშვნელოვანია პუტინის ლეგიტიმურობა და მასთან თანამშრომლობის მცდელობა თუ სურვილი აღარც დასავლეთისგან მოდიოდეს:

მიუხედავად იმისა, რომ პუტინი “დე-ფაქტო“ მმართველი იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, პირველი ივლისიდან ბოლომდე, ის უკვე არალეგიტიმური, “დე-იურე“ მმართველიც ხდება. მან არ უნდა მიიღოს მიწვევები ე.წ. "დიდი რვიანის" შეხვედრაზე, არ უნდა შესთავაზონ „წითელი ხალიჩის“ დონის მოპყრობა ან ჩვეულებრივი, მაღალი რანგის სახელმწიფო ვიზიტები.
ვლადიმირ კარა-მურზა

„დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს პუტინის დახმარება. ჩვენ აღარ უნდა გვეგონოს, რომ გვექნება მასთან, ახალ პრეზიდენტთან ურთიერთობის, თანამშრომლობის კიდევ ერთი შესაძლებლობა. ვფიქრობ, ეს დღეები წარსულს ჩაბარდა. ყველაზე მნიშვნელოვანია დიდი დოზით შეკავების პოლიტიკა და მცირე დოზით ჩართულობა მაშინ, როდესაც ეს საერთაშორისო ინტერესებშია. ასევე, რამდენადაც შეგვეძლება, დიდი ჩართულობა რუს ხალხთან და ჩვენს საკუთარ საზოგადოებებთანაც. რომ [ვთქვათ] ჩვენ პრობლემა გვაქვს არა რუსებთან ან რუსეთთან, არამედ ჩვენი პრობლემა ვლადიმირ პუტინია“, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ბიულეტენების ჩაყრა, ამომრჩევლის მოსყიდვა, შედეგების გამოქვეყნება ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე, ცვლილებების საწინააღმდეგო კამპანიის პირობების არარსებობა - სოციალურ მედიაში არაერთი შესაძლო დარღვევის ვიდეოკადრები ვრცელდებოდა. რუსეთის ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ შედეგები გაყალბებულია. თუმცა, იმის მიუხედავადაც კი თუ რეალურად რამდენმა ადამიანმა დაუჭირა მხარი ამ ცვლილებებს კენჭისყრისას, პოლიტიკოსების და აქტივისტების, ისევე როგორც დასავლელი ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილებების მიღების შემდეგ, პუტინი არათუ მხოლოდ არადემოკრატიულ, არამედ კანონგარეშე, არალეგიტიმურ ლიდერად იქცა და მას დასავლეთიც შესაბამისად უნდა მოექცეს.

„ვფიქრობ, დასავლური დემოკრატიებისგან ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი ვლადიმირ პუტინის რეჟიმის უარყოფაა, იმ პრესტიჟისა და ლეგიტიმურობის უარყოფა, რომელიც მას ასე ძლიერად სწადია. სხვაგვარად, ის პლებისციტის გაყალბების გზით არ წავიდოდა“, - ამბობს ვლადიმირ კარა-მურზა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და „ბორის ნემცოვის სახელობის თავისუფლების ფონდის“ თავმჯდომარე და დასძენს:

ვლადიმირ კარა-მურზა
ვლადიმირ კარა-მურზა

„ძალიან მნიშვნელოვანია ვაღიაროთ არსებითი განსხვავება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინი “დე-ფაქტო“ მმართველი იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, პირველი ივლისიდან ბოლომდე, ის უკვე არალეგიტიმური, “დე-იურე“ მმართველიც ხდება. მან არ უნდა მიიღოს მიწვევები დიდი რვიანის შეხვედრაზე, არ უნდა შესთავაზონ „წითელი ხალიჩის“ დონის მოპყრობა ან ჩვეულებრივი, მაღალი რანგის სახელმწიფო ვიზიტები. ძალიან მნიშვნელოვანია მკაცრი განცხადებები, რომლებიც აისახება პოლიტიკაშიც.“

კარა-მურზა ამბობს, რომ რუსეთში გამართულ პროცესებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სწორი ტერმინოლოგიის გამოყენება. რადგან რეფერენდუმი და კანონმდებლობით მისი განმარტება არ ნიშნავს იმგვარ პროცესს, რაც რუსეთში ჩატარდა. მეორეც, რუსეთს, როგორც ეუთოს წევრ ქვეყანას, მოუწევდა რეფერენდუმის სხვაგვარ გარემოში ჩატარება: კონკრეტული ნორმებისა და პროცედურების დაცვა, ორივე მხარეს - მომხრეებისა და მოწინააღმდეგეებისთვის კამპანიის ჩატარების შესაძლებლობის მიცემა, ამასთან ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მუშაობა, თავად კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურები. კარამურზას თქმით, სწორედ ამიტომ, თავად პუტინიც კენჭისყრას, პლებისციტს უწოდებდა, ისევე როგორც ევროპელი დიქტატორები იქცეოდნენ, იქნებოდა ეს ჰიტლერი, მუსოლინი, ფრანკო თუ სხვები.

"ცვლილებები არ ხდება სისტემაში [არჩევნებით], რომელშიც აზრის თავისუფლად გამოხატვა არ შეგიძლია", - ამბობს კარა-მურზა და განმარტავს, რომ ცვლილება რუსეთში სააავარაუდოდ ქუჩის პროტესტს მოჰყვება. ეს კი შეიძლება მოულოდნელად და იმაზე გაცილებით ადრე მოხდეს, ვიდრე ეს პუტინს ან თავად ოპოზიციას წარმოუდგენია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG