პენტაგონი აცხადებს, რომ თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიურ უთანხმოებას ერთობლივ სამხედრო ოპერაციებზე არ უმოქმედია. მათ შორისაა ერთობლივი ბრძოლა ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში.
„შემიძლია დავადასტურო, რომ მოვლენების ამგვარ განვითარებას არ მოუხდენია გავლენა ჩვენს ოპერაციებსა და პერსონალზე“ - უთხრა პენტაგონის პრეს-სპიკერმა, პოლკოვნიკმა რობერტ მანინგმა ჟურნალისტებს სამშაბათს. მისივე განცხადებით, შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს და მათ ოპერაციებს, რომლებიც თურქეთის ტერიტორიიდან თუ მის მეზობლად მიმდინარეობს, სრული მხარდაჭერა აქვს ამ უკანასკნელის მხრიდან და ანტიტერორისტული ქმედებები გრძელდება.
მანინგმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის საჰაერო ძალების ბაზა ინჩირლიყში კვლავ ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნატოსა და კოალიციის ძალისხმევაში ტერორიზმის დასამარცხებლად.
ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ წლებია ამერიკის ლიდერობით მოქმედი კოალიცია თურქეთის ინჩირლიყის საჰაერო ბაზას იყენებს. სწორედ აქედან ხდება საჰაერო თავდასხმები "ისლამური სახელმწიფოს" ბაზების წინააღმდეგ სირიაში და ჩრიდლოეთ ერაყში. თურქეთის ბაზის ინფრასტრუქტურას ამერიკის შეიარაღებული ძალები ორივე ქვეყანაში მიმდინარე ოპერაციების დროს აქტიურად იყენებენ. თურქეთის საჰაერო სივრცეს იყენებენ ასევე დასავლური ძალები "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ხმელთაშუა ზღვიდან განხორციელებული საჰაერო მისიებისას.
ამერიკასა და თურქეთს შორის სამგზავრო მიმოსვლის შეჩერება ნატოს მოკავშირეებისთვის უსიამოვნო აღმოჩნდა. გასულ კვრას თურქეთმა დააპატიმრა ამერიკის საკონსულოს თანამშრომელი და თურქი ეროვნების პირი, რომელიც დაადანაშაულა ფეთულა გულენთან მუდმივ კავშირში. ამ უკანასკნელს კი ოფიციალური ანკარა ე.წ. ტერორისტული ქსელის მმართველად მიიჩნევს, რომელიც გასულ წელს პრეზიდენტ ერდოღანის წინააღმდეგ ამბოხის მოწყობას ცდილობდა. დაპატიმრების შემდეგ ამერიკის საელჩომ ანკარაში განაცხადა, რომ ის დროებით შეაჩერებდა არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესს. პასუხად იგივე გააკეთა თურქულმა მხარემაც.
ამერიკის დაზვერვის სამსახურებისთვის ვაშინგტონსა და ანკარას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა სიახლე ნამდვილად არ ყოფილა. თურქეთმა არაერთხელ გამოხატა იმედგაცრუება და უკმაყოფილება იმით, რომ ფეტულა გულენის ექსტრადირების თაობაზე შეერთებული შტატები ანკარას უარს ეუბნება. გარდა ამისა, თურქეთს ის ფაქტიც აწუხებს, რომ შეერთებული შტატები სირიელ ქურთებს უჭერს მხარს, ეს უკანასკნელნი კი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ არც თუ წარუმატებლად იბრძვიან. გასულ წელს გამოქვეყნებული შეფასებებით, რომლებიც ამერიკის დაზვერვის სააგენტოებმა გააკეთეს, ანკარას მიაჩნია, რომ შეერთებული შტატების ქმედებები აძლიერებს თურქეთის მტრებს და მათ, ვინც ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ასევე, საყურადღებოა თურქეთისა და რუსეთის ბოლოდროინდელი მოლაპარაკებები იარაღის შესყიდვისა და სირიაში დეესკალაციის ზონების მოწყობის თაობაზე. უსაფრთხოების ექსპერტები შეშფოთების საგნად მიიჩნევენ იმას, რომ ნატოს ორი უძლიერესი წევრი სახელმწიფო ერთმანეთთან დაპირისპირების ზღვარზეა.
Facebook Forum