ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამომრჩევლებზე გავლენის მოსახდენად, რუსეთი ყურადღებას სოციალური მედიის ამერიკელ ვარსკვლავებზე ამახვილებს


შეერთებული შტატების ოფიციალური პირების და ცოტა ხნის წინ გამჟღავნებული კრიმინალური ბრალდებების თანახმად, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რუსეთი სულ უფრო მეტად მიმართავს ამერიკული სოციალური მედიის ვარსკვლავებს, რათა ამომრჩევლებზე ფარული ზემოქმედება მოახდინოს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ამერიკული უშიშროების სააგენტოები ასეთ მიდგომას განიხილავენ ტაქტიკად, რომელსაც რუსეთი უპირატესობას ანიჭებს, რათა უცხოეთში თავის ფსიქოლოგიურ ოპერაციებს უფრო დამაჯერებელი სახე მისცეს. ზოგადად, ასეთი ოპრეაციები გათვლილია იმაზე, რომ ამერიკელებში ბრაზი გამოიწვიოს, საზოგადოებაში არსებულ დაყოფებზე აქცენტი გააკეთოს, გამოკვეთოს მიკერძოებული თემები და იმავდროულად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობა და გლობალურ უსაფრთხოებაში მისი როლი.

ივლისში, არჩევნების უსაფრთხოების თემაზე გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ის დაზვერვის მაღალი თანამდებობის პირმა ჟურნალისტებს უთხრა: „ამ ტაქტიკაზე ყურადღებას ვამახვილებთ, რადგან ამერიკულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მასალები, რომელსაც ინტერნეტზე, განსაკურებით სოციალურ მედიაში ეცნობიან, შესაძლოა უცხოური პროპაგანდა იყოს, თუნდაც ისე გამოიყურებოდეს, რომ ის ამერიკელი თანამოქალაქეების მიერ არის შექმნილი. მოკლედ რომ ვთქვათ, უცხოური გავლენის აგენტები საკუთარი ხელის უკეთ დამალვაში უფრო წარმატებული ხდებიან და ამისთვის ამერიკელებს იყენებენ.“

ოთხშაბათს იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა კრიმინალური ბრალდებები „რაშა თუდეის“ ორი ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ. იუსტიციის დეპარტამენტი ამბობს, რომ ისინი ამერიკულ პოლიტიკურ მედია კომპანიას ფარულად აფინანსებდნენ.

ბრალდებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა 10 მილიონი დოლარი გაუგზავნა მედია ბიზნესის ორ მფლობელს, ლორენ ჩენს და ლიამ დონოვანს. მათ კი სოციალურ მედიაში ამერიკელ კონსერვატიულ გავლენიან ფიგურებს ვიდეო და მედია მასალების შექმნისთვის ფული გადაუხადეს.

ბრალდებაში ნათქვამია, რომ ჩენმა და დონოვანმა იცოდნენ, რომ ფულს რუსი აგენტებისგან იღებდნენ, მაგრამ კომენტატორებმა, რომლებსაც მათ მასალებში ფულს უხდიდნენ, სავარაუდოდ ამ სქემის შესახებ არ იცოდნენ.

ნათელი არ არის თუ გამოძიების ფედერალური ბიურო როგორ ან როდის აფრთხილებს სოციალური მედიის ამერიკელ ვარსკვლავებს, რომ ისინი უცხოური გავლენის ოპერაციაში არიან ჩართული.

ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისმა თქვა, რომ „თავდაცვითი ბრიფინგები“, რომლითაც ამერიკელებს აფრთხილებენ, რომ ისინი უცხოური გავლენის სამიზნეები არიან, უკვე ძალას იკრებს.

XS
SM
MD
LG