ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტისთვის გამოწვევა აღმოსავლეთში დაპირისპირების დასრულება იქნება


კიევთან ახლოს ეროვნული გვარდიის ახალი ბატალიონი წვრთნებს გადის. ინსტრუქტორები ჯარისკაცებს პოლიგონზე სროლას ასწავლიან.

ეს ჯარისკაცები რიგითი წვევამდელები არ არიან. ისინი ბრძოლებში გამოცდილი ადამიანები-რამდენიმე თვის წინ რიგითი მოქალაქეები, დღეს კი აღმოსავლეთ უკრაინაში პრო-რუსული სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებული მებრძოლები არიან.

მათი მეთაური სემიონ სემენჩენკო ამბობს, რომ დამატებითი ბატალიონის შესაქმნელად მოხალისეები სჭირდება:

ჩვენ გვჭირდები მამაკაცები, რომლებიც პირველ რიგში მზად არიან საკუთარი სამშობლოსთვის თავი შეწირონ. საკუთარი მოვალეობის ბოლო წუთამდე შესრულებისთვის მზადყოფნა განასხვავებს ჯარისკაცს იმ ადამიანისგან, რომელიც იარაღს ყრის და გარბის.“

დონბასის ბატალიონი სემენჩენკოს ხელმძღვანელობით უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში შეიქმნა. მისი დანიშნულება პრო-რუსული სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაა, რომლებმაც დონეცკსა და ლუგანსკში აღმოსავლეთ რეგიონები დაიკავეს.

უკრაინის მთავრობა უკვე რამდენიმე ხანია ცდილობს ეს ნახევრად-ოფიციალური დანაყოფები ეროვნულ გვარდიაში გააერთიანოს.

ბატალიონის წევრების უმრავლესობა აღმოსავლეთ უკრაინის მაცხოვრებელია. მათ კონფლიქტის ფრონტის ხაზზე უწევთ ცხოვრება.

ერთი ჯარისკაცი, რომელსაც კოდური სახელი ალმასი ჰქვია, იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელსაც სეპარატისტები - ახლა უკვე კარგად ცნობილი ბრძოლის - კარლოვკას-ტერიტორიაზე დაესხნენ თავს, როცა ისინი წინასაარჩევნოდ საარჩევნო უბნების უსაფრთხოების დაცვას ცდილობდნენ.

დაახლოებით 100 სეპარატისტის წინაამდეგ მისი 20 კაციანი რაზმი იბრძოდა და მათ არავინ ჰყავდათ ისეთი, ვისაც დახმარების აღმოჩენა შეეძლო.

მათ ალყა დაგვარტყეს. ჩვენ ბრძოლა, არათანაბარი ძალებით გავაგრძელეთ. ზოგიერთ ჯგუფს უკან დახევა მოუწია. სამწუხაროდ არავინ გვყავდა ისეთი, ვისთვისაც დახმარების თხოვნა შეიძლებოდა. ასე რომ, თავი ყველაფერს დამოუკიდებლად გავართვით.“

დონბასის ბატალიონის ერთი წევრი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ალმასისთვის ეროვნულ გვარდიაში გაწევრიანება არა მხოლოდ ტრეინინგისა და აღჭურვილობის მიღებას ნიშნავს, არამედ იმასაც, რომ საჭიროების შემთხვევაში მათთვის დახმარების აღმოჩენას ძლიერი სამხერო დანაყოფი შეძლებს. ქვეყნის აღმოსავლეთში უკრაინული შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი სისუსტე კოორდინაციის ნაკელბობაა.

ამ ფონზე, სეპარატისტებს შორის ადვილია რუსი ჯარისკაცების შემჩნევა, თუმცა კრემლი ბრძოლებში რაიმე სახით ჩარევას უარყოფს.

უკანასკნელი შეიარაღებული დაპირისპირება სეპარატისტებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის გასულ ორშაბათს ქალაქ ლუგანსკთან გაიმართა. ბრძოლა, რომელიც მთელი დღე გაგრძელდა, ქალაქის მესაზღვრეების პოსტზე ასობით სეპარატისტის თავდასხმით დაიწყო. შედეგად დაიღუპა ხუთი მეამბოხე და დაშავდა ათი ჯარისკაცი, რომელთაგან ოთხი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მზარდი საფრთხეებისთვის თავის გასართმევად, ეროვნულ გვარდიას რაც შეიძლება მეტი მოხალისე სჭირდება, ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველი ანტონ გარაშჩენკო. დონბასის ბატალიონის ეროვნულ გვარდიაში გაერთიანება იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც სათემო გასამხედროებული დანაყოფების შეიარაღებულ ძალებში ჩართვას ისახავს მიზნად.

ეს ეროვნული გვარდიის მესამე ბატალიონია, რომლიც მანამდე გასამხედროებული მებრძოლების რაზმი იყო. ახლა, როცა ტერორისტები უფრო ორგანიზებული, უკეთესად ფორმირებული, რუსეთისგან უკეთ შეიარაღებული არიან, უკრაინის მთავრობა აცნობიერებს, რომ უნდა გავერთიანდეთ.“

უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ყველაზე დიდი გამოწვევა აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული დაპირისპირების დარეგულირებაა. მან უკვე განაცხადა, რომ მეამბოხეების ბრძოლას მალე დაასრულებს.
XS
SM
MD
LG