ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელები ისრაელს ეკონომიკურ ჩავარდნაში ადანაშაულებენ


საებ ერეკატი - მძიმე მდგომარეობას მხოლოდ პალესტინის დამოუკიდებულობა განმუხტავს

ქალაქ რამალაში მცხოვრები პალესტინელები პალესტინის ტერიტორიებზე საგარეო დახმარების შემცირებით გამოწვეულ ეკონომიკურ უკუსვლასთან გამკლავებას ცდილობენ. როგორც „ამერიკის ხმის” კორესპონდენტისთვის, სეტარე სიგისთვის გახდა ცნობილი მისი ბოლო ვიზიტის დროს, შექმნილი სირთულეების გამო ბევრი მათგანი პალესტინის ხელისუფლებას და ისრაელს ადანაშაულებს.

რამალის მცხოვრებთათვის უჩვეულო არ არის ისრაელის ოკუპაციის წნეხთან გამკლავება. ამ ქალაქს ეკონომიკური წინსვლის გამო აქებენ. თუმცა, იმის გამო, რომ რეგიონი ეკონომიკური თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაშია, დასავლეთ სანაპიროზე ქალაქში ბაზირებული პალესტინის ლიდერთა მიმართ შეკითხვები გაისმის.

„პალესტინის ხელისუფლებისგან არავითარ დახმარებას არ მოველი - შესაძლოა, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ჩამოყალიბდება, მაგრამ ხელისუფლების დაფინანსებაზე არსებობის პირობებში, ვითარება არ გაუმჯობესდება,” - ამბობს პალესტინელი თინეიჯერი.

„პალესტინის ხელისუფლება ისრაელის მოქალაქეებს უკეთესად ეპყრობა, ვიდრე ჩვენ,” - განმარტავს მეორე თინეიჯერი.

ეს ორი ახალგაზრდა რამალაში, ამარის ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობს, სადაც 7,000-მდე ადამიანი საკუთარ ოჯახებთან ერთად ისრაელის მიერ 1948 წელს ინიცირებული ომის შედეგად მოხვდნენ. მათ პალესტინის ხელისუფლება მართავს, რომელიც საერთაშორისო დახმარებებზეა დამოკიდებული. გლობალური ეკონომიკის რყევის ფონზე, დახმარება თითქმის განახევრდა და ყოველწლიურად მილიარდ დოლარზე ნაკლებს შეადგენს. ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულთა დროულ ანაზღაურებას.

ომირის ოჯახი სამ თაობას და ორ სხვადასხვა ოჯახს ერთ პატარა სახლში პატრონობს. ნური მათი ძირითადი დამხმარეა. ის პალესტინის ხელისუფლებაში მასწავლებლად მუშაობს, თუმცა, ხელფასი რამდენიმე თვეა არ მიუღია.

„პალესტინის ხელისუფლებას არ შესწევს უნარი სწორი ადმინისტრირება გასწიოს,” - ამბობს ნური.

ნურის მეუღლე, ნაზირი, დურგალია. იმის გამო, რომ მის საქმიანობაში ცოტას თუ შეუძლია ფულის გადახდა, ერთ წელზე მეტია უმუშევარია. თუმცა, იგი პრაგმატიკოსია.

„ისრაელს უკეთესი მეზობლობა უნდა გავუწიოთ. მაშინ შევძლებთ, გავხსნათ საზღვრები ვაჭრობისთვის,” - ამბობს ნაზირი.

თუმცა, რამალის სხვა მრავალი ბინადრის მსგავსად, მასაც სჯერა, რომ ისრაელის ქმედებები ჩასახლებებთან დაკავშირებით ოკუპირებულ დასავლეთის სანაპიროზე მშვიდობის დამყარებას თითქმის შეუძლებელს ხდის.

„ისრაელი წინაღობას ქმნის, რადგან ლტოლვილების საკითხზე მოლაპარაკებას ვერ ახერხებს. ჩასახლებების პირობებში, ყველა მოლაპარაკება ჩიხში იქნება მოქცეული. ეს ასპექტი მშვიდობის მისაღწევად ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს.”

პალესტინის მხარის მთავარი მომრიგებელი, საებ ერეკატი ამბობს, რომ მძიმე მდგომარეობას მხოლოდ პალესტინის დამოუკიდებულობა განმუხტავს.

პალესტინის ხელისუფლება გეგმავს, გაეროსგან პალესტინის ამჟამინდელი სტატუსის არაწევრი სახელმწიფოს სტატუსით ჩანაცვლება მოითხოვოს.

„ჩვენ ამას მივაღწევთ. უამრავი სახელმწიფოა, რომელიც გვერდში დაგვიდგება,” - ამბობს საები.

თუმცა, გაურკვეველია, რა ზეგავლენას იქონიებს ეს ყოველივე დასავლეთ სანაპიროზე. ისრაელის სასაზღვრო პუნქტებისა და ვაჭრობაზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე ბიზნესი ყოველდღიურად ფერხდება.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, მაზენ სინოკროტის თქმით, ძირითად საფრთხეს უმუშევრობა წარმოადგენს, რომელიც 25 პროცენტს შეადგენს.

„პალესტინელთა დიდი ნაწილი უიმედოდ იმის გამოა, რომ სამუშაოს ვერ შოულობს. უახლოეს რვა წელიწადში ერთ მილიონამდე სამუშაო ადგილის შექმნის საჭიროება არსებობს. ასე რომ, ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა და გამოწვევა ყველასათვის, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობისათვის,” - ამბობს მაზენ სინოკროტი.

სიღარიბე მატულობს. თუ ასე გაგრძელდა, სკოლამდელ ბავშვებს დასავლეთ სანაპიროზე არანაირი მომავალი არ აქვთ. ამ რეგიონში განლაგებულ ლტოლვილთა ბანაკებში მცხოვრები ოჯახების თითქმის ნახევარი გაეროს მიერ „სურსათის ნაკლებობის” სტატუსით კლასიფიცირდება.

ომირის მსგავსი ოჯახებისათვის, გადარჩენის საშუალება ბარტერი და მეგობრებისგან სესხის აღებაა. ეს ასპექტი კი მათ ძალიან აღელვებთ.

„ჩემი შვილებისთვის იმედისმომცემი მომავალი და დადებითი პერსპექტივები მინდა. თუმცა, გარეშე ფაქტორები ამის საშუალებას არ იძლევა,” - ამბობს ნური.

სავარაუდოდ, ეს ვითარება მომავალშიც გაგრძელდება. ისრაელი კონტრიერიშით იმუქრება, რაც, შესაძლოა, პალესტინის ხელისუფლებისათვის გადასახდელი საგადასახადო თანხების შეკვეცას გულისხმობდეს იმ შემთხვევაში, თუ პალესტინას მართლაც შეეცვლება გაეროს სტატუსი. ამან კი, შესაძლებელია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პალესტინელების ცხოვრება გაცილებით გაართულოს.
XS
SM
MD
LG