ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნადირობა სულებზე - პოლიტიკური პოლარიზაციის კვალდაკვალ


პოლიტიკური პოლარიზაცია სენია, რომელიც სწრაფად ვრცელდება და ჯანსაღი დემოკრატიული პროცესების პარალიზებას იწვევს. ის, უმეტესწილად, ნასაზრდოებია პოპულიზმით, რომელიც მიდრეკილია გადაიზარდოს ურთიერთ-ტალახის-სროლის დაუსრულებელი კამპანიაში. ეს უკანასკნელი, უფრო და უფრო რადიკალურ სახეს იღებს და მიგორავს არჩევნებამდე, რა დროსაც უკვე ყველა პოლიტიკური აქტორი დისკრედიტირებულია. საზოგადოებას აქვს სეირი და სანახაობა, მაგრამ არა ჯანსაღი კონკურენცია, წინსვლა და განვითარება.

პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი ხარისხის პირობებში, როდესაც სახეზე გვაქვს მხოლოდ დაპირისპირები და წინააღმდეგობები, შინაარსი სანახაობით გადაიფარება. შედეგად, რიგითი მოქალაქეები, ამომრჩევლები ვერ იღებენ რეალურ ინფორმაციას, არამედ, თვალყურს ადევნებენ მხოლოდ დავას დავისთვის. პოლიტიკურ პოლარიზაციას მედია, დიდწილად, სარკისებურად ირეკლავს და თამაშის მონაწილედ იქცევა. არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ამგვარი, მკვეთრად, რადიკალურად დაპირისპირებულობის დაკვეთა საზოგადოებისგან მოდის, თუმცა, ამავდროულად, სახეზეა მზარდი ნიჰილიზმი და ამომრჩეველთა უნდობლობა პოლიტიკური პარტიებისადმი. ასევე, ეგრეთ წოდებული „შუაშისტების“ სოლიდური რაოდენობა - იმ კატეგორიის, რომელიც გულგრილია სანახაობის მიმართ და სურს იხილოს საქმე ლაპარაკის ნაცვლად.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი, პროფესორი კორნელი კაკაჩია, რომლის ორგანიზაცია პოლარიზაციის პრობლემატიკას მასშტაბური ფორუმით გამოეხმაურა, "ამერიკის ხმასთან" ამბობს: „ამ პოლარიზებულ გარემოში პარტიებისადმი ნდობის საკითხიც მწვავედ ისმის. ჩვეულებრივი ამომრჩეველი, არჩევნების წინაც კი ვერ ღებულობს ნორმალურ ინფორმაციას. მედია, რომელიც აფილირებულია ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან, ბუნებრივია, ვერ ასახავს და ხშირად, ამრუდებს კიდეც სიმართლეს. ეს, საზოგადოების ჯანსაღ ნაწილში უკუ-რეაქციას იწვევს, რაც გადადის აპათიაში როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე მედიის მიმართ. ეს დაუშვებელია, თუ ჩვენ გვინდა რომ დემოკრატიული პროცესები განვითარდეს ამ ქვეყანაში. პირიქით, ჩვენ გვჭირდება, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.“

შესაძლებელია თუ არა მედია პოლარიზაცია გარდაიქმნას/გადაიზარდოს/იქცეს მედია პლურალიზმში? - ეს კითხვა პოლიტიკის ინსტიტუტმა ფორუმის ერთ-ერთ საკვანძო განსახილველ საკითხად დაისვა. „პოლარიზაცია პოლიტიკიდან მოდის, პოლიტიკური პარტიები ყოველთვის იქნებიან დაპირისპირებულები, მაგრამ აქ, ამავდროულად, არსებობს გარკვეული წესები და სტანდარტები, რომლის შეუსრულებლობა საზოგადოების თვალში მოთამაშეების დისკრედიტირებას ახდენს,“- გვეუბნება კორნალი კაკაჩია და დასძენს, რომ ანალოგიური პრცესი შეგვიძლია დავინახოთ მედიაშიც, რომელსაც ასევე გააჩნია წესები და სტანდარტები.

„მედიას, რა თქმა უნდა, შეუძლია, მხარი დაუჭიროს ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას, მით უმეტეს კერძო მედია-საშუალებებს, მაგრამ ეს უნდა მოექცეს გარკვეულ სტანდარტში. სპორტული მეტაფორა რომ მოვიშველიოთ, როგორც კრივში, როდესაც წელს ქვემოთ დარტყმა აკრძალულია, ასევე უნდა დაიცვას წესები მედიამ. მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივმა აზრმა აიძულოს როგორც მედია, ასევე პოლიტიკოსები, ისაუბრონ არა მხოლოდ ნეგატიზე, არამედ წარმოადგონონ პოზიტიური დღის წესრიგი. მედიამ უნდა შეძლოს ამგვარი დისკურსის ორგანიზება პოლიტიკურ სუბიექტებს შორის,“- გვეუბნება GIP-ის დამფუძნებელი.

პოლარიზაცია საშიში დაავადებაა დემოკრატიისთვის. დემოკრატია, მართალია, გულისხმობს განსხვავებული მოსაზრებების, რიგ შემთხვევაში კი მკვეთრად დაპირისპირებული შეხედულებების თანაარსებობას, მაგრამ პოლარიზება ამ მკვეთრი დაპირისპირების ის ფაზაა, როდესაც განსხვავებული პოზიციების ჭიდილს სიკეთე არ მოაქვს საზოგადოებისთვის, არ ეხმარება განვითარების უკეთესი სტრატეგიის დანახვაში, არამედ პირიქით: საზოგადოებას ხლეჩს ისეთ ნაწილებად, რომელთაც ერთმანეთის დანახვა არ სურთ და ერთმანეთთან საუბარი აღარ შეუძლიათ.

ამგვარი, ფრაგმენტირებული და სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული საზოგადოება წინ ვერ მიდის, ვერ ვითარდება,- მიიჩნევს ანა ნაცვლიშვილი, იურისტი, რომელიც პოლარიზაციის თემატიკას რამდენიმე წელია სწავლობს. მისი თქმით, როდესაც მხარეები საბაზისო ღირებულებებზე და უტყუარ ფაქტებზეც კი ვეღარ ახერხებენ კონსენსუსის მიღწევას, მდგომარეობა უკვე საშიშ სტადიაში გადადის. „ჩვენს საზოგადოებაში ხშირად ვხედავთ, რომ კონკრეტული ქმედება მაშინ იწვევს აღშფოთებას ან მოწონებას, თუ ეს მიბმულია იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც მოგვწონს. იგივე საქციელს სხვა თუ ჩაიდენს, ჩვენი რეაქცია იცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიბმული ვართ ინდივიდებზე და არა ღირებულებებზე და ეს არის სერიოზული პრობლემა არა მხოლოდ სტაბილურობისთვის, არამედ განვითარებისთვისაც. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ საპარლამენტო ტრიბუნა, ან სხვა პლატფორმები იმისთვის კი არ გამოიყენება, ითქვას რა პრობლემა გვაქვს და როგორ მოვაგვაროთ, არამედ ერთმანეთთან დაპირისპირებითვის და ერთმანეთისთვის ტალახის სროლისთვის,“- გვეუბნება ანა ნაცვლიშვილი.

როგორ შეიძლება გაირღვეს პოლარიზაციის წრედი და არის თუ არა ეს შესაძლებელი საერთოდ? ამ კითხვაზე პასუხის ძიებისას ის ადამიანები უნდა გავიხსენოთ, ვინც ჩვენი საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვან სეგმენტს ქმნის და ამავდროულად, თავს არ მიაკუთვნებს არც ერთ პოლიტიკურ პოლუსს. ადამიანების ეს კატეგორია საკუთარი ინტერესების ასახვას ვერც ერთ პოლიტიკურ აქტორში და მედია საშუალებაში ვერ ხედავს. „სწორედ ეს ხალხი აღარ უნდა დარჩეს პასიურად და უფრო ხმამაღლა უნდა უთხრან პოლიტიკოსებს იმის შესახებ, რომ მათთვის მიუღებელია საქმის დავიწყება და მხოლოდ ერთმანეთზე გადაკიდება, მედიასაც მკვეთრად მოსთხოვონ სტანდარტების დაცვა“,- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ფერნანდო კასალ ბერტოა, პროფესორი ნოთინგჰემის უნივერსიტეტიდან "ამერიკის ხმასთან" აცხადებს: „რიგითმა მოქალაქეებმა პოლიტიკური პარტიები უნდა დაინახონ, როგორც იდეოლოგიური წარმომადგენლობები, უნდა დაივიწყონ პერსონები და შეხედონ პარტიების პოლიტიკას, პროგრამებს. მნიშვნელოვანია ამომრჩეველმა გააცნობიეროს, რა დიდი მნიშვნელობა აქვს, თავად იყოს ინფორმირებული. ეს ყველაფერი საქართველოში, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ამავდროულად, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს განსხვავებულ ხედვებს. აქ, ამ ქვეყანაში ხალხი არჩევნებზე მიდის იმისთვის, რომ ხმა მისცეს ან სააკაშვილს, ან ივანიშვილს, პარტიას კი არა, პერსონებს. პოლიტიკური პოლარიზაციის პროცესს ევროპაშიც ვაკვირდებით, თუმცა იქ პოლარიზება უფრო მეტად იდეოლოგიურ ხასიათს ატარებს, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც ეს პროცესი პერსონალიებითაა შთაგონებული.“

ციფრულ ეპოქაში გადასვლა საზოგადოების წინაშე განსხვავებულ გამოწვევებს წარმოჭრის. პროცესს, როდესაც ყველა აღჭურვილია სმარტფონით და შეუძლია იყოს ინფორმაციის გამავრცელებელი, სარგებელთან,ზიანის მოტანაც შეუძლია, - მიიჩნევს ლაშა ბაქრაძე, ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. ამერიკის ხმასთან ის ამბობს: „არის დამოკიდებულება, როდესაც ყველაფერი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. მაგალითად, ეტაბლირებული პოლიტიკური პარტიები, პარლამენტი, საზოგადოებრივი სტურქტურები, მათ შორის მედიაც. გერმანიაში, ეტაბლირებულ, სერიოზულ მედიას ტყუილების გამავრცელებელს უწოდებენ, რის ალტერნატივადაც აღიქმება ეგრეთ წოდებული სახალხო ჟურნალისტიკა. ყველას შეუძლია გადაღება სმარტფონით, ინფორმაციას ვიღებთ „პირველი ხელიდან“, არა გაფილტრულს, არა ცენზურა გავლილს, არა გალამაზებულს და ვხედავთ როგორ იზრდება ბლოგებისა და საიტების რაოდენობა, რომლებიც ეგრეთ წოდებულ, ალტერნატიულ სიმართლეს გვთავაზობენ. ადამიანი ასეთ სივრცეში ძალიან იბნევა“. როგორ უნდა გადაამოწმოს ინფორმაცია რიგითმა ამომრჩეველმა და რამდენად მოსახერხებელი და მარტივი შეიძლება იყოს ეს პროცესი?

ლაშა ბაქრაძე ამბობს: „როგორც წესი, ინფორმაციის გადამოწმებისთვის ჩვეულებრივ ადამიანს არც დრო აქვს, არც სურვილი და არც იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა მოახერხოს ეს, ამიტომაც, დაბნეულობა მატულობს და საზოგადოება იშლება პატარ-პატარა ჯგუფებად, რომლებიც რაღაცას „ირჩევენ“ ინფორმაციის ზღვაში. საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი ხელს უწყობს პოპულისტური ჯგუფებისთვის სულებზე თევზაობას და შეგროვებას პოპულისტური იდეების გარშემო.“

ამგვარ ვითარებაში ადგილი აღარაა „შედარებით უკეთესი ჟურნალისტიკისთვის“, როგორც ლაშა ბაქრაძე ამბობს: „ჟურნალისტიკა, რომელსაც დრო, გამოძიება და კვლევა სჭირდება, ნაკლებადაა წარმოდგენილი. სწრაფად იწერება ინფორმაცია, მოსაზრებები მის შესახებ და ადამიანს მცირე შესაძლებლობაღა რჩება იმისთვის, რომ გაარჩიოს მართალი სრული ტყუილისგან ან ნაწილობრივი ტყუილისგან“, - გვეუბნება ლაშა ბაქრაძე და ამატებს, რომ ამგვარი მოცემულობა სერიოზულ პრობლემებს წარმოქმნის.

2020 საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და გარდამტეხი არჩევნების წელია. პოლიტიკური აქტორები და მედია ძველებურად რადიკალური და მკვეთრია. არსებული ვითარება პოლიტიკური პოლარიზაციის ხარისხის შემცირების ტენდენციის ნიშნებს საერთოდ არ იძლევა. ცვლილებების გარეშე კი, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, პოლიტიკურ ცხოვრებაში პროგრესის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG