ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ემბარგო დასავლურ პროდუქციაზე


უკრაინის კონფლიქტის გამო რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების საპასუხოდ, რუსეთი დასავლურ პროდუქციაზე ემბარგოს გაგრძელებას აპირებს. ემბარგომ უკვე გამოიწვია ფასების ზრდა ევროპულ ხორცზე და ყველ-პროდუქტებზე, მაგრამ ამავდროულად ბიძგი მისცა ადგილობრივ მწარმოებლებს.

დონ ჯულიოს დელიკატესების მაღაზიის რეკლამა მოსკოვში რუსეთის მიერ დასავლური საკვები პროდუქციის ემბარგოს ეხმიანება. სახალისო მარკეტინგული კამპანია ამბობს, რომ ვიზუალური ტექნოლოგია მაღაზიებს საშუალებას აძლევს პოლიციას ეგრეთწოდებული აკრძალული იტალიური დელიკატესები მოარიდონ.

თუ სანქციები გაგრძელდა, და ჩვენ გვსურს რომ ის გაგრძელდეს, ვთქვათ მომდევნო 10 წლის განმავლობაში რომ ჩაიკეტოს ჩვენი ბაზარი, მაშინ შიდა ბაზარს განვავითარებდით ჩვენი ეროვნული მწარმოებლებისთვის. ამას ჩვენთვის ძალიან კარგი შედეგი ექნებოდა.
დანილ სოკოლოვი, მეწარმე

აკრძალვა მხოლოდ იმპორტის ახალ ნაკადებს მოიცავს და უკვე არსებულ პროდუქციას არ ეხება. რესტორნის მფლობელი ჯულიო ზომპი ამბობს, რომ ამიტომაც ემბარგოს ამოქმედებამდე პროდუქტი მოიმარაგა:

„ეს იყო ემბარგოს პირველი შედეგი. ფინანსურად საკმაოდ რთული იყო ამდენი პროდუქტის მომარაგება.“

ჯულიომ იმპორტის გვერდისაქცევით კიდევ ერთი პროექტი წამოიწყო.

„ემბარგოს შემდეგ, ცოტა ადრეც კი, რუსეთში იტალიელების მიერ იტალიური პროდუქციის წარმოება დავიწყეთ. პატარა ლოგოც შევქმენით, რომელზეც წერია - დამზადებულია რუსეთში იტალიელების მიერ,“ ყვება ის.

რუსეთის ეკონომიკურმა კრიზისმა ძვირადღირებული ყველის გაყიდვები შეამცირა.

ზომპის თქმით ამას ულაქტოზო ყველის წარმოებაზე აკრძალვის მოხსნაც დაემატა. შედეგად მაღაზია ისევ სავსეა:

„ულაქტოზო პარმეჯანი და გრანა პანადო, რომელიც ზოგადად მაღაზიებში ნაკლებად მოიპოვება, ახლა ბლომად გვაქვს. ყველა პროდუქტი გვაქვს რაც გვჭირდება, სალიამის გარდა.“

მისი თქმით იტალიური ყველის რუსი მწარმოებლები, რომლებიც ბაზრის ათვისებას ცდილობენ, გემრიელ ყველს ვერ აწარმოებენ. რუსული ყველის მწარმოებელი დანილ სოკოლოვი მას არ ეთანხმება.

„თუ ევროპელი მწარმოებლები აქ მოვლენ და შეეცდებიან საქმის კეთებას, მერე მივცემთ იმის თქმის უფლებას, რომ უგემურ ყველს ვაწარმოებთ. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ყველი უგემურია, სანამ მას არ გასინჯავს.“

სოკოლოვი „კოზა ნოსტრას“ მენეჯერია, მის საწარმოს ისევე ჰქვია როგორც იტალიურ-ამერიკულ მაფიას სლენგზე. სოკოლოვის თქმით ბოლო 5 წლის განმავლობაში მის მიერ წარმოებულ თხის ყველზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.

„თუ სანქციები გაგრძელდა, და ჩვენ გვსურს რომ ის გაგრძელდეს, ვთქვათ მომდევნო 10 წლის განმავლობაში რომ ჩაიკეტოს ჩვენი ბაზარი, მაშინ შიდა ბაზარს განვავითარებდით ჩვენი ეროვნული მწარმოებლებისთვის. ამას ჩვენთვის ძალიან კარგი შედეგი ექნებოდა.“

სოკოლოვის თქმით თუ ემბარგო მალე მოიხსნა, მისი საწარმო ევროპულ მწარმოებლებს კონკურენციას ვერ გაუწევს.

ამასობაში იტალიურ რესტორნებს რუსეთში სჯერათ, რომ ადგილობრივი მწარმოებლები დანაკლისს შეავსებენ.

XS
SM
MD
LG