ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავისუფლების ორდენის ახალი მფლობელები


პრეზიდენტის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო შეერთებულ შტატებში სხვადასხვა დარგში: ქვეყნის უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესების დაცვის, მშვიდობის, კულტურის, საჯარო თუ კერძო სექტორში მიღწეული განსაკუთრებული დამსახურებებისთვის გაიცემა. 29 მაისს თეთრ სახლში პრეზიდენტის თავისუფლების ორდენით 13 ადამიანი დააჯილდოვეს.

თავისუფლების ორდენის ახალ მფლობელებს შორის იყო ბობ დილანი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენი მუსიკოსი. ლეგენდარული ჯონ გლენი პირველი ამერიკელი კოსმონავტი გახლდათ, რომელმაც დედამიწას შემოუარა. მადლენ ოლბრაიტი კი - პირველი ქალი, რომელმაც ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნად იმსახურა.

„ვირტუოზული დიპლომატიური მეთოდებით და ურყევი დემოკრატიული ღირებულებებით მადლენ ოლბრაიტის დროს გაღრმავდა სამშვიდობო პროცესები ახლო აღმოსავლეთში, მიღწეულ იქნა წარმატებები ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საქმეში, ბალკანეთში სამართლიანობის აღდგენის პროცესში და ადამიანის უფლებების დაცვაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით“- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

პრეზიდენტი ობამას თქმით დაჯილდოვებულებს შორის თითოეული განსაკუთრებული ნიჭით და შინაგანი ძლიერებით გამოირჩევა, რისი მეშვეობითაც მათ მთელი საზოგადოების შეცვლა მოახერხეს:

ეს ქალბატონები და მამაკაცები გარშემომყოფებზე წარმოუდგენელი ზემოქმედების უნარით გამოირჩევიან. და ეს არ არის დამაბრმავებელი, ხანმოკლე გამონათებები, არამედ გავლენა, რომელიც თანდათანობითია, მყარი და მთელი ცხოვრების მანძილზე მიგყვება. ყველამ ერთად, ვინც დღეს სცენაზე დგას და მათაც, ვინც ამ დაჯილდოვებას ვერ ესწრება, თავიანთი მოღვაწეობით ჩვენც შთაგვაგონეს, გაამდიდრეს ჩვენი სამყარო და ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეს“.

გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდა ჯენ არსკი, პოლონელი იატაკქვეშა ოფიცერი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს კონცლაგერების უამრავ სისასტიკეს ახადა ფარდა. გორდონ ჰირაბაიაშიც მეორე მსოფლიო ომის დროს გაწეული სამსახურისთვის დააჯილდოვეს. დანარჩენ პრიზიორებს შორის იყვნენ ეპიდემიოლოგი უილიამ ფოეჯი, უფლებადამცველი დოლორეს ჰუერტა, მოსამართლე ჯონ პოლ სტივენსი, ფულიცერის პრემიის ლაურიატი - მწერალი ტონი მორისონი, უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდის მწვრთნელი - პეტ სამიტი და ჯულიეტ გორდონი, გოგონა სკაუტების ორგანიზაციის დამაარსებელი.

იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა, ჯონ დორმა პრეზიდენტის თავისუფლების ორდენი 60-იან წლებში ადამიანის უფლებების დავის საქმეში შეტანილი წვლილისთვის აიღო. პრეზიდენტმა ობამამ მისი დამსახურებების აღნიშნვისას განაცხადა, რომ ჯონ დორის მიერ გაწეული სამსახურის გარეშე ის დღეს ამერიკის პრეზიდენტი ვერ იქნებოდა.

ის სამხრეთში იუსტიციის დეპარტამენტის სახე გახლდათ. მისი არსებობა იყო იმის მტკიცებულება, რომ მთავრობას ხალხის ესმის. წლების მანძილზე ჯონი თან ახლდა ჯეიმს მერიდიტს, როცა ის მისისიპის უნივერსიტეტში დადიოდა და მონტგომერის მარშის დროს სელმას გვერდით იდგა. სწორედ მან დაუდო საფუძველი 1964 და 1965 წლების საკანონმდებლო აქტებს, რომელთაც ამერიკაში ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში უდიდესი როლი ითამაშეს“.

დაჯილდოვების ცერემონიალს ვერ დაესწრო ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი. შეერთებული შტატების ლიდერი მას თეთრ სახლში დაგეგმილ საზეიმო სადილზე ორდენს მოგვიანებით გადასცემს.

ცერემონიალის დასასრულს ამერიკის პრეზიდენტმა დამსწრეებს საკუთარი განწყობებიც გაუზიარა იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონიეს დაჯილდოვებულებმა პირადად მის ცხოვრებაზე. მორისონის ნაწარმოებებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ მწერლისგან არამარტო წერა ისწავლა, არამედ ფიქრიც. ბობ დილანმა კი ახალგაზრდა ბარაკს სრულიად ახალი სამყაროს კარი გაუღო. თავისუფლების ორდენის თითოეულმა მფლობელმა წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე და მე ისინი ჩემს პირად გმირებად მიმაჩნია, განაცხადა დასასრულს პრეზიდენტმა ობამამ.

XS
SM
MD
LG