ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასაარჩევნო ბუღალტერია


არჩევნები 2021
არჩევნები 2021

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის წამმზომი ჩართულია. პოლიტიკური პარტიები მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგანან. მათი ამოცანაა ეგრეთ წოდებული, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გული მოიგონ.

გადაუწყვეტელი ამომრჩევლის პროცენტული წილი საკმაოდ მაღალია. გასული ორი წლის განმავლობაში ჩატარებულ კვლევების დინამიკას თუ დავეყრდნობით, კლებისკენ მიდის, თუმცა სოლიდურ ნიშნულს მაინც ვერ ლახავს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62 პროცენტი ამბობდა, მის ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება. „მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის, ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება,“- ნათქვამია NDI -ს 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ კვლევაში.

გია ნოდია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:58 0:00

პოლიტიკურმა პარტიებმა, გარკვეულწილად, იზრუნეს მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე და გამსხვილდნენ, რაც ამომრჩეველმა დადებითად მიიღო. ამას ბოლო, "ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც მოწმობს.

2024 წლის არჩევნების მთავარი თავსატეხია ბალანსის მიღწევა პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის ისე, რომ უმრავლესობა არავის ჰქონდეს, რათა დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირება ვერცერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ვერ შეძლოს.

ამ გზაზე, დაძლეულია მნიშვნელოვანი წინაღობა - მაჟორიტარული სისტემა, რაც აღარ არსებობს. ახლა მხოლოდ პარტიებს შორის უნდა გადანაწილდეს ამომრჩეველთა მანდატები. თუმცა, რაკი 5-პროცენტიანი ბარიერია შენარჩუნებული, მხოლოდ ის პარტიები მოხვდება პარლამენტში, რომლებიც მას დაძლევს.

ამომრჩეველი საქართველოში
ამომრჩეველი საქართველოში

ეს იმას გულისხმობს, რომ თუ პატარა პარტიებმა, 4,9; 4,8; 4;7 და ნაკლები პროცენტული მაჩვენებელი დადეს, მათი ხმები პარლამენტში არ აისახება. თუ ასეთი ხუთი მოთამაშე იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ მიცემული ხმების დაახლოებით 18 პროცენტი არ წავა ადრესატთან და ის იმ პარტიებს შორის გადანაწილდება, ვინც ბარიერს დაძლევს.

შესაძლებელია, ბარიერგადალახულმა პარტიებმა, ამ გზით, უფრო მეტი მანდატი მიიღოს პარლამენტში, ვიდრე რეალური ამომრჩევლის ხმა მიიღეს.

ნინო დოლიძე, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა სწორად შეაფასონ თავისი ძალები. ხუთპროცენტიანი ბარიერის პირობებში მოქალაქეთა ხმების დაკარგვის საფრთხე მაღალია. გადაჭარბებული წარმოდგენა ან მოლოდინი შედეგების მიმართ, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს და ამომრჩეველთა ხმები დაიკარგოს.

„ჩვენ მხარს ვუჭერდით ხუთპროცენტიანი ბარიერის დაწევას. ოპტიმალური, ამ მხრივ, შეიძლებოდა, 2 და 3 პროცენტიანი ზღვარიც ყოფილიყო. ვიცით ისიც, რომ „ოცნება“, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ამას თითქოს თანხმდებოდა... ხმა დაეკარგება ამომრჩეველს, ვინც ირჩევს ისეთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ხუთპროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას მხარდაჭერილი წარმომადგენელი პარლამენტში არ ეყოლება. მანდატები მხოლოდ იმ პარტიებზე გადანაწილდება, რომელიც ბარიერს გადალახავს“,- ამბობს ნინო დოლიძე.

სოციოლოგი, იაგო კაჭკაჭიშვილი, „ამერიკის ხმასთან“ გარკვეულ პოზიტიურ დინამიკაზე ამახვილებს ყურადღებას ოპოზიციური პარტიებისთვის, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ არჩევნებამდე სამი თვეა დარჩენილი და ეს დიდი დროა ამომრჩევლის განწყობის ცვლილებისთვის.

იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:09 0:00

„ბოლო კვლევა რამდენიმე ტენდენციას მიანიშნებს. პირველი ისაა, რომ მიუხედავად თავდაუზოგავი მცდელობისა, „ქართულ ოცნებას“ აღარ გააჩნია საკუთარი პოლიტიკური წონის ზრდის პოტენციალი. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, მეტი და ახალი ამომრჩევლის მობილიზებას, მაგრამ ერთ ადგილს ტკეპნიან, ან წრეზე მოძრაობენ. მათი ამომრჩევლის რაოდენობა უფრო მეტად განწირულია კლებისკენ, ვიდრე მატებისკენ. ოცნება დგას იმ რისკის წინაშე, რომ ძალაუფლება დაკარგოს. ეს ჯერ მხოლოდ რისკია და არა დადასტურებული მომავალი. წინ თვეებია და დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოიქცევა ოპოზიცია, ქვეყნის შიდა და გარე ფაქტორები როგორი იქნება, მაგრამ ეს რისკი ნარჩუნდება,“- ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, გია ნოდია „ამერიკის ხმასთან“ საუბრობს იმის შესახებ, რომ პოლიტიკური გადაჯგუფების პროცესი დასრულებულია, არჩევნებში მონაწილე მოთამაშეების კონფიგურაცია გარკვეულია და დიდი ცვლილებები ამ კუთხით, აღარაა მოსალოდნელი. ჩამოყალიბებულია ოპოზიციის 4 ძირითადი გუნდი, ვინც მმართველ პარტიას ოპონირებას გაუწევს არჩევნებზე.

კედელი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან
კედელი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან

„ცხადია, ეს მაჩვენებლები მაინც სარისკოა პარტიებისთვის, რადგან ივლისში მიღებული 10 პროცენტი არაა გარანტია ოქტომბრისთვის. მაგრამ პარტიები ასე არ ჩათვლიან. ისინი მიიჩნევენ, რომ მეტად გამსხვილება აღარაა საჭირო. სავარაუდოდ იმ სახით წავლენ არჩევნებზე, რაც ახლა გვაქვს,“- გვეუბნება გია ნოდია.

მისი აზრით, საზოგადოების დაკვეთა უფრო მეტად იყო ერთიანი ოპოზიციური სია. 60 პროცენტი, დაახლოებით, ასე ითხოვდა. ამ მხრივ, ოპოზიციამ ეს მოთხოვნა არ შეასრულა, თუმცა ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი უპირატესობას ცალცალკე სიებს ანიჭებდა, რადგან ყველას ყველასთან მუშაობა და თანამშრომლობა რთულად წარმოუდგენია. „ჩემი პირადი აზრით, სამი ოპოზიციური სია უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ოთხი, მაგრამ ახლა ეს გვაქვს,“- ამბობს გია ნოდია.

ოქტომბრის არჩევნები მიჩნეულია გარდამტეხად, რადგან ვირჩევთ არა მხოლოდ პარტიებს, არამედ, ქვეყნის ვექტორსაც,- გვეუბნება ნინო სამხარაძე, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსი.

„ახლა დინამიკა სწორად ვითარდება. ოპოზიციური პარტიები ახერხებენ სწორი სტრატეგიით დაჯგუფებას, საერთო ინტერესების პოვნას, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ, გაერთიანება, თუმცა ჩვენ უნდა ველოდოთ იმას, რომ მმართველი პარტია იმაზე მეტად გააინტენსიურებს წნეხს, ვიდრე ამას აქამდე, სხვა არჩევნების დროს აკეთებდა. ვიცით, რომ ის უპრეცედენტო, მეოთხე ვადაზე აფიქსირებს თავისი ამბიციას. თუმცა, მეორე მხრივ, სხვადასხვა კვლევით, მისი მხარდაჭერა შემცირებულია. ცხადია, ერთია, კვლევები და მეორე შედეგები არჩევნებზე, მაგრამ მმართველი პარტიის მხარდაჭერა რომ შემცირებულია, ეს ფაქტია“,- ამბობს ნინო სამხარაძე.

იაგო კაჭკაჭიშვილი საუბრობს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 25-30 პროცენტზე ახლა, ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. „სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ ეს ამომრჩეველი არსებითად, ოპოზიციური ამომრჩეველია. ეს ბოლოდროინდელი კვლევების სიახლეა. ეს მოწმობს, რომ საზოგადოებას სურს პოლიტიკური ცვლილებები. ოპოზიციის ამოცანაა ეს ამომრჩეველი საარჩევნო ყუთებამდე მიიყვანოს“,- გვეუბნება სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.

ვიდრე ოპოზიციური პარტიების გამსხვილებები დაიწყებოდა, იმ ოპოზიციური პარტიების ხვედრითი წილი, რომელთაც ბარიერი ვერ გადალახეს, ჯამურად, იყო დაახლოებით 12-13 პროცენტი. საარჩევნო ბუღალტერიით, ეს, გაბნეული ხმების მნიშვნელოვანი წილია. იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ამ ხმებს დაკარგულს ვერ ვუწოდებთ, რადგან ისინი მაინც მანდატებად კონვერტირდება.

თბილისი, საქართველო / 22 იანვარი / ფოტო: მოძრაობა გაბედე
თბილისი, საქართველო / 22 იანვარი / ფოტო: მოძრაობა გაბედე

„ეს საარჩევნო პროცესის პარადოქსული მომენტია. ვთქვათ, არის ოპოზიციური ამომრჩეველი, მიდის არჩევნებზე, ხმას აძლევს ოპოზიციურ პარტიას, მაგრამ მისი ხმა, მაინც, შეიძლება „ქართული ოცნების“ ყულაბაში აღმოჩნდეს, რადგან/თუ ეს პარტია ხუთპროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს, თუ არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია არ დარჩება გაერთიანების (გამსხვილების) მიღმა, ხმები აღარ დაიკარგება. ჩვენ გვყავს რამდენიმე ოპოზიციური პარტია, მაგალითად, იაგოს "გირჩი", "ლეიბორისტული პარტია", "ევროპული საქართველო", კიდევ არიან სხვებიც, მაგრამ სამი პარტია ანგარიშგასაწევია და ისინი დგანან ბარიერის ვერგადალახვის წინაშე. ჯამში, ასეთი პარტიების წილი, ახლა, დაახლოებით, 7 პროცენტია,“- გვეუბნება იაგო კაჭკაჭიშვილი.

წინასაარჩევნო პერიოდში, „ევროპული საქართველო“, რომელსაც "ედისონ რისერჩის" მიხედვით, 1.9-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, დაიშალა. მისი ბირთვი, ფაქტობრივად, მამოძრავებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პარტიიდან წავიდა. „ევროპული საქართველო“ ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც, ჯამურად, ოპოზიციური ხმების 7-პროცენტიან მაჩვენებელში მოიაზრებს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი. კიდევ ერთი პარტია, ამ კალათაში, არის იაგო ხვიჩიას „გირჩი“.

„იაგო ხვიჩიას "გირჩს" აქვს ამბიცია, რომ დამოუკიდებლად შევა პარლამენტში და გადალახავს 5-პროცენტიან ბარიერს. მე ასე არ ვფიქრობ, მაგრამ მაინც. ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებსაც“, თითქოს აქვს გეგმები, რომ ლელოს გარშემო გაერთიანებაში შევიდეს. გარკვეული, მცირე ცვლილებები, შესაძლოა, კიდევ ვიხილოთ, გადაჯგუფების მხრივ, მაგრამ, მთლიანობაში, არჩევნებზე, ოთხი ოპოზიციური სია იქნება,“- გვეუბნება გია ნოდია.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები. საქართველო
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები. საქართველო

ის მიიჩნევს, რომ "ედისონ რისერჩის" კვლევა ხელისუფლებისთვის შემაშფოთებელი მესიჯია. „ხელისუფლების იმედი, ძირითადად, იმას ემყარებოდა, რომ ოპოზიცია დაქსაქსულია და ხმები დაიკარგება. ის, რაღაც დონეზე, მართლაც დაქსაქსულია, მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ შესაძლებელია, ეს ოთხივე, ოპოზიციური სია შევიდეს პარლამენტში“,- ამბობს ნოდია. მისი აზრით, დღეს პოლიტიკური პარტიებისთვის მაინც უფრო საიმედო ვითარებაა, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო.

ამ ეტაპზე, წინასაარჩევნოდ ხუთი ძირითადი სიმძიმის ცენტრია ჩამოყალიბებული. ესაა „ქართული ოცნება/ ხალხის ძალა“, ენმ-"სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ და მის გარშემო შემოკრებილი „ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედანი“, კოალიცია ჯაფარიძის „გირჩის", ხოშტარიას „დროასა“ და გვარამიას „ახალის“ შემადგენლობით. მეხუთე ცენტრად, „პოლიტიკის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი, ნინო სამხარაძე, გახარიას „საქართველოსთვის“ ასახელებს.

ამომრჩევლის ამოცანა არჩევნებზე კი ის იქნება, ხმა ისე მისცეს, მისი არჩეული, საბოლოოდ, პარლამენტში იხილოს.

XS
SM
MD
LG