ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლარული ყინულის დნობის შედეგი


ჩრდილოეთ პოლუსზე ყინული შემაშფოთებელი სისწრაფით ქრება, ზოგიერთი მკვლევარი ბოლოდროინდელ ექსტრემალურ ამინდს ამ ფაქტს უკავშირებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:27 0:00
ბმული

რათგერსის უნივერსიტეტის კლიმატის მკვლევარი ჯენიფერ ფრენსისი ამბობს, რომ გასული სამი ათწლეულის განმავლობაში, ჩრდილოეთ პოლუსთან ყინულის მასა განახევრდა.

„შემდეგ, ყინულის სისქესაც თუ გავითვალისწინებთ, ჩვენ დავკარგეთ ზღვის ყინულის მასის თითქმის სამი მეოთხედი. არქტიკაში დაუჯერებელი სიდიდის ცვლილებები ხდება.“

იმავდროულად, გასულ ათწლეულში, ჩრდილოეთ ნახევარსფერო დაუჯერებელი ამინდის მოწმე გახდა. ამის ზოგიერთი მაგალითია სარეკორდო სიცხის ტალღები და გვალვები ჩრდილოეთ ამერიკაში და ევროპაში და დამანგრეველი წყალდიდობები აღმოსავლეთ აზიაში.

ჩნდება კითხვა, ეს ყველაფერი ერთმანეთთან ხომ არაა დაკავშირებული?

ფრენსისმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს ჩრდილოეთ განედების ბოლო 30 წლის ამინდის მონაცემები და არქტიკული ყინულის და თოვლის საფარის გაზომვების შედეგები.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მაშინ, როცა ნებისმიერი წლის ზაფხულის პერიოდში ნაკლები ყინული და თოვლი აღინიშნებოდა, ყველაზე მეტად მოსალოდნელი იყო სიცხის ტალღების წარმოშობა.“

გამოკვლევის შედეგები მათ გამოაქვეყნეს ჟურნალში: „ნეიჩერ ქლაიმით ჩეინჯ“ Nature Climate Change (ბუნების კლიმატის ცვლილება).

ფრენსისი ამბობს, რომ ყინულის და თოვლის საფარის დაკარგვა გავლენას ახდენს მაღალ სიმაღლეზე მქროლ ქარებზე, რასაც „ჯეთ სთრიმს“ უწოდებენ და რომლებიც ამინდის რუკას ქმნიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.

„ჯეთ სთრიმი“ წარმოიქმნება არქტიკასა და ზომიერ სარტყელებს შორის ტემპერატურის სხვაობის ხარჯზე. რაც უფრო დიდია სხვაობა, უფრო სწრაფია „ჯეთ სთრიმიც“.
მაგრამ ფრენსისი აღნიშნავს, რომ არქტიკა პლანეტის დანარჩენ ნაწილებთან შედარებით ორჯერ უფრო სწრაფად თბება.

„თუ არქტიკას სწრაფად დავათბობთ, ეს ტემპერატურის სხვაობას ამცირებს და „ჯეთ სთრიმსაც“ ასუსტებს.“

მისი თქმით, დასუსტებული „ჯეთ სთრიმი“ ტალღოვანი ხდება. წარმოიდგინეთ ჭავლი, რომელიც მთიდან ქვემოთ ეშვება. რაც უფრო დამრეცია ფერდობი, ჭავლი უფრო სწორ ხაზზე და უფრო სწრაფად მოძრაობს. დაბლობზე იგივე ჭავლი შეიძლება დაიკლაკნოს.

როცა „ჯეთ სთრიმი“ იკლაკნება, ის ცხელ ამინდს მიიზიდავს ტროპიკებიდან ან ცივ ამინდს არქტიკიდან.

„როცა ეს ტალღები იზრდება, ის ანელებს მოძრაობას დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით. როცა ეს შენელება ხდება, დედამიწის ზედაპირზე მათ მიერ შექმნილი ამინდიც უფრო ნელა იცვლება.“

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიცხის ტალღები, უეცარი აცივებები და კოკისპირული წვიმები უფრო დიდ ხანს გრძელდება.


ექსეთერის უნივერსიტეტის კლიმატის მკვლევარი ჯეიმს სქრინი ერთ-ერთია, რომელიც ამაში არ არის დარწმუნებული.

სქრინი ამბობს, რომ ახალი კვლევა, მათემატიკური ანალიზის მიხედვით, პლანეტაზე მხოლოდ რამდენიმე გაფანტულ ტერიტორიას აჩვენებს, სადაც მნიშვნელოვანი კავშირია ზღვის ყინულის დნობასა და სიცხის ტალღებს შორის.

„ეს მიანიშნებს, რომ ურთიერთკავშირი საკმაოდ სუსტია, ან სინამდვილეში ეს შეიძლება გადაითარგმნოს ისე, რომ ურთიერთკავშირი საერთოდ არც არსებობს.“

სქრინი ამბობს, რომ მკვლევარებმა მხოლოდ ახლა დაიწყეს, არქტიკის დნობის მსოფლიო ამინდზე გავლენის შესწავლა.

„ეს პოპულარული თემაა, მაგრამ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. ჯერ კიდევ დასადგენია, ახდენს თუ არა არქტიკის ყინული გავლენას ამინდის ექსტრემალურ გამოვლინებებზე.“

ეს კვლევის მნიშვნელოვანი სფეროა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ნახშირორჟანგის გამოყოფის ახლანდელ პირობებში, არქტიკაში მეტი დნობაა მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG