ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ტრამპი რუსეთზე, საუდის არაბეთზე და შესაძლო საკადრო ცვლილებებზე საუბრობს


პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ ტელეკომპანია ABC-ისთან ინტერვიუში ბევრ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, რუსეთთან დაკავშირებულ გამოძიებაზე, კლიმატის ცვლილებაზე, ჟურნალისტის გაუჩინარებაზე საუდის არაბეთის საკონსულოში, ქარიშხალ „მაიკლზე“, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან ურთიერთობასა თუ მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ადმინისტრაციაში.

გადაცემა „60 წუთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, რამდენად უსამართლო და უწესო შეიძლებოდა ყოფილიყო მედია. თუმცა ჟურნალისტმა მას ამაზე ვრცლად საუბრის საშუალება არ მისცა.

"რუსეთი ამერიკის არჩევნებში ჩაერია, მაგრამ ჩინეთიც ჩაერია"

ლესლი სტალის შეკითხვაზე, რატომ არასდროს აკრიტიკებს ის საჯაროდ და მკაცრად ვლადიმირ პუტინს, პრეზიდენტმა არნიშნა, რომ არავინ იცის რა უთხრა მან რუსეთის პრეზიდენტს პრესკონფერენციამდე და რომ სწორედ მისი გადაწყვეტილებით, ამერიკამ უკრიანას ლეტალური იარაღი მიჰყიდა. "ობამამ მათ ბალიშები და საბნები გაუგზავნა, მე კი თავდასხმითი იარაღი და ჯავშანსაწინააღმდეგო ტექნიკა" - თქვა ტრამპმა.

"ეთანხმებით იმას, რომ ვლადიმირ პუტინი გარეულია ისეთ საქმეებში, როგორიცაა მკვლელობა და მოწამვლა? - ჰკითხა პრეზიდენტს ჟურნალისტმა. "დიახ, ალბათ ის არის", თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ ამის თქმისას, სხვების დასკვნებს ეყრდნობა, და რომ ეს მის ქვეყანაში არ ხდება. რაც შეეხება შეკითხვას, სჯერა თუ არა რომ რუსეთი ამერიკის არჩევნებში ჩაერია, პრეზიდენტმა უპასუხა. "ისინი ჩაერივნენ, მაგრამ ჩინეთიც ჩაერია" და იქვე დასძინა, რომ ჩინეთი უფრო დიდ პრობლემად მიაჩნია.

"მართლა გგონიათ, რომ რუსეთს ვთხოვდი დახმარებას? ისინი სულაც ვერ დამეხმარებოდნენ არჩევნების მოგებაში. ეს სასაცილოა", უთხრა პრეზიდენტმა ლესლი სტალს. ამასთან, მან კიდევ ერთხელ უწოდა უსამართლო რობერტ მალერის ხელმძრვანელობით მიმდინარე გამოძიებას და კიდევ ერთხელ უარყო რუსეთთან მისი კამპანიის წევრთა კავშირი.

"საუდის არაბეთი შეიძლება დამნაშავე იყოს ჟურნალისტის გაუჩინარებაში, მაგრამ ისინი ამას უარყოფენ და ჯერ სიმართლე არ ვიცით"

პრეზიდენტმა სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოდან გაუჩინარებული ჟურნალისტის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, დანამდვილებით ჯერ არავინ იცის რა მოხდა. მას დასაშვებად მიაჩნია, რომ ამაში არაბული მხარე იყოს დამნაშავე. პრეზიდენტმა პრამპმა ისიც აღნიშნა, რომ სამეფოსთან იარაღის მიწოდების შესახებ მოწერილი მრავალმილიარდიანი ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ ამ ეტაპზე შეწყდეს, როგორც სანქციის ერთ-ერთი ზომა.

"ისინი ძალიან მტკიცედ უარყოფენ ამ საქმეში რაიმე მონაწილეობას. ვფიქრობ, ძალიან მალე გვეცოდინება ყველაფერი. რაც შეეხება სენატორთა მოწოდებას სანქციების დაწესების შესახებ, გააჩნია რა სანქციები იქნება. მათთვის იარაღის მიწოდების თაობაზე გარიგება ყველას უნდოდა, რუსეთსაც, ჩინეთსაც, მაგრამ ეს ჩვენ მივიღეთ. დასჯის სხვა გზებიც არსებობს. თუმცა თავად "დასჯა" საკმაოდ მკაცრი სიტყვაა".

"ჩვენ ჩრდილოეთ კორეასთან ომი გვექნებოდა, მაგრამ ახლა მუქარა აღარ გვესმის და მე მას ვენდობი"

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან გაუგონარი რიტორიკა იყო და ახლა მსგავსი არაფერი გვესმის.

"ჩვენ შეიძლებოდა ომი გვქონოდა, მაგრამ ხომ ხედავთ, ის დათანხმდა ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას. ომი არ უნდა. მე მჯერა მისი, რომ არ მჯეროდეს, ხომ არ ვიტყოდი? მე მას ვენდობი."

ლესლი სტალმა მას ჩრდილო კორეის ლიდერის მიმართ არსებული ბრალდებები შეახსენა, ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვაყანაში, გულაგები, შიმშილი, გავრცელებული ინფორმაცია საკუთარი ნახევარ-ძმის მკვლელობის შესახებ და ჰკითხა, რატომ მოსწონს ასეთი ადამიანი. "ბავშვი არ ვარ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ, გასაგებია?! იყოს, როგორც არის, თუ ეს საჭიროა საქმის დასასრულებლად. ჩვენ აღარ ვისმენთ მისგან იმ საშინელ მუქარებს. ძალიან დადებითი ენერგია მქონდა მასთან შეხვედრისას" - უპასუხა პრეზიდენტმა.

"კლიმატთან დაკავშირებით რაღაც ნამდვილად ხდება, მაგრამ ამის გამო მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვა არ მინდა"

ლესლი სტალის შეკითხვაზემ კვლავ გამოგონილ პრობლემად მიიჩნევს თუ არა კლიმატის ცვლილებას, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ფიქრობს, „რაღაც ნამდვილად ხდება და ამას, ალბათ, მნიშვნელობა არ აქვს“, მაგრამ ის არაა დარწმუნებული, რომ ამაზე ადამიანის საქმიანობა ახდენს გავლენას. „მე არ უარვყოფ კლიმატის ცვლილებას. მე უბრალოდ არ მინდა მილიონობით სამუშაო ადგილის დახურვა ამის გამო“, განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, არავინ იცის, იქნებოდა თუ არა გრელანდიაში ყინულის დნობის პროცესი ადამიანთა სხვაგვარი საქმიანობის პირობებში, რომ „ხალხის თქმით“, წლების წინ უარესი ქარიშხლების მოწმენი იყვნენ, ვიდრე ახლა. რაც შეეხება მეცნიერულ დასკვნებს, მან თქვა, რომ ზოგიერთი მეცნიერი სულაც არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ამ პროცესს სათბურის გაზები აძლიერებს და აჩქარებს. მეცნიერებს, კი რომლებიც ამას ამტკიცებენ, შესაძლოა განსხვავებული „პოლიტიკური დღის წესრიგი“ ჰქონდეთ.

პრეზიდენტმა ნატოს შესახებაც ისაუბრა, თქვა, რომ ის მოსწონს, მაგრამ არ სურს, რომ ამერიკამ ევროპის თავდაცვის ხარჯები გადაიხადოს მაშინ, როდესაც ევროპული ქვეყნები ამერიკას სავაჭრო ურთეირთობებში უსამართლოდ მაღალ ტარიფებს ახდევინებენ.

დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივან გენერალ ჯეიმს მატისზეც უპასუხა შეკითხვას და თქვა, რომ არ იცის აპირებს თუ არა ის თანამდებობის დატოვებას. "მას ჩემთვის არაფერი უთქვამს, ის დემოკრატების ტიპია, შესაძლოა, თუმცა არ ვიცი, მაგრამ ეს ხდება, ეს ვაშინგტონია. გაკრვეულ ეტაპზე ყველა მიდის", თქვა პრეზიდენტმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG