ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეგიონული დიალოგი მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე


„სამხრეთ კავკასია: მშვიდობისა და უსაფრთხოების რეგიონული არქიტექტურა“ - ამ სახელწოდებით გაიმართა შეხვედრა ერევანში, რომელსაც ქართველი, აფხაზი, ოსი, სომეხი და ყარაბახელი მონაწილეები ესწრებოდნენ.

„სამხრეთ კავკასია: მშვიდობისა და უსაფრთხოების რეგიონული არქიტექტურა“ - ამ სახელწოდებით გაიმართა შეხვედრა ერევანში, რომელსაც ქართველი, აფხაზი, ოსი, სომეხი და ყარაბახელი მონაწილეები ესწრებოდნენ. კავკასიური სახლი, ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხეთის კომიტეტი და ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი შეხვედრის თანაორგანიზატორებს წარმოადგენენ.

რეგიონული, ქართულ-ოსური-აფხაზურ-სომხურ-ყარაბახული შეხვედრა უნიკალური იმითაა, რომ აქ თავს იყრიან განსხვავებული შეხედულებების ადამიანები, რომლებიც გულწრფელი დიალოგის გზით ცდილობენ საკუთარი პოზიციების წარდგენას, დაფიქსირებას და სხვადასხვა წინადადების მშვიდობიან განხილვას.

ამერიკის ხმასთან შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ნინო კალანდარიშვილმა ისაუბრა: „შეხვედრაზე ასევე იყო პროფესიული კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა ქართველ, აფხაზ, ოს, სომეხ და ყარაბახელ მონაწილეებს შორის. შეხვედრების დინამიკიდან თუ ვიმსჯელებთ, ქართველებისა და სომეხი მონაწილეებისგან გულწრფელობის ხარისხის შემცირებაზე ან გაზრდაზე ვერ ვისაუბრებ. ისინი ისედაც საკმაოდ გულწრფელები იყვნენ ხოლმე, ასევე საკმაოდ კრიტიკულები როგორც ერთმანეთის მიმართ, ასევე მთალიანად სიტუაციის მიმართ. ეს, მე მგონი, საკმაოდ კარგი მაგალითია აფხაზებისთვის და ოსებისთვის, რომლებიც ხედავენ, რომ შიდა დისკუსიები ქვეყანაში მიდის.შიდა დისკუსიების არსებობა კი დემოკრატიის ერთ-ერთი სერიოზული ინდიკატორია.“

ამერიკის ხმა ერევანში შეხვედრის აფხაზ მონაწილესაც უსაუბრა, რომელიც ინტერვიუზე კონფიდენციალობის პირობით დაგვთანხმდა. იგი ამბობს: „ხშირად მესმის, რომ ქართული მხარე, ხელისუფლება ძალიან ბევრს აკეთებს აფხაზებისთვის და ჩვენი მხრიდანაც ელოდება შემხვედრ ნაბიჯებს. მაგრამ ამათანავე, ჩვენ ვაკვირდებით, რომ საქართველოს მხრიდან უმრავი წინააღმდეგობრივი ნაბიჯი იდგმება აფხაზებთან მიმართებით. ნებისმიერი ჩვენი სურვილი, მისწრაფება გავიდეთ საერთაშორისო ასპარეზზე, ნებისმიერი ჩვენი მცდელობა დავამყაროთ დიპლომატიური, საერთაშორისო, ან უბრალოდ, ადამიანური ურთიერთობები საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან, იბლოკება საქართველოს მხრიდან. თუ არ იბლოკება, სულ მცირე ადგილი აქვს ხელის შეშლის მცდელობებს მაინც. ამგვარ ქმედებებს, უმეტესწილად ადგილი აქვს საელჩოების მხრიდან, რომლებიც დირექტივებს ცენტრიდან იღებენ. ეს ჰგავს ბორბლებში ჯოხის გაყრას. ეს ხდება იმის პარალელურად, რომ საქართველო დეკლარირებს ჩვენთან ურთიერთობის სურვილს. ამგვარი მცდელობები აფუჭებს ზოგად ფონს ურთიერთობებში და ამას ხედავს მომავალი თაობა.“

კავკასიური სახლის პროექტების კოორდინატორი მშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამაში ივანე აბრამაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს: „ვცდილობთ, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენების პულსზე ხელი გვეჭიროს. ზოგჯერ ხდება, რომ შეხვედრებზე განხილული თემები გამოძახილს პოულობენ სტატიებში, დისკუსიებში, ანუ მაინც გამოდის ეს საჯარო სივრცეში, დისკუსიის საგნად იქცევა და ცდილობს მეინსტრიმ იდეებს დაუპირისპირდეს. რაც შეეხება გულწრფელობას, მე მიმაჩნია, რომ ძალიან გულწრფელი შეხვედრა იყო, ყველა მხარე ბოლომდე ცდილობდა სათქმელის თქმას, მიმდინარეობდა კონსტრუქციული საუბრები, ადგილი არ ჰქონია ერთმანეთზე სხვადასხვა რამის გადაბრალებას.“

შეხვედრების ორგანიზება, რომელიც ითვალისწინებს მონაწილეების დასწრებას არაღიარებული რესპუბლიკებიდან, უამრავი ბიუროკრატიული წინაღობის დაძლევას ითვალისწინებს. პოლიტიკური კონიუნქტურის მიუხედავად, დიალოგის პროცესი შეხვედრებზე საკმაოდ საინტერესოდ და დინამიურად მიმდინარეობს. დამშვიდობებისას კი მონაწილეები ყოველთვის აფიქსირებენ პოზიტიურ განცდებს, მშვიდობიანი მომავლის იმედსდა სურვილებს იმის თაობაზე, რომ ადამიანური ურთიერთობების დასამყარებლად პოლიტიკური წინაღობები ხელისშემშლელი ფაქტორი არ იყოს.

XS
SM
MD
LG