ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამდენი მებრძოლია პოსტსაბჭოთა სივრციდან ისლამურ სახელმწიფოში?


სულ რამდენი რუსი მოხალისე და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებიდან წასული მეომარი იბრძვის დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოში? რუსეთი სხვადასხვა რაოდენობას ასახელებს.

დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოში 5-დან 7 ათასამდე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან წასული მოხალისე იბრძვის - აცხადებს ვლადიმირ პუტინი. რუსეთის პრეზიდენტის მიერ პარასკევს წარმოდგენილი მონაცემები გასულ თვეში გაკეთებულ განცხადებაში მოყვანილ რაოდენობას ორჯერ აღემატება.

„ჩვენ ვერ მივცემთ მათ იმის უფლებას, რომ გამოცდილება, რაც სირიაში შეიძინეს, სამშობლოში გამოიყენონ“ - უთხრა რუსეთის პრეზიდენტმა ყაზახეთში გამართულ სამიტზე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ლიდერებს. ანალოგიური განცხადება პუტინმა ადრე ტელეკომპანია „სი-ბი-ესისთვის“ მიცემულ ინტერვიუშიც გააკეთა, რათა რუსეთის მხრიდან სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა გაემართლებინა. მაგრამ მაშინ პუტინმა „2 ათასზე მეტი მებრძოლი“ თქვა, ბოლო განცხადებაში კი დასახელებული მოხალისეების რაოდენობა ბევრად მეტი იყო.

ადრეულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ სირიის ტერიტორიის 60 პროცენტს ან ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს, ან „ალ-ნუსრას ფრონტი“, ან კიდევ სხვა ჯგუფი, რომელთაც პუტინის თქმით „შეერთებული შტატები, ან გაეროს რომელიმე სხვა ქვეყანა ტერორისტულ დაჯგუფებად აცხადებს“.

ივნისში ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოში 1 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე იბრძვის. პატრუშევი რუსეთის ფე-ეს-ბეს (ფედერალური უშიშროების სამსახურის) ყოფილი შეფია, რომელიც ახლა კრემლის უშიშროების მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობს. განსხვავებული რაოდენობა დაასახელა კიდევ უფრო ადრე, თებერვალში, ფე-ეს-ბეს ახლანდელმა უფროსმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა. მისი თქმით, დაჯგუფებაში უფრო მეტი მებრძოლი, 1 700-ზე მეტი რუსი მოხალისეა.

უზუსტობა შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ რუსეთის ოფიციალური პირები და მედია იარლიყს „ისლამური სახელმწიფო“ ხშირად აკერებენ ნებისმიერ დაჯგუფებას, რომელიც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ იბრძვის. მათ შორის იმ მეამბოხეებსაც, რომელთაც დასავლეთი მხარს უჭერს.

ლონდონის კინგსის კოლეჯის რადიკალიზაციის სწავლებათა საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან წასული მეომრების სულ სხვა რაოდენობა ქვეყნდება. ანგარიშის მიხედვით, დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოში 20 ათასამდე უცხოელი მებრძოლია და მათ შორის რუსეთიდან წასულთა რაოდენობა 800-დან 1 500-მდეა. დანარჩენი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან კი მათი რაოდენობა 1 450 თუ იქნება. ასე რომ, ბრიტანელი ექსპერტების აზრით, ჯამში პოსტსაბჭოთა სივრციდან წასული მოხალისეების მაქსიმალური რაოდენობა 3 ათასი შეიძლება იყოს და არა 7 ათასი, როგორც ამას რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს.

XS
SM
MD
LG