ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული კიბერშეტევები და აშშ-ის პასუხი


რუსული კიბერშეტევები
რუსული კიბერშეტევები

9 იანვარს, ვაშინგტონში, "ატლანტიკური საბჭოს" ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, რუსული კიბერთავდასხმების შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანგარიში განიხილეს.

დაზვერვის შემაჯამებელ ანგარიშში, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა, ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ამერიკულ არჩევნებზე „გავლენის მოხდენის" დავალება გასცა, რათა დონალდ ტრამპს ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ უპირატესობა მოეპოვებინა. საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის სპეცსამსახურებს სანქციები დაუწესა და 35 რუსი დიპლომატი გააძევა. ცივი ომის შემდეგ, ვაშინგტონს კრემლისათვის ასეთი მკაცრი დიპლომატიური პასუხი არასოდეს გაუცია.

„პირველი მსგავსი კიბერთავდასხმა 2007 წელს ესტონეთზე განხორციელდა. ესტონეთის შემთხვევაა უმნიშვნელოა უკრაინაში მოსკოვის ქმედებებთან შედარებით. სადაც არ უნდა გაიხედო - დიპლომატიაში, პოლიტიკაში, სამხედრო საკითხებსა, თუ სოციალურ მედიაში - ყველგან მსგავსი თავდასხმების მაგალითებს ვხედავთ. თუ მნიშვნელოვანი მედია ხარ, შენ თავს გესხმიან. კიბერშეტევების წინააღმდეგ არანაირი სადამსჯელო ზომა არ არსებობს. შენ შენი ქვეყნის სუვერენიტეტი გიმაგრებს ზურგს. ამიტომ უფრო მეტი თავდასხმაა მოსალოდნელი“, - თქვა "ატლანტიკური საბჭოს" წარმომადგენელმა, ელჩმა კენეთ გეერსმა, .

პოლიტიკური მიმომხილველების თქმით, რუსეთის კიბერთავდასხმები პოსტ-საბჭოთა სივრცეში ნაცადი ხერხია. 2007 წელს მოსკოვმა ესტონეთს "ბრინჯაოს ჯარისკაცის" ძეგლის გადატანის გამო შეუტია. თავს დაესხნენ ესტონეთის პარლამენტს, სამინისტროებს, ბანკებსა და მედიას. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისას, მოსკოვის სამიზნე საქართველოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურა იყო. რუსეთთან კრიზისის გამწვავებისას კიბერთავდასხმებს ვერც უკრაინა გადაურჩა.

„რუსეთი უკრაინასთან ჰიბრიდულ ომს აწარმოებდა. მისი ძალისხმევა უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ოფიციალური პირების წინააღმდეგ იყო მიმართული. უკრაინის მაგალითზე დასკვნები უნდა გამოგვეტანა და კიბერუსაფრთხოების გეგმაზე გვემუშავა", - განაცხადა გეერსმა.

ელჩ ჯონ ჰერბსტის თქმით, „არაფერია იმაზე სავალალო, როდესაც უცხო ძალა ამერიკის პრეზიდენტის დანიშვნას ცდილობს“. „საჭიროა, თავდაცვის პოლიტიკის განსაზღვრაში კიბერუსაფრთხოებას მეტი ყურადღება დავუთმოთ. ის, რომ ჩვენ პასუხის გაცემა გვიწევს, უკვე შეცდომაა“, განაცხადა ჰერბსტმა.

მიმომხილველები შიშობენ, რომ რუსეთი ევროპის არჩევნებზე ზემოქმედებასაც შეეცდება.

„საჭიროა საპასუხო მოქმედება. პუტინმა და სხვა ავტოკრატებმა იციან, რომ ისინი [კიბერთავდასხმების წინაშე] უფრო დაუცველნი არიან და მათზე ინფორმაციის შეგროვებაც უფრო იოლია, თუ ამის სურვილი გაქვს“, განაცხადა გეერსმა.

რუსეთი აშშ-ზე კიბერთავდასხმას უარყოფს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკეული დაზვერვის ინფორმაციას „ტყუილს“ უწოდებს.

„ობამას ადმინისტრაციამ დეზინფორმაციის ეს კამპანია ნახევარი წლის წინ დაიწყო, რათა ნოემბრის არჩევნებში სასურველი კანდიდატისათვის შეეწყო ხელი. შედეგს ვერ მიაღწია და ახლა წარუმატებლობის მიზეზს ეძებს, რითაც ორმაგად ურტყამს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს”, - ამბობს რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებაში პრეს-სპიკერი მარია ზახაროვა.

პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ამერიკის სანქციებზე პასუხის გაცემას არ აპირებს. არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი თავშეკავების გამო შეაქო. დაზვერვის ანგარიშის გაცნობის შემდეგ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა: არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჰაკერულმა შეტევებმა არჩევნების შედეგზე გავლენა მოახდინა“.

CNN-ის უახლესი ინფორმაციით, მასალები, რომელიც დაზვერვამ ტრამპს წარუდგინა, შეიცავს ვარაუდს, რომ პუტინს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ პირადი და საფინანსო შინაარსის კომპრომატები აქვს.

XS
SM
MD
LG