ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შარიფი თალიბებთან მოლაპარაკებისთვის მზადაა


ყოფილი პრემიერის აზრით, დღესდღეობით პაკისტანის ყველაზე სერიოზული გამოწვევა ტერორიზმია

ორშაბათს პაკისტანის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა, რომლის პარტიამ საბოლოო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, ადგილობრივ ექსტრემისტ თალიბებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდა.

შარიფმა ლაჰორში პაკისტანის მუსლიმთა ლიგის პარტიის წინაშე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყნის ყველაზე სერიოზული გამოწვევა დღესდღეობით ტერორიზმია.

შარიფის აზრით, ვიდრე პაკისტანში მშვიდობა არ დამყარდება, ეროვნული ეკონომიკის გაძლიერება და ენერგოკრიზისის დაძლევა შეუძლებელია.
ნავაზ შარიფს წარსულში მთავრობასა და მეამბოხეთა შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დიდი გამოცდილება აქვს. მაგრამ ორშაბათს საჯაროდ გაკეთებული განცხადება პირველია საპარლამენტო არჩევებში მისი პარტიის გამარჯვების შემდეგ.

შარიფის განცხადებით, იგი დიდი ხანია მოუწოდებს ამბოხებულებს, სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ, რადგან იარაღითა და ტყვიით ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია.

შარიფს მხედველობაში ჰყავს "თეჰრიქ ე თალიბანის" დაჯგუფება, რომელიც პაკისტანის სახელწიფოსთან დაპირისპირებულ ისლამისტურ დაჯგუფებებთან ალიანსში იმყოფება.

შარიფის განცხადებით, ამ ომმა 40,000-ზე მეტი პაკისტანელის სიცოცხლე შეიწირა და ქვეყნის ეკონომიკას მილიარდობით დოლარის ზარალი მიაყენა.

ნავაზ შარიფი ცუდს ვერ ხედავს იმაში, რომ მეამბოხეებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს -“ეს ქვეყანას მშვიდობას მოუტანს და ჩემი აზრით ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა,“-ამბობს ყოფილი პრემიერი.

პაკისტანი შეერთებულ შტატებთან ერთად ჩრდილო-დასავლეთ ავღანეთში თალიბთა ბაზებზე ანტი-ტერორისტულ კამპანიას აწარმოებდა. ეს კამპანია ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში გახშირებული ტერორისტული აქტების წინაღმდეგ იყო მიმართული.

მედიის ბოლო ინფორმაციით, თალიბთა პრესცენტრმა განაცხადა, რომ თუ ნავაზ შარიფის პარტია სამშვიდობო მოლაპარაკებებს სერიოზულად წარმართავს, ცეცხლის შეწყვეტა შესაძლოა გამოცხადდეს,

კრიტიკოსები პაკისტანის და თალიბთა მოლაპარაკებების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი. მათი თქმით, წინა მოლაპარაკებებმა მხოლოდ ამბოხებულთა ჯგუფების გადანაწილება გამოიწვია.

პაკისტანში ნავაზ შარიფს კონსერვატორ მუსლიმად მიიჩნევენ. მისთვის მემარჯვენეთა მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. შარიფის მართველი პარტია სავარაუდოდ ფედერალურ დონეზე და ოთხ პროვინციაში სტაბილურ სახელმწიფოს ჩამოაყალიბებს. ამ ოთხ პროვინციაში ფენჯაბიც შედის, რომელიც პაკისტანის დასაყრდენ ტერიტორიას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG