პორტუგალიის მემარჯვენე-ცენტრისტულმა სოციალ-დემოკრატებმა მმართველი სოციალისტური პარტია დაამარცხეს. სოციალ-დემოკრატები უაღრესად რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას გაუძღვებიან, რომელსაც ევროკავშირმა ახლახან ფინანსური დახმარების პაკეტი დაუმტკიცა. როგორც მოსალოდნელია, პორტუგალიის ეროვნული დავალიანების კრიზისის დაძლევის მიზნით ახლად არჩეული კონსერვატიული პრემიერ მინისტრი საზოგადოებრივ სფეროში სახელმწიფო დანახარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი სამრეწველო საწარმოების პრივატიზაციას ჩაუდგება სათავეში, იუწყება "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ლორენ ფრეიერი მადრიდიდან.
პორტუგალიაში ახლახან ჩატარებული არჩევნების შედეგად, სოციალ-დემოკრატებმა ქვეყნის მმართველი სოციალისტური პარტია დაამარცხეს და მალე ახალი კოალიციური მთავრობის შექმნას შეუდგებიან.
ახალ მთავრობას ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ნაკარნახევი საგანგებო ეკონომიკური ზომების ჩატარება მოუხდება, რაც უწინარეს ყოვლისა უკავშირდება იმას, რომ პორტუგალიამ ეკონომიკის გადასარჩენად ხსენებული ორგანიზაციებისგან დახმარების სახით 114 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო.
საგანგებო ეკონომიკური ზომების პერიოდს პორტუგალიაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი პედრო პასოს კოელიო გაუძღვება. კოელიო ყოფილი ბიზნესმენი გახლავთ, რომელსაც არცერთი სამთავრობო თანამდებობა ადრე არ ეკავა. კოელიო აცხადებს, რომ მას სურს, რომ პორტუგალიამ ინვესტორების ნდობა დაიბრუნოს.
„იმედი მაქვს, რომ დღეს გადადგმული ნაბიჯი პორტუგალიას ახალ იმედს მისცემს, რათა ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია საზღვარგარეთ განმტკიცდეს და რწმენა ჩვენ ბაზრებში კიდევ ერთხელ აღსდგეს,“ - განაცხადა კოელიომ.
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ჟოზე სოკრატესმა დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ სოციალისტურ პარტიას აღარ გაუძღვება.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, პორტუგალიის სოციალისტური პარტია დაბალი პოპულარობით სარგებლობდა, რაც უწინარეს ყოვლისა მაღალი უმუშევრობითა და მზარდი ეროვნული დავალიანებით გამოწვეული საზოგადოებრივი უკმაყოფილებით აიხსნებოდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მდგომარეობა სამხრეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა. სამი კვირის წინ მეზობელ ესპანეთში მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ დაკარგა კონტროლი იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ადრე მას ბევრი მომხრე ჰყავდა. პროგნოზების თანახმად, ესპანეთში მომავალ წელს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტური პარტია დამარცხდება და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზე კონტროლს დაკარგავს.
ნიშანდობლივია, რომ პორტუგალია ევროზონის უკვე მესამე სახელმწიფო გახდა, რომელსაც ევროკავშირის სასწრაფო ფინანსური დახმარება დასჭირდა. საბერძნეთსა და ირლანდიაში მთავრობებმა ამომრჩევლებისგან მსგავსი პოლიტიკური რისხვა დაიმსახურეს.
ლონდონში მდებარე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჩეთემ ჰაუსის“ ევროპული ეკონომიკის საკითხების სპეციალისტი იენ ბეგი აღნიშნავს, რომ პორტუგალიაში გამართული არჩევნების შედეგები ევროპის სხვა ქვეყნებში მომხდარ მოვლენებს შეესაბამება. ხალხი ძალაუფლებაში მყოფ მთავრობებს ეკონომიკურ კრიზისს აბრალებს.
„ის მთავრობა, რომელსაც ყველაფერი ბრალდება, ხელისუფლებას ტოვებს, ხოლო ის მთავრობა, რომელსაც რთული ამოცანის შესრულება დაეკისრა, იმედოვნებს, რომ მას ხელახლად აირჩევენ იმის გამო, რომ ის პრობლემას გაუმკლავდა. ამდენად პოლიტიკური ლანდშაფტი მთელი ევროპის მასშტაბით საკმაოდ ცვალებადი გახდა,“ - დასძენს იენ ბეგი.