გუშინ რიო დე ჟანეიროში ოლიმპიურ ჩირაღდნს ფანებთან ერთად საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებიც შეხვდნენ. მომიტინგეები ბრაზილიაში ეკონომიკური და სოციალური პროგრესის ნაკლებობას აპროტესტებდნენ.
იახტამ, რომელსაც ორი ბრაზილიელი ოლიმპიელი მართავდა, ცეცხლი ქალაქი ნიტერიოდან რიოს ისტორიულ საზღვაო ბაზამდე მიიტანა. ოლიმპიელებმა ჩირაღდანი რიო დე ჟანეიროს მერს ედუარდო პაესს გადასცეს.
ჩირაღდნის გადაადგილების მარშრუტზე პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა მოიტინგეების დასაშლელად. ბრაზილიელების ერთი ნაწილი უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით გამოხატავს, რომ ოლიმპიადის ორგანიზება ქვეყანას 12 მილიარდი დოლარი დაუჯდა, ქვეყანაში კი უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში უმძიმესი რეცესია მიმდინარეობს.
ოლიმპიადის გახსნას თან სდევს ზიკას ვირუსის გავრცელება და ერთ-ერთი უმსხვილესი კორუფციული სკანდალი ქვეყნის ისტორიაში. ოთხშაბათის ინფორმაცით, დაახლოებით 1 მილიონი ბილეთი ჯერ ისევ გასაყიდია.
ოლიმპიური ჩირაღდანი რიოში სამი დღის განმავლობაში დარჩება - ეწვევა ქალაქის ნაკლებად განვითარებულ უბნებს, სანაპიროებს და ბოლოს კორკოვადოს მთაზე მდებარე იესოს ცნობილ ქანდაკებას ეწვევა. ამის შემდეგ მას მარაკანას სტადიონზე მიიტანენ, სადაც 2016 წლის რიოს ზაფხულის ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნება.