ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ბიუჯეტი საქართველოზე - სულ ცოტა, $105 მლნ და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპანტად რუსეთის დასახელება


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბიუჯეტის კანონპროექტს, რომელიც ამერიკის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს 1.3 მილიარდი დოლარით - საბიუჯეტო წლის ბოლომდე - 30 სექტემბრამდე დააფინანსებს.

პრეზიდენტმა ბიუჯეტის პროექტი გააკრიტიკა, თუმცა განცხადების გაკეთებისას თქვა, რომ კანონპროექტს ხელს მხოლოდ „ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე აწერს.“ რამდენიმე საათით ადრე კი პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ თქვა, რომ კანონპროექტისთვის ვეტოს დადებას აპირებდა.

ახლა უკვე ბიუჯეტის კანონი ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის დაფინანსების გაზრდას და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 21 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

ბიუჯეტის თანახმად, საქართველოს დასახმარებლად მომდევნო 9 თვის განმავლობაში „არანაკლებ 105,325,000 დოლარი უნდა გამოეყოს.“ ბიუჯეტის ტექსტში გაწერილი არ არის, თუ კონკრეტულად რა სახის დახმარება გაეწევა საქართველოს ამ თანხით.

გარდა ამისა, საქართველოსთვის დახმარების გაწევა კიდევ რამდენიმე მუხლშია ჩადებული. შეერთებული შტატების მთავრობა რუსეთის “გავლენის და აგრესიის წინააღმდეგ“ ბრძოლისთვის ევროპისა და ევრაზიის რეგიონზე 250 მილიონ დოლარს გამოყოფს. ეს თანხა, რომელიც შარშან მხოლოდ 100 მილიონი იყო, რეგიონში სხვადასხვა პროგრამაზე გადანაწილდება, მათ შორის, საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლისა და სამართალდაცვის, სამხედრო განათლებისა და ტრეინინგების და უცხო ქვეყნების სამხედრო ძალების დაფინანსების პროგრამებზე. საქართველო თითოეული ამ პროგრამის ნაწილი იქნება.

ამასთან, ბიუჯეტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების“ ( საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა) დახმარებასაც ითვალისწინებს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესასრულებლად.

„საქართველოს ტერიტორიების- აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“ - ასეა დასათაურებული შეერთებული შტატების ბიუჯეტის ტექსტში მოცემული გვერდ-ნახევრიანი თავი, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეხება.

ეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე განცხადებაა. ტექსტში ნათქვამია, რომ „ამ აქტით გათვალისწინებული თანხის არც ერთი ნაწილი არ უნდა მიეცეს იმ ქვეყნების ცენტრალურ მთავრობებს,“ რომლებიც „აღიარებენ [ამ რეგიონების] დამოუკიდებლობას ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ.“ ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკის მთავრობა არ დააფინანსებს არანაირ პროექტს, რომელიც „რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას ხელს შეუწყობს.“ ბიუჯეტის კანონი ამერიკის მთავრობას ავალდებულებს თითოეული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორებს სთხოვოს, რომ მათ ხმა არ მისცენ მათი ორგანიზაციების მიერ არც ერთი ისეთი პროგრამის დაფინანსებას, სესხს, თუ ფინანსურ გარანტიას, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.

ფინანსურ დახმარებასთან ერთად, ბიუჯეტის ეს კანონი საქართველოს მიმართ დიდ პოლიტიკურ მხარდაჭერასაც გამოხატავს. 2018 წლის ამერიკის ბიუჯეტი რუსეთის მიერ საქართველოს ორი ტერიტორიის- აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი განმარტების მიზნით არის დართული) ოკუპაციაზე საუბრობს. ცხინვალის რეგიონი ამერიკის ბიუჯეტის კანონში პირველად 2017 წელს შევიდა და წელს იგივე ტექსტი განმეორდა.

2017 წლამდე საქართველო, ბოლოს 2014 წელს იყო ბიუჯეტის ტექსტში ნახსენები. თუმცა მაშინ, საქართველო მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კონტექსტში იყო მოცემული. ბიუჯეტის მუხლს კი „პოსტ-საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტი“ ერქვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG