ოთხშაბათს შეერთებულ შტატებში პერლ ჰარბორზე იაპონელთა თავდასხმის 70 წლისთავს აღნიშნავენ, რამაც მეორე მსოფლიო ომში ამერიკის ჩაბმა გამოიწვია.
1941 წლის 7 დეკემბერს იაპონელები ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე განლაგებულ ამერიკელთა სამხედრო-საზღვაო ბაზას დაესხნენ თავს. დღევანდელ სამგლოვიარო ცერემონიაში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და ამ თავდასხმას გადარჩენილი ამერიკელი სამხედროები იღებენ მონაწილეობას.
ვაშინგტონში პრეზიდენტი ობამა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე მიაგებს პატივს პერლ-ჰარბორის გმირებს.
იაპონელი მილიტარისტების მიერ განხორციელებული ამ თავდასხმის შედეგად 4 ამერიკული სამხედრი ხომალდი და ასობით თვითმფრინავი განადგურდა. დაიღუპა 2400 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი.