პალესტინელები ისრაელს იერუსალიმში ამერიკის საკონსულოს გახსნის დაპირების დარღვევაში ადანაშაულებენ. ეს ნაბიჯი სადავო ქალაქში ვაშინგტონის უმთავრეს დიპლომატიურ მისიას აღადგენდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა გასულ უქმეებზე თქვა, რომ იერუსალიმი კიდევ ერთი ამერიკული მისიის ადგილი არ არის.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იერუსალიმში მდებარე საკონსულო, რომელიც პალესტინელებისთვის ამერიკის ერთგვარი დე-ფაქტო საელჩო იყო, გააუქმა. სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მისი გახსნის პირობა დადო. ამ ნაბიჯით ისრაელი უკმაყოფილო იყო და აცხადებდა, რომ ეს ქალაქზე მის სუვერენიტეტს ეჭვქვეშ დააყენებდა. თუმცა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით განაწყენებულ პალესტინელებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ახალი ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი შესაძლოა მნიშვნელოვანი ყოფილიყო.
პალესტინელთა საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საკონსულოს თავიდან გახსნას ისინი მიიჩნევენ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის ნაწილად, რათა დასრულდეს ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიების ათწლეულოვანი ოკუპაცია.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი კი პოზიციას არ ცვლის და ამბობს, რომ იერუსალიმში კიდევ ერთი ამერიკული მისიის ადგილი არ არის და რომ იერუსალიმი მხოლოდ ერთი ქვეყნის - ისრაელის დედაქალაქია. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისიც თქვა, რომ ამერიკის საკონსულო შესაძლოა, პალესტინელთა ადმინისტრაციულ ცენტრში, დასავლეთ სანაპიროზე, რამალაში გაიხსნას. თუმცა, პალესტინელები ამის წინააღმდეგნი არიან.
Facebook Forum