უკრაინაში მაღაზიების, რესტორნებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა გაჩერდა. ქვეყანა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ზომებს ამკაცრებს. ამავე დროს, პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა კიევში, ქირურგიული დანიშნულების 100 000 ნიღბის მოპარვის მცდელობისთვის.
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 7 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 1 - გარდაცვალების. ხელისუფლება მოსახლეობას გადაუდებელი საჭიროების გარეშე სახლიდან გამოსვლისგან თავის შეკავებას ურჩევს. თუმცა გადაადგილების კონკრეტული შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ ჯერ განცხადება არ გაკეთებულა.
ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობის მიერ გადადგმული რამდენიმე საგანგებო ნაბიჯის შემდეგ, სამშაბათს პარლამენტმა სპეციალურ სხდომაზე დაამტკიცა რეგულაცია იმ ადამიანთა დაჯარიმებისა და დაპატიმრების თაობაზე, ვინც კარანტინს დაარღვევს. ქვეყანამ საჰაერო მიმოსვლა მთლიანად შეზღუდა და ოთხშაბათიდან შიდა ფრენებიც აიკრძალება.
დღესვე, ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხუთმა ადამიანმა, რომლებიც თავის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებად წარდგენას ცდილობდნენ, იარაღის მუქარით, შეძლეს იმ 100 000 ნიღბის გატაცება, რომელიც კერძო მეწარმეს მანქანაში ჰქონდა შენახული. "ფასზე, თუ გაყიდვის სხვა პირობებზე მოლაპარაკების ნაცვლად, კრიმინალები თავს დაესხნენ გამყიდველს, წაიღეს ნიღბები და მამაკაცს სცემეს", - ამბობს კიევის პოლიციის უფროსი, ანდრეი კრიშჩენკო. მისი თქმით, პოლიციის უნიფორმაში გამოწყობილმა ეჭვმიტანილებმა იარაღის მუქარით არაერთი ნივთი მიითვისეს.
სააგენტო "უნიანი" უკრაინის პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეიარაღებული ძარცვის ფაქტი 13 მარტს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კრიზისისას ნიღბების ძვირად გაყიდვის მიზნით, რამდენიმე პირს კვირების განმავლობაში 37 000 $-ის ღირებულების ნიღბები ჰქონდა შეძენილი.
Facebook Forum