ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"- მოვუწოდებთ ხალვაშს, შეასრულოს თავისი დაპირებები


ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს გადაწყვეტილებას, რომ ძალაში დარჩენილიყო საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება რუსთავის 2-ის მფლობელთან დაკავშირებით, ეხმიანება პრესის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.

განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ გამოაქვეყნა წერია, რომ: „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოუწოდებს ტელევიზიის გუნდს სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობისკენ, ხოლო მედიის მფლობელსა და პოლიტიკურ პარტიებს თხოვს ნაკლები გავლენა მოახდინონ ტელევიზიაზე.“

ორგანიზაციაში თვლიან, რომ მფლობელის ცვლილებამ, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს ტელევიზიაში: „რუსთავი 2-ის მფლობელობისთვის განგრძობადი დავის მიღმა, მფლობელის შეცვლის პოტენციური შედეგები იწვევს ეჭვებს. რუსთავი 2 არის საქართველოს როგორც ყველაზე პოპულარული ტელევიზია, ასევე ოპოზიციის მთავარი საშუალება გააჟღეროს საკუთარი აზრები.“

„ამერიკის ხმა“ ესაუბრა იოჰან ბირს, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ქიბარ ხალვაში არ ჩაერიოს სარედაქციო პოლიტიკაში და ამის შესასრულებლად სანდო გარანტიები უნდა წარუდგინოს საკუთარ თანამშრომლებს. გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს იოჰან ბირთან:

ბატონო იოჰან, როგორ შეაფასებდით, სტრასბურგის გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით?

ჩვენ ბევრს ვერაფერს ვიტყვით რუსთავი 2-ის მფლობელობაზე მიმდინარე დავასთან დაკავშირებით, ჩვენი მთავარი საფიქრალია, პოტენციური შედეგები ქართულ მედია პლურალიზმზე.

ქიბარ ხალვაშმა პირობა დადო, რომ არ ჩაერევა არხის სარედაქციო პოლიტიკაში, თუმცა, ჟურნალისტები, ვისაც მასთან უმუშავიათ ამბობენ, რომ სწორედ ის განსაზღვრავდა არხის პოლიტიკას „რუსთავი 2“-ის მფლობელობისას. გჯერათ თუ არა, რომ ხალვაში პირობას შეასრულებს?

მთელი სერიოზულობით მოვუწოდებთ ქიბარ ხალვაშს, რომ შეასრულოს თავისი დაპირებები. მან უნდა წარმოადგინოს სანდო გარანტიები, რომ ის პატივს სცემს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობას. მან ასევე, უნდა უზრუნველყოს კომპანიის ეკონომიკური გადარჩენა.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება?

რუსთავი2 -ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იქნება მთავარი დარტყმა სატელევიზიო პლურალიზმზე, რადგან რუსთავი 2 არის გამონაკლისი მაშინ, როდესაც პრო-სახელისუფლებლო ტელევიზიები ჭარბობენ ბაზარზე. ამიტომაც, ამის [სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა] თავიდან აცილება უნდა მოხდეს.

როგორ ფიქრობთ, რისი გაკეთება შეიძლება საქართველოში მედია-გარემოს გასაუმჯობესებლად?

მოკლევადიან პერსპექტივაში, ბალანსი უნდა იყოს დაცული პრო-სახელისუფლებლო და ოპოზიცურ სატელევიზიო არხებს შორის, რათა არსებობდეს პლურალიზმი. გრძელვადიან პერსპექტივაში კი უმნიშვნელოვანესია, რომ ჩატარდეს რეფორმები, რაც შეამცირებს მედია მფლობელებისა და პოლიტიკური პარტიების გავლენას სარედაქციო პოლიტიკაზე საქართველოში. პროცესში სანდო სტრუქტურები უნდა ჩაერთონ, რათა ჟურნალისტები ამ ტიპის ჩარევებისგან დაცულები იყვნენ და მათ ჰქონდეთ საშუალება, რომ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებითა და ეთიკით იმოქმედონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG