ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრანცისკ პირველის პირველი ვიზიტი


რომის პაპმა ყველაზე დიდი კათოლიკური ქვეყანა, ეკონომიკური პრობლემებით მოცული ბრაზილია აირჩია

რომის პაპი ერთკვირიანი ვიზიტით ბრაზილიაში ჩადის. ეს ფრანცისკ პირველის პირველი ვიზიტია უცხოეთში. 76 წლის არგენტინელი ხორხე მარიო ბერგოლიო კათოლიკური ეკლესიის წინამძვრის პოსტზე და ვატიკანის სახელმწიფო მეთაურად მარტში აირჩიეს. ფრანცისკი პირველი ლათინურ-ამერიკული წარმოშობის პაპია რომაული კათოლიციზმის 266 წინამძღოლს შორის. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პირველი უცხოური ვიზიტისთვის, მან ყველაზე დიდი კათოლიკური ქვეყანა, ეკონომიკური პრობლემებით მოცული ბრაზილია აირჩია.

იტალიიდან გაფრენის შემდეგ, თვითმფრინავზე თავმოყრილ ჟურნალისტებს რომის პაპმა განუცხადა, რომ ძალიან წუხს მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლების ფაქტზე და იმის გამო, რომ არსებობს რისკი „უმუშევართა მთელი თაობა“ გაჩნდეს. თუმცა, რომის პაპმა საზოგადოების მიერ ხნიერი ადამიანების გარიყვაც გააკრიტიკა და მიუღებლად მიიჩნია მათი ე.წ. „გადაყრა“ იმ კულტურებში, რომლებიც მხოლოდ სიახლეებზე ამახვილებენ ყურადღებას.

რიო დე ჟანეიროში რომის პაპს მილიონზე მეტი კათოლიკე ელოდება. ის შეხვდება ბრაზილიის პრეზიდენტს და რამდენიმე ადგილობრივ, თუ ეროვნულ ლიდერს. ხუთშაბათს ფრანცისკ პირველი მსოფლიო ახალგაზრდობის დღის აღსანიშნავ დღესასწაულს დაესწრება.
XS
SM
MD
LG