ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელების მომავალი


რესპუბლეკელებმა უკვე დაიწყეს მზადება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის

შეერთებულ შტატებში რესპუბლიკური პარტია გასული წლის ნოემბრის არჩევნების შემდეგ ჭრილობების მოშუშებას ცდილობს. ამ არჩევნებში რესპუბლიკელებმა მძიმე დამარცხება განიცადეს. პრეზიდენტად მეორე ვადით კვლავ ბარაკ ობამა აირჩიეს, რესპუბლიკელებმა კი დაკარგეს ადგილები სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში.

რესპუბლეკელებმა უკვე დაიწყეს მზადება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. თეთრი სახლისთვის ბრძოლაში ისინი ბუშების ოჯახის გავლენის გამოყენებას აპირებენ.

პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, რესპუბლიკელთა არჩევანი ამჯერად ფლორიდის ყოფილ გუბერნატორზე ჯეფ ბუშზე შეჩერდება, რომელმაც 2008 და 2012 წლებში უარი თქვა საპრეზიდეტო არჩევნებში მონაწილეობაზე. მამის და უფროსი ძმის პრეზიდენტობის შემდეგ ჯეფ ბუში არ გამორიცხავს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით არაფერი აქვს გადაწყვეტილი.

ტელეკომპანია ენ-ბი-სის ეთერში, იმიგრაციის კანონმდებლობის შესახებ თავისი ახალი წიგნის პრეზენტაციის დროს, ჯეფ ბუშმა ამგვარი განცხადება გააკეთა:“ იმიგრაცია მნიშვნელოვანი საკითხია. ეს არ არის აზიელი და ლათინო ამერიკელების მთავარი პრობლემა, მაგრამ ის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან თუ ჩვენ ამ ხალხს გავრიყავთ ისინი ვერასოდეს გახდებიან ჩვენი გუნდის წევრები.“

თუ ჯეფ ბუში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილოებას გადაწვიტავს, მას პირველ რიგში ახალგაზრდა რესპუბლიკელების წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს, რომლებსაც ასევე გააჩნიათ პრეზიდენტობის ამბიცია. მისი პოტენციური მოწინააღმდეგენი ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო, ვისკონსინელი კონგრესმენი პოლ რაიანი, ნიუ ჯერსის და ლუიზიანას შტატების რესპუბლიკელი გუბერნატორები ქრის ქრისტი და ბობი ჯინდალი იქნებიან.

მათ შეიძლება შეუერთდნენ ჩაის სმის მოძრაობის წევრები, სენატორები რენდი პოლი და ტედ კრუზი.
რესპუბლიკელები ერთ რამეში თანხმდებიან, რომ საჭიროა ახალი ელექტორატის გადმობირება, რადგან პარტია ამჟამად თეთრკანიანი მამაკაცების ხმებზეა დამოკიდებული. ამ თვალსაზრისს იზიარებს საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული მიტ რომნი, რომელმაც ტელეკომპანია ფოქს ნიუსში ასე განაცხადა:’’ჩვენ უნდა გამოვასწოროთ მუშაობა და მეტი ყურადღება მივაქციოთ უმცირესობებს. უნდა ავუხსნათ ადამიანებს რატომ არის ჩვენი იდეოლოგია მათთვის კეთილდღეობის მომტანი.“

როგორც რესპუბლიკელი ანალიტიკოსი სკოტ ფოლკნერი აცხადებს, დადგა დრო როდესაც წინა პლანზე ახალი ლიდერები უნდა წამოვიდნენ. მისი თქმით:“ ჩვენი პარტია ძალზე პოლარიზებულია და ფორმალური ლიდერის გარეშე ფაქტიურად უწინამძღოლოდ არის დარჩენილი, ასეთ პირობებში ახალი ხალხი უნდა გამოვიდეს ასპარეზზე.“

რესპუბლიკელი კონსერვატორები მიიჩნევენ, რომ მიტ რომნის დამარცხების მიზეზი პრინციპულ საკითხებში მის მიერ დაშვებული კომპრომისები გახდა. რომნი შეცდა, როდესაც ზომიერი ელექტორატის გულის მოგება გადაწყვიტა და საბოლოოდ კონსერვატორების ხმებიც დაკარგა.

როგორც პოლიტოლოგი ნორმ ორნსტეინი ამბობს:“ ისინი ძალზე შეშფოთებულნი არიან, რომ პარტიაში განხეთქილებამ უფრო ღრმა ხასიათი არ მიიღოს. ასეთ შემთხვევაში მათ 2106 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯების შანსი აღარ ექნებათ.“

რესპუბლიკელებს წინ დიდი სამუშაო ელით, რადგან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით ამომრჩეველთა 70% უკმაყოფილოა რესპუბლიკელთა მოღავაწეობით შეერთებული შტატების კონგრესში.
XS
SM
MD
LG