საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები მუდმივად ხაზს უსვამენ საქართველოს დასავლური კურსისადმი განუხრელ ერთგულებას. ამის მიუხედავად, ყოველდღიურ რიტორიკაში მუდმივი საჭიროება დგება ამ ერთგულების შესახებ კიდევ მორიგად იყოს აღნიშნული. ვის და რატომ შეაქვს ეჭვი ხელისუფლების ორიენტაციაში, რა ქმნის ამგვარი უნდობლობის საფუძველს და რა ფაქტორები უწყობს ხელს ამ საფუძვლის გამყარებას და ვის წისქვილზე ასხამს წყალს მყიფე არჩევანის მქონე ქვეყნის იმიჯი –ამერიკის ხმა შეეცადა ამ კითხვებზე პასუხები ეპოვა.
“ქვეყანას შეიძლება შეექმნას სერიოზული საფრთხე, სადაც შეიძლება დაზიანდეს და დაიღუპონ სხვისი შვილები. აქედან გამომდინარე, უზნეოა ჩემთვის ყველა თანამდებობის პირი, რომელიც მოუწოდებს სხვას საბრძოლველად, ან ირიბად მიანიშნებს აქეთ, მაგრამ თვითონ გახიზნული ჰყავს თავისი შვილები. ნატოში შესვლას მე ამ მოცემულობით მხარს არ ვუჭერ, იმიტომ, რომ დღვანდელი მოცემულობით არავინ არ მიგვიღებს ამ პრობლემებიანად, თუ ჩვენ უარს არ ვიტყვით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ანუ სამაჩაბლოს დაბრუნებაზე,“– ეს უმრავლესობის დეპუტატის თამაზ მეჭიაურის განცხადებაა, რომელიც მან ორიოდე დღის წინ გააკეთა. ის წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ოფიციალურად გაცხადებულ პრიორიტეტებთან. ამის მიუხედავად, მეჭიაური უმრავლესობაში რჩება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეჭიაური ერთადერთი ოფიციალური პირი არაა, ვინ აჟღერებს ზუსტად ისეთ მოსაზრებებს, რაც საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაშია.
აი, რას ამბობს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: „გუნდში არ იქნებიან ადმიანები, ვისაც ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო–პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებით.“
ამერიკის ხმასთან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელმა გიორგი ტუღუშმა ისაუბრა. ჩვენთან ის საქართველოს ოფიციოზის ორიენტაციის სიმყიფის განმაპირობებელ ფაქტებს ასახელებს. „თავდაპირველად, ამ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უნდა დაელაგებინა ურთიერთობა რუსეთთან და ამისთვის გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, რომელთა დიდ ნაწილს მივიჩნევდით საქართველოს ინტერესებისთვის საზიანოდ. ამას მოჰყვა ისიც, რომ გარკვეული პრორუსული ძალები საქართველოში გააქტიურდნენ და გაცილებით უფრო თავისუფლად იგრძნეს თავი. ყველაფერი დაიწყო, ზოგადად, ჯაშუშების განთავისუფლებით, როდესაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებული პირები გამოუშვეს ციხიდან, როგორც პოლიტპატიმრები. ამას მომდევნო პერიოდში დაემატა ახალი ხელისუფლების განსხვავებული მიდგომა თუნდაც იმ კონკრეტული ჯგუფების და ძალების მიმართ, რომლებიც საქართველოში ღიად ეწევიან რუსულ პროპაგანდას და და ემსახურებიან რუსულ ინტერესებს. ეს შეიძლება იყოს, როგორც ცალკეული პოლიტიკოსები და პარტიები, ასევე ცალკეული მედია–საშუალებები. ერთ–ერთ კვლევაში, რომელიც მედიის განვითარების ფონდმა ჩაატარა, ამოვარდა რამდენიმე კონტრაქტი, როდესაც ხელისუფლება გარკვეულ ხელშეკრულებებს უფორმებდა ღიად პრორუსულ მედია–საშუალებებს. გარდა ამისა, ეს არაა მხოლოდ პრორუსული მედია–საშუალებები, არამედ ზოგადად ეს გახლავთ ქსენოფობიური მედია, რომელიც ეწევა გარკვეული ჯგუფების პირდაპირ თუ არაპირდაპირ დისკრიმინაციას საკუთარი ეთერიდან. პრობლემა იმაშია, რომ ამ ხელისუფლებას არ გააჩნია ერთიანი ხედვა, ამიტომაც უწევს მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ყოფნა. მასში გაერთიანებული არიან სხვადასხვა პარტიები. თავდაპირველად იქ მოხვდნენ პროდასავლური ძალებიც და ისინიც, ვინც ღიად ახმოვანებენ რუსეთის ინტერესებს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების გარკვეული ნაწილი ხვდება, რომ ქართულ საზოგადოებას მყარად აქვს გაკეთებული არჩევანი და ესაა ცალსახად დასავლური არჩევანი და არა რუსული. ჩემი აზრით, საზოგადოების არჩევანი რომ არ იყოს ასეთი მყარი, ხელისუფლება გაცილებით შორს წავიდოდა და იმის მტკიცებასაც აღარ დაიწყებდა, რომ მისი კურსი დასავლურია.“
ის, რომ მოქმედების სივრცე პრორუსული ძალებისთვის სრულებით ღია და თავისუფალია და რომ ხელისუფლება ამ თვალსაზრისით სრულ სიმშვიდესა და უმოქმედობას ინარჩუნებს, 9 მაისმაც აჩვენა. პრორუსულმა ძალებმა არა მხოლოდ საკუთარი თავის დემონსტრირება მოახდინეს აქციებზე, არამედ მოახერხეს კონსოლიდერებაც საბჭოური წარსულისადმი სენტიმენტებით განმსჭვალული ადამიანების ჩართულობით. ძველი კომუნისტური პარტია და ევრაზიული კავშირი ახლა უკვე ალიანსში არიან და არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატების შერჩევით არიან დაკავებულები. 2016 წლის პარლამენტი უნიკალური ალბათ იმით იქნება, რომიქ ღიად პრორუსულ ძალებს ვიხილავთ.