18 სექტემბერს, ორი ტელეკომპანიის - „მაესტროს" და „მეცხრე არხის" - ეთერით პატიმართა წამების და დამამცირებელი მოპყრობის შემცველი ვიდეო კადრები გავიდა.
შოკისმომგვრელი ვიდეო მასალა ასობით ადამიანის ქუჩებში გამოსვლის და მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე პროტესტის მიზეზი გახდა.
კადრებში, ციხის დაცვის წარმომადგენლები პატიმრებს სცემენ, დასცინიან, აუპატიურებენ და მათ მუდარას - ძალადობის შესაწყვეტად - იგნორირებას უხდენენ.
ვიდეო მასალის გამჟღავნებამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უწყების 3 თანამშრომელი განთავისუფლებულია სამსახურიდან პატიმრებთან არაადამიანური მოპყრობის გამო.
მოგვიანებით, სამინისტრომ დააკონკრეტა, რომ ციხის ადმინისტრაციის წევრები და დაცვა ვინაობადაუდგენელმა „კლიენტებმა" პატიმარ თამაზ თამაზაშვილის საშუალებით მოისყიდეს. თუმცა, სამინისტროს არ დაუკონკრეტებია ამ გარიგების სავარაუდო მოტივი. პენიტენციალური სისტემის ხელმძღვანელმა ხათუნა კალმახელიძემ კი, გარიგების მონაწილე პირებს სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა დასდო ბრალად.